როგორ ერევა ადგილობრივი ხელისუფლება პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში?
უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია დაპირისპირებები რეგიონებში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფამდე მიდის. სიტუაციამ კულმინაციას 12 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მომხდარი დაპირისპირების დროს მიაღწია, რომლის შედეგად ათზე მეტი დაშავებული, მათ შორის, ჟურნალისტები, საავადმყოფოშიც აღმოჩნდნენ.
კამპანია „ეს შენ გეხება“, რომლის აქტიური მონაწილეა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, განცხადებით გამოეხმაურა ბოლოდროინდელ მოვლენებს და პარტიათა შორის დიალოგის წარმართვის ხელშეწყობის ინიციატივით გამოვიდა. მიგვაჩნია, რომ არსებული დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს. თუმცა, წინასაარჩევნო აქტივობების უსაფრთხოდ და მშვიდობიანად ჩატარებაში განსაკუთრებული როლი სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრია, ამიტომ მისი დაპირისპირებებში მონაწილეობის შეზღუდვა არამარტო მხარეებს შორის შეთანხმეაზეა დამოკიდებული, ხელისუფალის ვალდებულებაცაა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება“. აღნიშნული ნორმის მიზანია, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს მშვიდ და მდგრად გარემოში არამარტო არჩევნების დანიშვნის დღიდან, არამედ მანამდეც. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, ადგილობრივ თვითმმართველობას ყველა კანონიერი გზის გამოყენება შეუძლია, მათ შორის პოლიციის მობილიზებაც. პოლიციას კანონი ავალებს „ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან“, ასევე „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსარფრთხოების დაცვას“.
აშკარაა, რომ პოლიტიკური პარტიების შეხვედრებზე ადგილობრივი თვითმმართველობა არ ასრულებს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, პოლიციის უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგო ქმედების - ფიზიკურ ძალადობის აღსაკვეთად კი შემაშფოთებელია.
უკანასკნელი დღეების მანძილზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა წინასაარჩევნო შეხვედრებისას ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები დაფიქსირდა შიდა ქართლის ხუთ სოფელში, სადაც მოსახლეობასა და ოპოზიციური გაერთიანების წარმოამდგენლებს გარდა, დაპირისპირებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერებს, ისე ჟურნალისტებს. უფრო მეტიც, ჩვენი ერთ-ერთი წყაროს და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ მათ მიერ ხდებოდა აგრესიულად განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის მასწავლებელთა და სპორცმენთა მობილიზება. გთავაზობთ დაპირისპირებებში მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლების კონკრეტულ პირთა ჩამონათვალს:
- 12 ივლისი, შიდა ქართლი: კარალეთის დევნილთა დასახლება
ლევან მაისურაძე - დასახლების რწმუნებული. ძმები გოგიტა და გიგა გოჩაშვილები - ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. გია ჭულუხაძე - დევნილთა დასახლების მამასახლისი. ასევე ვანო მიდოდაშვილი, ბესო კახნიაშვილი - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მათგანი უშუალოდ მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
- 10 ივლისი, შიდა ქართლი: სოფელი შინდისი
ირმა პაპუნაშვილი (ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი), მისი შვილი და მეგობრები ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში.
- 10 ივლისი, შიდა ქართლი: სოფელი ნოქოზი
ილია მინდიაშვილი (რწმუნებული) მისი ორი და, ბიძაშვილის ცოლი „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მათ შორის კახა კალაძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს სოფელში დახვდნენ მხარდამჭერებით, არ მისცეს შეხვედრის გაგრძელებს საშუალება და მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება.
- 10 ივლისი, შიდა ქართლი: სოფელი ვარიანი
იზა კოკაური (საკრებულოს თანამშრომელი, ტერიტორიული ორგანოს მთ სპეციალისტი), თაკო კოკაური (მისი შვილი, პედაგოგი და საარჩევნო კომისიის წევრი) - ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში.
- 26 ივნისი, შიდა ქართლი: სოფელი მერეთი
ლევან ბიძინაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი - მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და აქტიურობდა. ვასიკო თევდორაშვილი - სოფელ მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - ეპაექრება ირაკლი ალასანიას. კახა ლომიძე - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის საგანგებო სამსახურის უფროსი - მონაწილეობს ფიზიკურ დაპირისპირებაში. ელდარ ელბაქიძე - საგანგებო სამსახურის თანამშრომელი - ასევე უშუალო მონაწილეა ფიზიკური დაპირისპირების. საგანგებო სამსახურის სხვა თანამშრომლები - მონაწილეობას იღებენ ფიზიკურ დაპირისპირებაში. მზია ტურაშვილი - მერეთის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი - ყვირის და მოუწოდებს აქტივისტებს სოფელი დატოვონ. გოჩა გვიმრაძე - სტატუსი ვერ დავადგინეთ, ყვირის და მობილიზებას უკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა, კიდევ მოხდა ერთი ინციდენტი, რომელშიც ცენტრალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობდა. კერძოდ:
- 22 ივლისი, კახეთი: ლაგოდეხი
გოგა ხაჩიძე - გარემოს დაცვის მინისტრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან აგრესიულად მოითხოვს გაატარონ, რადგან არის მინისტრი, მთავრობის წევრი და უნდა გაუშვან, რათა შეხვდეს „ქართული ოცნების“ ლიდერს.
მოვუწოდებთ:
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - დაიცვან კანონით დაკისრებული ვალდებულება - უზრუნველყონ საარჩევნო ღონისძიებების უსაფრთხოება, ხელი შეუწყონ მათ მიმდინარეობას და თავი შეიკავონ აგრესიის გამოყენებისაგან;
- პოლიციას - უზრუნველყოს ნებისმიერი ღონისძიების უსაფრთხოება, ადგილზე დაიცვას პირთა უფლებები და ინტერესები, არ დაუშვას არც ერთი მხარის ფიზიკური ხელყოფა;
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას - რეაგირება მოახდინოს საჯარო მოხელეთა უკანონო ქმედბებზე, შეახსენოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი განსაკუთრებული როლისა და ვალდებულების შესახებ და განასაჯაროოს დეტალური ინფორმაცია გატარებული დისციპლინური ზომების შესახებ;
- პოლიტიკურ პარტიებს - ხელი არ შეუშალონ პოლიტიკურ ოპონენტებს საარჩევნო ღონისძიებების ჩატარებაში და საკუთარ აქტივისტებს მოუწოდონ, თავი შეიკავონ პროვოკაციისაგან. ასევე, უსაფრთხთხოების მიზნით წინასწარ საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.