ENG

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ისტორია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

17 ნოემბერი, 2015

 

2012 წლის 4 ოქტომბერს, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების” გამარჯვებიდან სამი დღის შემდეგ,  „რუსთავი 2“-ის 40% დავით კეზერაშვილის კომპანია „მედია ჯორჯიაზე” 500,000 აშშ დოლარად გასხვისდა. თავის მხრივ, კომპანია „მედია ჯორჯიამ“, რომელიც ამ გარიგებამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, წილები ხუთ დღეში გიორგი ყარამანიშვილს იგივე ფასად მიყიდა.

2012 წლის 5 ოქტომბერს „რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე (მათ ტელეარხი 1994 წელს ეროსი კიწმარიშვილთან ერთად დააარსეს) განცხადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც ისინი „რუსთავი 2”-ისთვის სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ.

2012 წლის 13 ნოემბრიდან „რუსთავი 2“ ძმებ ყარამანიშვილების მფლობელობაშია. ლევან ყარამანიშვილი წილების 22%-ს ფლობს, გიორგი ყარამანიშვილი კი - 18%-ს. „რუსთავი 2“-ის 51% ტელეკომპანია „საქართველოს“ ეკუთვნის, რომლის 60% ლევან ყარამანიშვილის, 40% კი გიორგი ყარამანიშვილის მფლობელობაშია. დარჩენილი 9% აწ გარდაცვლილი გიორგი გეგეშიძის მეუღლეს ეკუთვნის.

2012 წლის 15 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია გახდა.

2012 წლის 19 დეკემბერს გვარამია ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა 30,000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოგვიანებით სასამართლომ გვარამია წაყენებულ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნო.

2012 წლის 25 დეკემბერს “რუსთავი 2-ის” - ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა, ვრცელი პრესკონფერენცია გამართა და დეტალურად ისაუბრა პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე მედიაკავშირ „ობიექტივის” ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან.
ინტერვიუში, რომელიც ყოფილ პრემიერ მინიტრთან ირმა ინაშვილმა 2012 წლის აგვისტოში ჩაწერა, ივანიშილი საუბრობს „რუსთავი 2”-ის მეპატრონეობის საკითხზე, ეროსი კიწმარიშვილის პოლიტიკურ ინტერესებზე, ეროსი კიწმარიშვილს და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის დაპირისპირებაზე და ტელეკომპანიის წილების ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ინტერესებზე.

ინტერვიუში იმ დროისათვის ოპოზიციის ლიდერი ივანიშვილი არ მალავს დადებით დამოკიდებულებას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიმართ და ასევე საუბრობს ეროსი კიწმარიშვილის მიერ „რუსთავი 2”-ის თანადამფუძნებლების დვალისა და აქიმიძის „გაცრუებაზე”.

„მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს, როცა „რუსთავი 2"-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხდოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც ისეთი, რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს" - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი  პრესკონფერენციაზე.

2014 წლის 24 თებერვალს  შემოსავლების სამსახურმა „TV MR საქართველოს” შემოწმება დაიწყო. „TV MR საქართველო” არის ერთადერთი კომპანია, რომელიც უკვე წლებია საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს ოჯახებში განთავსებული „ფიფლმეტრებით” ზომავს. შემოსავლების სამსახური ორგანიზაციისაგან იმ ოჯახების ვინაობის გამხელას ითხოვდა, სადაც რეიტინგების მზომავი მოწყობილობები იყო განთავსებული.  

2014 წლის 17 მარტს “IPM მონიტორინგის” პარტნიორი გოჩა ცქიტიშვილი (“IPM მონიტორინგს” გოჩა ცქიტიშვილი (50%)  და “TV MR საქართველო” (50%) ფლობენ)  აცხადებს, რომ ფიფლმეტრების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელას მისგან ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენლები ითხოვდნენ: „მიზეზად მისახელებდნენ იმას, რომ ტელევიზიას აქვს დაბალი რეიტინგი, თუმცა მასში დახარჯულია დიდი თანხები“, - თქვა ცქიტიშვილმა თუმცა კონკრეტული ტელევიზია ან პიროვნება არ დაუსახელებია.

2014 წლის 19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „TV MR საქართველოს” შემოწმების პროცესს სარეკლამო შემოსავლების მქონე ტელეკომპანიების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებს.

გვარამიას მტკიცებით, თუ „TV MR საქართველო” გაამხელდა იმ ოჯახების ვინაობას, სადაც დამონტაჟებული იყო რეიტინგის მთვლელი აპარატურა, კომპანია  იძულებული გახდებოდა შეეცვალა აპარატურის განთავსების ადგილი. ეს პროცედურა დიდ დროს მოითხოვს. იმ პერიოდში, როცა რეიტინგები ვერ დაითვლებოდა „რუსთავი 2“-ის ბიუჯეტი განახევრდებოდა, რადგან რეკლამის განთავსება ტელეკომპანიის ეთერში მეტწილად, სწორედ რეიტინგებზეა დამოკიდებული.

2014 წლის 6 მაისს „რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ხელისუფლება მათ უკანონოდ უსმენდა დასტურად კი შსს-დან ანონიმურად მიწოდებული ვიოდეომასალები გაასაჯაროვა. ფარულ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია ნიკა გვარამიას და მისი მოადგილის ნინო შუბლაძის საუბარი.

2014 წლის 9 მაისს პროკურატურამ “რუსთავი 2”-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ უარყო გამოძიების ვერსია, რომლის თანახმადაც ფარული მიყურადების აპარატურა შესაძლოა წინა ხელისუფლების დროს ყოფილიყო დამონტაჟებული და ხელისუფლება ტელეკომპანიაში თავისი შიდა „აგენტების“ საშუალებით ფარული კამერების დამონტაჟებაში დაადანაშაულა. იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ნიკა გვარამიამ ხელისუფლების მიერ გადაღებული სხვა ფარული კადრების გასაჯაროებაც დააანონსა.  

2014 წლის 12 მაისს, იმის დასტურად რომ არსებული ხელისუფლების პირობებშიც ხორციელდება ფარული მიყურადება, „რუსთავი 2” ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნების ფარული მიყურადების მასალებს ასაჯაროებს.

აუდიო ჩანაწერები გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში”  გავიდა. გადაცემის თანახმად ჩანაწერები, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და გიგა ბოკერია, ასევე მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ფიგურირებენ 2013 წლით თარიღდება.  

2014 წლის 13 მაისს „რუსთავი 2”-ის დირექტორის მოადგილემ ნინო შუბლაძემ, რომელიც „რუსთავი 2-ში” გადაღებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებდა, არხი დატოვა. მან თავისი გადაწყვეტილების მიზეზად პირადი და ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. 2015 წლის ივლისში შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

2014 წლის 13 მაისს კამპანია „ეს შენ გეხება“ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უმოკლეს პერიოდში გადადგას ქმედითი ნაბიჯები და არაორაზროვნად გამოხატოს მტკიცე პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შეიცვალოს ფარულ თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებით არსებული არაჯანსაღი სისტემა.

2014 წლის 2 ივლისს ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა განცხადება “რუსთავი 2”-ის ნამდვილი მეპატრონისათვის გადაცემის შესახებ. კალაძის თქმით, მოვა დრო, როცა არხი თავის მეპატრონეს დაუბრუნდება.

2014 წლის 14 ივლისს გაზეთ “პრაიმ-ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ეროსი კიწმარიშვილი კალაძის განცხადებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მედიაზე კონტროლის დამყარების განზრახვაზე საუბრობს.

„ხელისუფლება ჩემს პარტნიორებთან გარკვეული ალიანსის გზით ცდილობს “რუსთავი 2”-ზე გავლენა მოიპოვოს. რა ტიპის და როგორი ალიანსის დამყარების მცდელობაა, არ ვიცი. ძალიან საინტერესო დეტალია კალაძის განცხადება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ტელევიზიას მისი მეპატრონე დაიბრუნებს... “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, შემიძლია პირდაპირ და ყოველგვარი ირონიის გარეშე გითხრათ, რომ თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება კლასიკური პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი. " - ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე” - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი

2014 წლის 15 ივლისს „რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშივილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.  

2015 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 65 ხმით 33-ის წინააღმდეგ “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.  ეს ცვლილებები რეკლამის რეგულაციას ეხებოდა.

„რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია ახალი რეგულაციების მიღების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა. მისი განცხადებით ახალი რეგულაციები სწორედ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან ცვლილება ყველაზე მეტად სწორედ „რუსთავი 2“-ს დააზარალებდა. გვარამია აცხადებდა, რომ არსებობდა რისკი “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე ტელევიზიას ყოველწლიურად 6 მილიონი ლარი დაეკარგა.  

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცლილებებსა და “რუსთავი 2”-ის განცხადებებზე კომენტარებს აკეთებდნენ მმართველი გუნდის წევრები:

გოგი თოფაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
„რუსთავი 2”-ს, რომელიც წლების მანძილზე არაობიექტურ შეფასებას აძლევს მოვლენებს, ცალმხრივია, ბუნებრივია, რომ რაღაც შეუზღუდეს.”

ზურაბ ტყემალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
„ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია, მათ შორის "რუსთავი 2-ის," გარდა ერთისა. მას პატარა ბავშვივით დაჩემებული აქვს, კიდევ ოთხი წელი მაბაირამეთო, მაგრამ არ შეიძლება, მომხმარებელიც უნდა იყოს დაცული და ევროდირექტივებთანაც უნდა ვიყოთ მიერთებული”

2015 წლის  17 ივლისს ქუთაისის მერიამ “რუსთავი 2”-ს უფასო კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა, მიზეზად კი მოედანზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაასახელა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ტელეკომპანიას უარი წერილობით მიუვიდა კონცერტამდე ერთი დღით ადრე, საგულისხმოა ისიც, რომ მიუხედავად სარემონტო სამუშაოებისა იმავე მოედანზე წინა პერიოდში რამდენიმე კონცერტი გაიმართა. გასართობი კონცერტებს, კომპანია საქართველოს მასშტაბით ატარებდა.

2015 წლის 30 ივლისს “რუსთავი 2”-მა კონცერტის ჩატარებაზე უარი მიიღო ფოთის მერიისაგან. უარის თქმის მიზეზად კონცერტისათვის სათანადო მოუმზადებლობა დასახელდა. იმავე დღეს “რუსთავი 2” -ს უარი ეთქვა ბათუმში ანბანის კოშკთან კონცერტის გამართვაზეც, მერიამ უარის მიზეზად იმავე ტერიტორიაზე სხვა ფესტივალის ჩატარება დაასახელა; “რუსთავი 2”-ის დირექტორმა მუნიციპალიტეტების გადაწყვეტას ანტიკონსტიტუციური უწოდა. შექმნილი პრობლემების მიუხედავად, არხმა კონცერტების ჩატარება ფოთსა და ბათუმში იმავე ლოკაციაზე, სხვა თარიღებში შეძლო;

2015 წლის 4 აგვისტოს ბიზნესმენი და “რუსთავი 2”-ის წილების ყოფილი მლობელი ქიბარ ხალვაში კომპანიის წილების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს. შელახული საკუთრების უფლებების აღდგენის მოთხოვნით ბიზნესმენმა სასამართლოს სარჩელით მიმართა. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, ხალვაშმა სასამართლოსგან “რუსთავი 2”-ის აქციების დაყადაღება მოითხოვა.  

2015 წლის 8 აგვისტოს სასამართლომ “რუსთავი 2”-ის ქონება დააყადაღა და ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება შეუზღუდა, რითაც კომპანიას შეეზღუდა ურთერთობა საბანკო სექტორთან, ასევე კომპანიის კუთვნილი ქონების გაქირავება.  

2015 წლის 1 ოქტომბერს ქიბარ ხლავაშის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ დააყადაღა შპს "ტელეკომპანია საქართველოს" 100%–იანი წილი. ყადაღის საფუძველი „ტელეკომპანია საქართველოს” წილების გასხვისების მცდელობა გახდა. ტელეკომპანია “საქართველო” გარიგების საფუძველზე 400 000 დოლარად უნდა გასხვისებულიყო, საკონტრაქტო პირობებში ასვე მითითებული იყო რომ მყიდველს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში 6 მილიონი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

შპს „ტელეკომპანია "საქართველოს" 100%-ს “რუსთავი 2”-ის მეწილეები, ძმები ყარამანიშვილები ფლობენ. თავის მხრივ, შპს “ტელეკომპანია "საქართველო" "რუსთავი 2"-ის 51%-ს ფლობს. საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულების თანახმად, შპს “ტელეკომპანია "საქართველოს” ყიდულობდა დიმიტრი ჩიქოვანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა.

2015 წლის 1 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილების დაყადაღებაზე, “რუსთავი 2-ის” დახურვის მცდელობა უწოდა.

2015 წლის 2 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი “რუსთავი 2”-ის პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. "როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს, ჩვენ ვართ პლურალისტური მედიასივრცის აქტიური მხარდამჭერები და არ გვინდა, რომ ვიხილოთ რაიმე სახის შეზღუდვები საქართველოში. გეტყვით, რომ ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ ყურადღებით დავაკვირდებით. მართალია, ორი კვირაა აქ ვარ, მაგრამ ამ თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და პარლამენტარებთან საუბარი უკვე მქონდა, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ საუბრისას ყოველთვის წამოვწევთ", - აღნიშნავს იან კელი.

2015 წლის 5 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს მოსამართლეზე ზეწოლად აფასებს და მოუწოდებს მხარეებს საქმის მშვიდ ვითარებაში განხილვისაკენ მოუწოდებს;

2015 წლის 7 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი მარკ ტონერი საქართველოში “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი განცხადებით, ქმედებები, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, შემაშფოთებელია. ტონერის თქმით, ამერიკა რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

2015 წლის 10 ოქტომბერს “კურიერში” სიუჟეტი გადის, რომელიც ურთმელიძის დედასა მის სიძეს შორის დაპირისპირებას ეხება. სიუჟეტის თანახმად, სავარაუდოდ მოსამართლის დედამ სიძე ნაჯახით დაჭრა.

„რუსთავი 2” - საქმის განმხილველ მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს უნდობლობას უცხადებს და მის აცილებლას ითხოვს. მოსამართლე ურთმელიძეს საქმის აცილებას ურჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

2015 წლის 13 ოქტომბერს “რუსთავი 2-ის” საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით განცახდებას აკეთებენ მთავრობის წევრებიც.  თეა წულუკიანმა მოუწოდა მხარეებს მოსამართლეს ოჯახური საკითხების გამორკვევის გარეშე აცადონ მუშაობა.

2015 წლის 19 ოქტომბერს მოსამართლე ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის იურისტების შუამდგომლობა თვითაცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

2015 წლის 21 ოქტომბერს ნიკა გვარამია ხელისუფლებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯროებით შანტაჟში ადანაშაულებს, გავარამიამ განცხადება 18:00-საათიან კურიერში გააკეთა, რომელიც უჩვეულო ფორმატით 11 წუთის დაგვიანებით გავიდა ეთერში, გავარამიამ განცხადება “რუსთავი 2-ის” სტუდიაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, დიპლომატების და უფლებადამცველების თანდასწრებით გააკეთა;

იმავე დღეს არასამთავრობო სექტორი, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” ხელისუფლებას მომხდარზე დროული და ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდებენ;

2015 წლის 22 ოქტომბერს გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა, გვარამიას განცხადებით იგი მზადაა დაასახელოს ე.წ შუამავალი, რომელსაც მისთვის მთავრობისგან მუქარისა და შანტაჟის შემცველი შეტყობინებები მიაქვს; გვარამიას დასახელებული მესენჯერი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი - 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანია, პროკურატურაში დაკითხვაზე მისულმა ახვლედიანმა “შუამავლობა” არა თუმცა ნიკა გავრამიასთან ოფისში შეხვედრა დაადასტურა;

2015 წლის 22 ოქტომბერს “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე განცხადებას აკეთებს პრეზიდენტი  მარგველაშვილი, იგი მოსამართლე ურთმელიძეს მოუწოდებს არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება;

2015 წლის 23 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მარკ ტონერი ბრიფინგზე “რუსთავი 2”-ის შესახებ აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი არხის დახურვა ან პოტენციური დახურვა საქართველოში მედიასივრცეს მნიშვნელოვნად შეავიწროვებს.

2015 წლის 29 ოქტომბერს უკრაინული საიტის მეშვეობით ვრცელდება ნიკა გვარამიასა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი, რომელშიც ექს-პრეზიდენტი და არხის გენერალური დირექტორი “რუსთავი 2”-ის დასაცავად საჭირო ღონისძიებების გატარებაზე საუბრობენ, კერძოდ: “რუსთავი 2”-ის ირგვლივ ბარიკადების მოწყობაზე, ხალხის მობილიზებაზე, რევოლუციური სცენარით“ მოქმედებაზე და, ასევე, შესაძლო ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ამავე დღესვე იმავე, საიტის მეშვებოით გიგა ბოკერიასა და სააკაშვილის საუბარის ჩანაწერიც გავრცელდა, რომლის თანახმადაც განიხილებოდა “რუსთავი 2”-ის თავდაცვის გეგმა, იმ შემთხვევაში თუ “რუსთავი 2”-ში ძალადობრივი შეჭრა მოხდება.

2015 წლის 30 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურეს. გვარამიამ განმარტა, რომ ბევრ ადამიანთან გადის კონსულტაციას, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა ყოველთვის არ იზიარებს მის პოზიციას. გვარამიამ კატეგორიულად უარყო შესაძლო გადატრიალების მცდელობის ორგანიზება “რუსთავი 2-ის” მხირდან; აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ორივემ პროკურატურას ჩვენება მისცა.

იმავე დღეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდგომ, სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით ტელეკომპანია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

2015 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო „რუსთავი 2-ის” სარჩელი, რითაც შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის ამოქმედების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ მოსარჩელე მხარეს, ქიბარ ხალვაშს, მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აძლევდა ყველა იმ უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, რომლითაც ტელეკომპანიის მეპატრონე სარგებლობს.

2015 წლის 2 ნოემბერს უკრაინული საიტის მეშვეობით კვლავ გავრცელდა სააკაშვილისა და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც საუბარია, რომ გვარამიამ უნდა გაააქტიუროს “რუსთავი 2”-ის კოლექტივი, ვინაიდან ახალი მეპატრონის მოსვლის შემთხვევაში მათ ყველას გაყრიან; გვარამია წინა ჩანაწერისგან განსხვაბებით, ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს.

2015 წლის 3 ნოემბერს “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, ქიბარ ხალვაშის შვიდი სასარჩელე მოთხოვნიდან დაუკმაყოფილდა მხოლოდ ორი. თუმცა დაკმაყოფილდა ის პუნქტები, რომელიც სწორედ მესაკუთრეობის საკითხს შეეხებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა 2006 წლის ნოემბერ-დეკემბერში შპს “საქცემენტსა” და “გეოტრანსთან” ხალვაშის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შედეგადაც “რუსთავი 2” 100% წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა;

სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ის ხარვეზები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებაში გამოიკვეთა, შემდგომ ინსტანციებში თავიდან იქნება აცილებული.

2015 წლის 5 ნოემბერს მოსამართლის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2”–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

მოსამართლე გადაწყვეტილებას მედიის ძირითადი ფუნქციის შეუსრულებლობით ასაბუთებს და განმარტავს, რომ არსებული მმართველის პირობებეში [ნიკა გვარამია] მედიის მიერ მისი ძირითადი დანიშნულების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„სასამართლო მიუთითებს, რომ არსებობს გარკვეული საფრთხე რომ დროებითი მმართველის დაუნიშნაობამ გარკვეულწილად, შეიძლება საგრძნობლადაც შეცვალოს მოპასუხის საქმიანობის ფორმატი. გაუქმდეს ან მოდიფიცირება განიცადოს რამდენიმე გადაცემამ, მათ შორის რეიტინგულმა და შესაბამისად, არსებობს საფთხე, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” -ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება შეიძლება გადატანილ იქნას მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. ეს არა მხოლოდ უარყოფიდათ აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება - იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე” - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინებას მოჰყვა არასამთავრობო სექტორის შეფასებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადება. ასევე, არაერთი გამოხმაურება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

2015 წლის 6 ნოემბერს დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ, ქიბარ ხალვაშმა და რევაზ საყევარიშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ დავის მოგების შემთხვევაში წილების ნახევარს აქიმიძეს და დვალს დაუთმობს. დროებითმა მმართველებმა გამორიცხეს ტელეკომპანიიდან თანამშრომლების გათავისუფლება და განაცხადეს, რომ “რუსთავი 2” კრიტიკულ მაუწყებლად დარჩება.

2015 წლის 11 ნოემბერს დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა განაცხადეს, რომ “რუსთავი 2”-ის მართვის უფლებას არხის გენერალური დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. უდუმაშვილმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

2015 წლის 12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან და გიორგი ყარამანიშვილის საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა „რუსთვი 2”-ის წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს, მათ შორის აღმასრულებელ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა წილებზე მოდავე მხარის, ქიბარ ხალვაშის საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც ხალვაში დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, დავით დვალს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2’’-ის წილებს გადასცემდა. ამ განცხადების საფუძველზე, სასამართლომ დავით დვალის, როგორც დავაში ინტერესების არმქონე პირის კანდიდატურა ეჭვქვეშ დააყენა.   

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

2015 წლის 12 ნოემბერს თავის მხრივ „რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველმა რევაზ საყევარიშვილმა საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით, რათა აღუდგეთ უფლებამოსილება კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას.

2015 წლის 13 ნოემბერს საკონსტიტუციოს სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გია და ლევან ყარამანიშვილების სარჩელი, რომლის მიხედვითაც, შეჩერდა იმ ნორმის მოქმედება, რომლითაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში დროებითი მმართველის დანიშვნისას იხელმძღვანელა.

 

ამავე თემაზე:

„გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ – „რუსთავი 2“-ის ისტორია

„რუსთავი 2”-ს წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მსხვილ ტელევიზიებს საგრძნობლად ჩამორჩება

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებას ეხმაურებიან

განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან დაკავშირებით

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა დაკავების და მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე

განცხადება 5 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შესახებ

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“