საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან

15 თებერვალი, 2024

2024 წლის 9 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლითაც  ცესკოს დაკომპლექტების წესი კიდევ ერთხელ იცვლება იმ პირობის საწინააღმდეგოდ, რომელიც ევროკომისიამ ჩვენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ დაუწესა. ცვლილებები არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის არცერთ რეკომენდაციას, კვლავ შენარჩუნებულია ცესკოს თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევაზე ერთპარტიული კონტროლი და უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ის პოსტი, რომელიც ოპოზიციისთვის არის  განკუთვნილი.

საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი

ზემოაღნიშნული ცვლილებების ინიცირებამდე, 2023 წლის ივნისში პარლამენტს უკვე შეცვლილი ჰქონდა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, რომლითაც საბოლოოდ გაუქმდა ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში მიღებული ცესკოს დაკომპლექტების მოდელი: კანდიდატების კონკურსის ჩატარებისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის მაგივრად პარლამენტის თავმჯდომარესთან გადავიდა, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის/წევრების სრული ვადით არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) გახდა შესაძლებელი. ამ ცვლილებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჯერ კიდევ კანონპროექტის ეტაპზე აკრიტიკებდა.

მიმდინარე, უკვე მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, შესწორებები შედის საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომელთა თანახმადაც, მას შემდეგ, რაც პარლამენტის სპიკერი წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარობის/წევრობის კანდიდატს, მის ასარჩევად პარლამენტს პირველ კენჭისყრაზე პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერა დასჭირდება; მაგრამ თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი  76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში  ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე/წევრი დაბალი კვორუმით არჩევის შემთხვევაშიც სრული ვადით, 5 წლით, დაინიშნება.

ცვლილებებით აგრეთვე უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ორი მოადგილიდან იმ მოადგილის პოსტი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვის არის განკუთვნილი. მოქმედ მოადგილეს - პარტია „ლელოს“ წარმომადგენელ გიორგი სიორიძეს უფლებამისილება კანონის ამოქმედებისთანავე შეუწყდება.

ამრიგად, კანონპროქტით ცესკოს არაპარტიული ნაწილის დაკომპლექტების წესი არსებითად არ იცვლება: იმ პირობებში, როდესაც მმართველ პარტიას პარლამენტში გააჩნია საკმარისი რაოდენობის წარმომადგენლობა იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარის/წევრების თანამდებობაზე 76 ხმით თავისთვის სასურველი კანდიდატები აირჩიოს, პარლამენტის ერთჯერადი 3/5-იანი კვორუმი და კანდიდატების არჩევის მეოთხე ეტაპზე პროცესში პრეზიდენტის შემოყვანა წმინდა ფორმალობად დარჩება და პრაქტიკაში ვერ გაზრდის ცესკოს მრავალპარტიული თანხმობით დაკომპლექტების შესაძლებლობას. მეორე მხრივ კი, ოპოზიციისთვის განკუთვნილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის გაუქმება მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტიის სრულ კონტროლს კომისიაზე.

 

ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის 2023 წლის 18 დეკემბრის ერთობლივი დასკვნა

კანონპროექტი, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა. კომისიამ ეუთო-ოდირთან ერთად კანონპროექტზე მოსაზრება 2023 წლის 18 დეკემბერს  გამოაქვეყნა.

ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის ერთობლივ დასკვნაში წარმოდგენილი იყო შემდეგი რეკომენდაციები:

  • ცესკოს თავმჯდომარის და არაპარტიული წევრების არჩევისას, კვორუმი პირველ რიგში უნდა შეადგენდეს პარლამენტის წევრთა 2/3-ს (100 ხმა), შემდგომი ჩიხის საწინააღმდეგო (anti-deadlock) მექანიზმით; კანდიდატების უბრალო ან აბსოლუტური უმრავლესობით არჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როგორც ჩიხიდან გამოსავალი საშუალება
  • უნდა გაიზარდოს ინტერვალი კენჭისყრებს შორის
  • კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის სპიკერიდან ისევ ქვეყნის პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს
  • პარლამენტის სპიკერის ან პრეზიდენტის მხრიდან კანდიდატების წარდგენა ან წარდგენაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს
  • აღდგეს ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის პოსტი, რომელიც ოპოზიციისთვის იყო განკუთვნილი
  • ცესკოს იმ თავმჯდომარის ან წევრის უფლებამოსილების ვადა, რომლებიც არ არიან არჩეული სრული კვორუმით, ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად მოკლე უნდა იყოს[1]

ჩამოთვლილი რეკომენდაციები კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებულ ვერსიას ეხებოდა. თუმცა, პარლამენტმა მეორე მოსმენით ისე მიიღო კანონპროექტი, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის არცერთი ზემოაღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

 

დასკვნა

გარდა იმისა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას, ის ასევე წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯთან,[2] რომლებიც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას მოითხოვს. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში,  გააგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, შეუნარჩუნებს მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას და სრულ კონტროლს საარჩევნო ადმინისტრაციის მთელს ვერტიკალზე.

მიგვაჩნია, რომ არსებული სახით კანონპროექტის მიღება ხელს არ შეუწყობს ელექტორატის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლებას და მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს  თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ასევე, შესაძლოა, კანონპროექტმა სერიოზულად შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.

მოვუწოდებთ:

  • საქართველოს პარლამენტს: უარი თქვას კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშავოს და დაამტკიცოს იმგვარი ცვლილებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან;
  • საქართველოს პრეზიდენტს: კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება.

 


[1] იხ. დასკვნის 57-ე პარაგრაფის A-F პუნქტები

[2] Მე-4 ნაბიჯი: Ensure a free, fair and competitive electoral process, notably in 2024, and fully address OSCE/ODIHR recommendations. Finalise electoral reforms, including ensuring adequate representation of the electorate, well in advance of election day.

მე-5 ნაბიჯი: Further improve the implementation of parliamentary oversight notably of the security services. Ensure institutional independence and impartiality of key institutions, notably the Election Administration, the National Bank, and the Communications Commission. იხ. სრულად: https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2023-11/COM_2023_690%20Communication%20on%20EU%20Enlargement%20Policy_and_Annex.pdf