ENG

როგორ მუშაობენ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები

19 დეკემბერი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმერეთის რეგიონში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შედეგებს და მათი მუშაობის ეფექტურობის ანალიზს.

2013 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს გაეგზავნათ წერილები, სადაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია მაჟორიტარის ან მისი ბიუროს მიერ მოქალაქეებთან გამართული საჯარო შეხვედრების და ამ შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტში ან მთავრობაში ინიცირებული პროექტების შესახებ. ასევე დავინტერესდით, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული თითოეულ ბიუროში და რა თანხით განისაზღვრება მათი სახელფასო ფონდი.  

მაჟორიტარი დეპუტატების - გუბაზ სანიკიძის (ქუთაისი), მანანა კობახიძის (საჩხერე), მალხაზ წერეთელის (ჭიათურა), გოგი ქავთარაძის (ზესტაფონი), კახა ბუცხრიკიძის (თერჯოლა), პაატა ლეჟავას (ვანი), გიორგი კახიანის (სამტრედია) და დავით ჭავჭანიძის (ხონი) ბიუროებმა, ორგანიზაციის მიერ დასმული კითხვები პასუხგაუცემელი დატოვეს.  ამასთან, ხონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, რომ ბიურომ მისამართი შეიცვალა და შესაბამისი წერილი არ მიუღიათ. მითითებულ მისამართზე გაგზავნის მიუხედავად, წერილის მიღება უარყვეს სამტრედიის მაჟორიტარის ბიუროშიც.

ბიუროებიდან მიღებული ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით ბიუროები სპეციალურ კვლევას არ ატარებენ. მათ მიერ პრობლემის გამოკვეთა ამომრჩევლებთან შეხვედრისას დაფიქსირებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე ხდება.

პრობლემების იდენტიფიცირების მიუხედავად, ფინანსური რესურსის არ არსებობის გამო, მაჟორიტარის ბიურო მოკლებულია კონკრეტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების პრობლემის მოგვარება სხვა სახელმწიფო ორგანოში (ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობა) გადამისამართების ან/და მაჟორიტარის პირადი კონტაქტების ხარჯზე ხდება.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ არ ხორციელდება აღმოჩენილი პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. რაც შეეხება ინიცირებულ ცვლილებებს, ისინი ჯგუფური ხასიათისაა და დეპუტატების ინდივიდუალურ მუშაობს არ ასახავს.  

ხარაგაული - ნოდარ ებანოიძე

მაჟორიტარის ბიურომ ფუნქციონირება 2012 წლის 22 ოქტომბრიდან დაიწყო და იქ 7 ადამიანია დასაქმებული.  მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ბიუროში 414 განცხადება შევიდა, ხოლო მაჟორიტარმა 70-ზე მეტი გასვლითი შეხვედრა გამართა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაჟორიტარი ასევე შეხვდა ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლებს, სამუშაო შეხვედრები გამართა საგზაო დეპარტამენტისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარესა და მცირე მეწარმეებთან.  

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლენილი საკითხები საგზაო ინფრასტრუქტურას და კომუნალურ პრობლემებს შეეხება. წერილის თანახმად, რამდენიმე საკითხის შესახებ ეცნობა ცენტრალურ ხელისუფლებას და დაიგეგმა აქტივობები. მათ შორის,  4 ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ბიუროს 7 თანამშრომლის სახელფასო ფონდი 3000 ლარით არის განსაზღვრული, თუმცა რამდენია თითოეული ყოველთვიური ხელფასი, უცნობია. პრემიები და სახელფასო დანამატები ბიუროს თანამშრომლებზე არ გაცემულა.  

ნ.ებანოიძე არის 15 კანონპროექტის ინიციატორი და თანაავტორი.

ტყიბული - ელისო ჩაფიძე

მაჟორიტარის ბიურომ ფუნქციონირება 2012 წლის 05 ნოემბრიდან დაიწყო. ბიუროში 4 ადამიანია დასაქმებული. გახსნიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ბიუროში 730 წერილობითი და 1200 ზეპირი განცხადება დაფიქსირდა, ხოლო მაჟორიტარმა 73 შეხვედრა გამართა.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევამ გამოავლინა რაიონის პრიორიტეტები: გაზგაყვანილობის სისტემის მონტაჟი, სამედიცინო მომსახურება და დასაქმება. თუმცა, წერილში დაკონკრეტებული არ არის, პრიორიტეტების გამოვლენა მოხდა  სპეციალური კვლევის,  თუ  ბიუროში შესული განცხადებების დახარისხების შედეგად.

ბიურო მუშაობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ქვანახშირის ნარჩენების გატანაზე. ასევე მაჟორიტარის მხარდაჭერით მოხდა გადაუდებელი ოპერაციების ჩატარება და უფასო სამედიცინო შემოწმების მიზნით ტყიბულში სამედიცინო ბრიგადის ჩაყვანა.

ინფორმაცია ბიუროს ხარჯებისა და თანამშრომელთა ხელფასების შესახებ მოწოდებული არ არის. ასევე, უცნობია გაიცა თუ არა ბიუროს თანამშრომლებზე პრემიები ან სახელფასო დანამატები.

ე.ჩაფიძის მიერ მოხდა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ინიცირება, ასევე ე.წ. „რეგრესის პენსიის“ აღდგენა.  

ბაღდათი - პაატა კიკნაველიძე

იმის გათვალისწინებით, რომ პაატა კიკნაველიძის არჩევა შუალედური არჩევნების გზით მოხდა, ბიურომ ფუნქციონირება 2013 წლის ივნისის თვიდან დაიწყო. ბიუროში სულ 3 ადამიანია დასაქმებული. სექტემბრის თვის ჩათვლით  ბიუროში 60 წერილობითი განცხადება შევიდა, ხოლო თავად დეპუტატი 100-მდე მოქალაქეს შეხვდა. ასევე შედგა სამი შეხვედრა მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობასთან.

საკითხები, რაზეც ამომრჩევლები მაჟორიტარს მიმართავენ სოციალური ხასიათისაა და გაზიფიცირებას, საავტომობილო გზების მოწესრიგებას და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას შეეხება. მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად ქალაქისა და რამდენიმე სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა გამოიკვეთა, რომლის მოგვარებასაც სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მიენიჭება უპირატესობა. ბიურო მიღწევად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ უშუალოდ პ.კიკნაველიძის ჩარევით განახლდა ყურძნის მიღება დიმის გადამამუშავებელ ქარხანაში.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბიუროს თანამშრომელთა ყოველთვიური სახელფასო ფონდი საერთო ჯამში 2000 ლარს შეადგენს.

განვლილ პერიოდში პარლამენტარმა მონაწილეობა მიიღო 2 ჯგუფური და 1 ინდივიდუალური კანონპროექტის ინიცირებაში. მოგვიანებით, დეპუტატის ინდივიდუალური კანონპროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემული ქონების რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ” და მასთან დაკავშირებული სხვა კანონპროექტები გამოხმობილი იქნა.

წყალტუბო - აკაკი ბობოხიძე

მაჟორიტარის ბიურომ ფუნქციონირება 2013 წლის მარტის თვიდან დაიწყო და მასში 7 თანამშრომელია დასაქმებული. ამ ხნის განმავლობაში ბიუროში 12 წერილობითი მიმართვა დაფიქსირდა, თუმცა უცნობია უშუალოდ რამდენ ადამიანს შეხვდა დეპუტატი.  ამავე პერიოდში გაიმართა 18 გასვლითი შეხვედრა. ე.წ. ზედა ზონის სოფლებში ვიზიტისას ყურადღება მისასვლელ გზაზე, სასმელ წყალსა და ავარიულ სახლებზე გამახვილდა. ხოლო ქვედა ზონის სოფლებში გაზგაყვანილობასა და გამრიცხველიანებაზე.  წერილში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული წყალტუბოს განვითარების შეჩერებაზე.

მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების შესახებ მონაცემები, დეპუტატის ბიურომ უპასუხოდ დატოვა. ასევე უცნობია გაიცა თუ არა ბიუროს თანამშრომლებზე პრემიები ან სახელფასო დანამატი.

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის მიერ არ მომხდარა პარლამენტში რაიმე პროექტის ან წინადადების ინიცირება.

ბიურო

თანამშრომელთა რაოდენობა

გაცემული ხელფასი

ხარაგაული

7

ჯამური სახელფასო ფონდი ყოველთვიურად

3000 ლარი

ტყიბული

4

არ მოგვეწოდა

ბაღდათი

3

ჯამური სახელფასო ფონდი ყოველთვიურად

2000 ლარი

წყალტუბო

7

არ მოგვეწოდა

საჩხერე

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია

ჭიათურა

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია

ზესტაფონი

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია

თერჯოლა

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია

ვანი

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია

სამტრედია

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია

ხონი

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია

ქუთაისი

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება იმ ფაქტს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ხვდებიან ამომრჩევლებს და ეცნობიან მათ საჭიროებებს. თუმცა, მაჟორიტარი დეპუტატის მოვალეობა მხოლოდ მოსახლეობასთან შეხვედრებითა და მათგან ინფრომაციის მიღებით არ შემოიფარგლება. სამწუხაროდ ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ შესაბამისი უწყებების მიმართ წარდგენილი ინიციატივები არ არის რეგიონში არსებული პრობლემების პროპორციული.  შესაბამისად, მხოლოდ შეხვედრების გაგრძელებით, რომელსაც ადეკვატური ინიციატივები და ქმედებები არ ახლავს, მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელება და ამომრჩევლების პრობლემების გადაჭრა ვერ მოხდება.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“