ENG

როგორ მუშაობენ საკრებულოს ფრაქციები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში?

25 მარტი, 2016

 

საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ ფრაქციაში, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.

ფრაქცია არის გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის გარშემო გაერთიანებული საკრებულოს წევრთა ჯგუფი, რომელიც საქმიანობას წარმართავს თვითმმართველობის კოდექსის, საკრებულოს რეგლამენტისა და ფრაქციის წესდების შესაბამისად. ფრაქციის შექმნის მთავარი მიზანი საკრებულოს წევრის იმ უფლებამოსილებების ეფექტიანი რეალიზებაა, რომელიც ამა თუ იმ საკითხის ინიცირების უფლებას, თანამდებობის პირთა თუ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენას, მუნიციპალური სამსახურების საქმიანობის შესწავლას და ა.შ. მოიცავს.

„საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო“ დაინტერესდა, თუ რამდენი ფრაქცია ფუნქციონირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ასევე, დროის რა მონაკვეთში ჩამოყალიბდნენ ისინი და რეგისტრაციიდან დღემდე რა საკითხების ინიცირება მოხდა ფრაქციების მიერ.

მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის 10 მუნიციპალიტეტის  საკრებულოებში 66 ფრაქცია ფუნქციონირებს, რომელთაგან 57 ფრაქცია 2014 წელს, 9 კი  2015 წელს  არის დარეგისტრირებული:

 

  • კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია მოიცავს პერიოდს ფრაქციის დაარსებიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით;

  • სენაკის, მესტიის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს და აბაშის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციებს დაარსებიდან 2016 წლის იავნრის მდგომარეობით არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენიათ;

  • ქალაქ ფოთის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ ერთი საკითხი იქნა ინიციირებული (“ქალაქ ფოთის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ანალიზი და ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ”);

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებმა: “თავისუფლება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქრისტიან-დემოკრატები” ერთობლივად მოახდინეს ერთი საკითხის ინიცირება, რომელიც საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შემოღებას ისახავდა მიზნად;

  • თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც ფრაქციების მიერ მხოლოდ ერთი საკითხი იქნა ინიცირებული; ფრაქცია “ქართული ოცნება - თავისუფალმა დემოკრატებმა” გამგეობის სამსახურებში განყოფილებების რაოდენობის ზრდის პროცესის გაკონტროლება მოითხოვეს;

  • რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკითხები ყველა ფრაქციის მიერ იქნა ინიცირებული. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ცხრილში:

 



“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

29 საკითხი

“ქართული ოცნება-რესპუბლიკელები”

11 საკითხი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

31 საკითხი

“ზუგდიდის მომავლისთვის” (ყოფილი ქართული ოცნება-დემოკრატები, კონსერვატორები)

11 საკითხი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს წევრები საკუთარ უფლებამოსილებას უასასყიდლოდ ახორციელებენ. თანამდებობრივ სარგოს იღებენ მხოლოდ შემდეგი თანამდებობის პირები: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციების თავმჯდომარეთა ხელფასი ცალკეულ მუნიციპალიტეტში 1350-1500 ლარია. ქალაქ ზუგდიდისა და ფოთის საკრებულოებში კი  2000 ლარი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების 2014 წლის მოწვევის საკრებულეობის 66 ფრაქციის თავმჯდომარეებზე 2016 წლის თებევრლამდე ხელფასის სახით 1 690 078.54 ლარი, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით კი  - 331 600 ლარი გაიცა.

 

როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხა იხარჯება ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურებაზე. გარდა ხელფასის, პრემიისა და დანამატისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ფრაქციის თავმჯდომარეების სარგებლობაშია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათთვის გამოყოფილია საწვავის ლიმიტი, ასევე ხარჯები სატელეფონო კომუნიკაციისათვის.

მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოებს ფრაქციების რაოდენობის რაიმე ზღვარი არა აქვთ დაწესებული. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში ზოგადი შინაარსისაა და ფრაქციის თავმჯდომარესა და მის წევრს არ უწესებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებებს.

მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციისა და მისი თავმჯდომარის საქმიანობა მიმართული იყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდაზე და უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“