ENG

საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა ეროვნულ ბანკს ხელს შეუშლის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში

28 მაისი, 2015

 

პარლამენტი ამჟამად განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოდ ჩამოყალიბების თაობაზე.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სააგენტო, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბდება, ეროვნული ბანკის სისტემის ნაწილი იქნება, თუმცა ამას  მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება, რადგანაც ეროვნულ ბანკს კონტროლის არავითარი პრაქტიკული ბერკეტი აღარ ექნება. კანონპროექტი და თავად ინიციატივის ერთ-ერთი ავტორიც ადასტურებს, რომ სააგენტო აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია ეფექტური და დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობით, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვისკენ.

საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მნიშვნელოვანი ხარვეზი გააჩნია. გაუგებარია, როგორ შეიძლება ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა საბანკო ზედამხედველობის გარეშე, ვინაიდან საბანკო ზედამხედველობა მოიცავს კაპიტალის ადეკვატურობის, გარე შემოწმების, აქტივების კლასიფიკაციის, საოპერაციო რისკების მართვის და სარეზერვო მოთხოვნების საკითხებს და სხვა, რაც პირდაპირ განაპირობებს ფინანსური სექტორის სტაბილურობას. ამდენად, საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა ეროვნული ბანკს ხელს შეუშლის თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში.

ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემულ საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაში არ არის ნახსენები ის მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გამოიკვეთა, როდესაც ცხადი გახდა საბანკო ზედამხედველობის ცენტრალური ბანკებისგან გამოყოფის მანამდე გავრცელებული პრაქტიკის სისუსტეები. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ევროპის ცენტრალურ ბანკს დაემატა საბანკო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია, ხოლო ინგლისის ბანკში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკია, კვლავ მოხდა მონეტარული ფუნქციების და ფინანსური ზედამხედველობის გაერთიანება.

აღსანიშნავია ასევე ის კონტექსტი რა დროსაც მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება. იგი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში ბანკების როლის შესახებ სპეკულაციებს მოჰყვა, რომლებიც პირველ რიგში მმართველი კოალიციის ლიდერების მხრიდან გაჟღერდა. ასევე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ისმოდა ბრალდებები სავალუტო კრიზისში ეროვნული ბანკის როლთან დაკავშირებით. ამასთან, ორმა საპარლამენტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში კომერციული ბანკების როლი ჯერჯერობით მხოლოდ სპეკულაციების საგანს წარმოადგენს, ვინაიდან არ არსებობს პროცესში კომერციული ბანკების მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო ბაზარზე კონკრეტული ბანკების მიერ გაკეთებული მოთხოვნები კლიენტების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, ხოლო ბანკის კლიენტებს ამ მოთხოვნებს მათი ეკონომიკური ინტერესები კარნახობს. შესაბამისად, გაუგებარია ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში კომერციული ბანკების დადანაშაულება, რომელთაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება პრობლემებს თავადაც უქმნის.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ეროვნული ბანკის ფუნქციების შეკვეცას ცდილობს. დაახლოებით ერთი წლის წინ კრიტიკის საგანი გახდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში გადაცემა.

ხელისუფლებას არგუმენტად მოჰყავს 2008 წელს ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა, კერძოდ საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტების საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სახით გამოყოფა. მიგვაჩნია, რომ ეს არგუმენტი არარელევანტურია, რადგან ზემოაღნიშნული დეპარტამენტები 2009 წელს ისევ შეურთდა ეროვნულ ბანკს და ამით დაშვებული შეცდომა გამოსწორდა. წინა ხელისუფლების დროს საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის ჩამორთმევა კომერციულ ბანკებზე უკანონო ზეწოლასთან დაკავშირებით არაერთ კითხვას აჩენდა. ამდენად, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ მისი წინამორბედის შეცდომა არ გაიმეოროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ გასულ წელს ფინანსური მონიტორინგისა და ამჟამად საბანკო ზედამხედველობის ფუნქციების ჩამორთმევა ცალსახად ეროვნული ბანკის დასუსტებას ისახავს მიზნად. პოლიტიკური მოსაზრებებით და არა პრაქტიკული საჭიროებებით ნაკარნახევი საკანონმდებლო ინიციატივები ხელს ვერ შეუწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ინიციატივა სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტულ პიროვნებებთან, რომლებიც მმართველ გუნდს შეიძლება მოწონდეს ან არ მოწონდეს.

მიგვაჩნია, რომ:

  • აღნიშნული ინიციატივის მიღების შემთხვევაში ეროვნულ ბანკი ვერ მოახერხებს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

  • ქართული საბანკო სექტორი, როგორც არაერთი შეფასება ადასტურებს, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე წარმატებული სფეროა. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნული ბანკის ეფექტურმა ზედამხედველობამ და საბანკო სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებამ. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის შეფასებით (ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამა, FSAP), „მნიშვნელოვანი რეფორმებისა და კონსერვატიული მიდგომების შენარჩუნების შედეგად ეროვნულმა ბანკმა დანერგა ყოვლისმომცველი, მოწინავე და რისკებზე ორიენტირებული საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც ორიენტირებულია რისკების ადრეულ ფაზაზე იდენტიფიცირებასა და რესურსების ყველაზე ეფექტიანად განაწილებაზე.“ ამდენად, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ამ უმნიშვნელოვანესი როლის ჩამორთმევა მიუღებელია;

  • კონსტიტუციის 95-ე მუხლის მიხედვით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მისის უფლება - მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით. ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა არის ქვეყანაში საფინანსო რეგულირების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც აუცილებლად მოითხოვს თავად ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებს. როგორც თავად ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა აღნიშნა, ამგვარი კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან არ გამართულა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინიციატივის პოლიტიკურ კონტექსტს და კონსტიტუციასთან შეუსაბამობას;

  • ახალი სააგენტოს შექმნა გამოიწვევს დამატებითი დანახარჯების გაწევას, რასაც, როგორც კანონპროქტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი გაიღებს და არა მთავრობა. საზოგადოებას და პარლამენტს შევახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის სახსრები სწორედ ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობისთვის აუცილებელ რესურსს წარმოადგენს, რასაც ისევე ჭირდება მოფრთხილება, როგორც მთავრობის ფინანსურ რესურსს;

  • ლარის კურსის ცვლილების გამო მთავრობის ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეეხება იმ ინსტიტუტებს, რომლებსაც პოზიტიური მოლოდინების შექმნა შეუძლია, განსაკუთრებით ფაქიზად უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან ნებისმიერმა არამართებულმა ქმედებამ შესაძლოა საბანკო სექტორის მიმართ ნდობა შეარყიოს.

Author: მიხეილ კუკავა