როგორ დევნის „ქართული ოცნება“ კრიტიკულ მედიას - „ტვ პირველის“ მაგალითი

„ქართული ოცნება“ აგრძელებს კრიტიკულ მედიაზე თავდასხმებისა და შევიწროების კამპანიას. ბოლო დროს, მათი განსაკუთრებული სამიზნე ტელეკომპანია „ტვ პირველია“, რომელზეც განრძობითი სახის, კოორდინირებული თავდასმებით მმართველი გუნდის ლიდერები, მაღალი თანამდებობის პირები, სახელმწიფო ინსტიტუტები და მათთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ტელევიზიები და პლატფორმები, ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ, დააშინონ, გააჩუმონ და სრულად გააქრონ მათგან დამოუკიდებელი და მათი პოლიტიკისადმი კრიტიკული მედიასაშუალებები, რომლებიც მმართველ გუნდს სხვადასხვა მიმართულებით უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, თუ სავარაუდო კორუფციაში ამხელენ. საგულისხმოა, რომ „ტვ პირველს“ არაერთი საგამოძიებო სიუჟეტი აქვს მომზადებული „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებისა თუ უწყებების შესაძლო კორუციულ კავშირებზე შესახებ, რომელთა წინააღმდეგაც, ბოლო დროს, პროკურატურამ არაერთი გახმაურებული გამოძიება დაიწყო.
„ტვ პირველის“ დისკრედიტაციის, რეპუტაციული და ფინანსური ზიანის მიყენების მიზნით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები, ერთი მხრივ, სიტყვიერად თავს ესხმიან მაუწყებელს, მეორე მხრივ კი - „ცილისწამების საფუძვლით“, ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლო დავებს იწყებენ და „მორალური ზიანის ანაზღაურების“ მიზნით, სოლიდურ თანხებს ითხოვენ, რაც ტოვებს განცდას, რომ მათი მთავარი მიზანი ტელევიზიის ფინანსურად დასუსტება, ფუნქციონირების შეფერხება, სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა და საბოლოოდ, კრიტიკული ჟურნალისტიკის სრულად გაქრობაა. ამას თან ერთვის ტელევიზიის წინააღმდეგ ორგანიზაცებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები, რაც არხის რეპუტაციის შელახვასა და მაყურებელში მათდამი ნდობის შესუსტებას ემსახურება.
„ტვ პირველის“ წინააღმდეგ ქართული ოცნების გუნდის მიერ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია და თავდასხმები მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ რთულ პირობებში უწევს საქართველოში კრიტიკულ მედიას ოპერირება. წლებია, რაც მმართველი გუნდი პოლიტიკური, სამართლებრივი, ფინანსური თუ პროპაგანდისტული ბერკეტების გამოყენებით, აქტიურად ცდილობს დათრგუნოს კრიტიკული, დამოუკიდებელი მედია და ქვეყანაში სრულად გააქროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საპირწონედ კი - საზოგადოებას ალტერნატიული, მხოლოდ მისი ინტერესების შესაბამისი პერსპექტივიდან დანახული ხელოვნური რეალობა შესთავაზოს.
აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ უზარმაზარ დისკომფორტს უქმნის „ტვ პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს, ნეპოტიზმსა და უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას შეეხება, რომელთა გამოძიებისა და აღმოფხვრის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ სჯის კრიტიკულ მედიას და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. სწორედ ამის მანიშნებელია ტელეკომპანიისა და მისი ჟურნალისტების მიმართ გახშირებული თავდასხმები, ე.წ. SLAPP სარჩელები, დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მაგალითები.
თუმცა, მიუხედავად უამრავი მცდელობისა და უზარმაზარი ძალისხმევისა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული დამოუკიდებელი მედია აქტიურად იბრძვის ძალადობრივი სისტემის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და მწირი რესურსებით ოპერირობის პირობებშიც კი - ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას და სამთავრობო პროპაგანდის საპირწონე, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნას, რის ხელშეშლასაც „ქართული ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიული კანონებით ცდილობს.
ქვემოთ მმართველი გუნდის მიერ „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმის თავდასხმები და შევიწროების მცდელობის მხოლოდ ნაწილია მიმოხილული, რაც ზედმიწევით ზუსტად წარმოაჩენს იმ რთულ ვითარებასა და გარემოს, რომელშიც, ზოგადად, კრიტიკულ, დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებს უწევთ საქმიანობა.
მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობა „ტვ პირველის“ დისკრედიტაციის კამპანიაში
ბოლო წლების განმავლობაში, „ტვ პირველი“ სიტყვიერი თავდასხმებისა და დისკრედიტაციის კამპანიის აქტიური სამიზნეა, განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელი კი ის ფაქტია, რომ ამგვარ კამპანიებში უშუალოდ მაღალი თანამდებობის პირებიც არიან ჩართულნი, რომლებიც ტელევიზიისა და მისი ჟურნალისტების რეპუტაციის შელახვისა და ნდობის შემცირების მიზნით, არც დამაკნინებელი ეპითეტების გამოყენებას ერიდებიან. მეტიც, ხშირად მათ შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციასაც განზრახ ავრცელებენ. მაგალითად:
- 2025 წლის სექტემბერში, „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა - „ლელომ“ და „საქართველოსთვის“ - დედაქალაქის მერობის კანდიდატად ის ადამიანი [ირაკლი კუპრაძე] წარადგინა, რომელსაც „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ყოველთვიურად „ტვ პირველში“ პარკით ხელში აგზავნიდა და მიჰქონდა 200 000 ლარი“.
- 2025 წლის ივლისში, „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ტვ პირველის“ საინფორაციო სამსახურის უფროსი და ყოველკვირეული საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანი, ნოდარ მელაძე კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებისთვის დირექტივებსა და დაფინანსებას კორუფციაში ეჭვმიტანილი „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელებისგან იღებდა. მანვე მელაძეს „კორუმპირებული“, „ფულზე გაყიდული“ და „კორუფციის ბედკრული შვილი“ უწოდა, რაც ცილისწამების მკაფიო მაგალითია.
- 2025 წლის ივლისში, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ მომზადებულ სიუჟეტებს დაუკავშირა, რითაც ჟურნალისტური საქმიანობა და კონკრეტული თანამდებობის პირების შესახებ საგამოძებო მასალების მომზადება თვითმკვლელობის წახალისებას შეადარა, რაც განსაკუთრებული სიმძიმის ბრალდება და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის პირდაპირი მცდელობაა.
- 2025 წლის ივლისში, იგივე გზავნილები გაიმეორა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ „ლევან ხაბეიშვილი [ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე], ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით რაღაც კორუფციულ ჩანართებს აზღვევენ“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ თორნიკე რიჟვაძის მისამართით კორუფციული ბრალდებები წამოსული იყო „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან“.
პროპაგანდისტული მედიისა და სოციალური პლატფორმების ჩართულობა „ტვ პირველის“ დისკრედიტაციის კამპანიაში
მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად სინქრონში, „ტვ პირველი“ პროსამთავრობო პროპაგანდისტული არხების შეტევისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სოციალური მედიაპლატფორმების, ასევე ღიად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიების თავდასხმის პირდაპირი სამიზნეც არის. ამ მხრივ განსაკუთრებულად აქტიურია ტელეკომპანია „POSTV“, რომლის 52%-იან წილსაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით გასული დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.
- POSTV აქტიურად ამზადებს სხვადასხვა დამცინავი და მადისკრედიტებელი შინაარსის ე.წ. ქარდებს და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ოპოზიციის პროპაგანდისტებად, თავად ტელევიზიას კი - ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის „ჯიბის არხად“ მოიხსენიებს. „ხაზარაძის „ტვ პირველი" ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ“, „ტვ პირველის“ გაყალბებული რეალობა“ - ეს POSTV-ის მიერ „ტვ პირველის“ შესახებ მომზადებული მასალების სათაურების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მიზანიც კრიტიკული ტელევიზიის იმიჯის შელახვა და საზოგადოებაში მისდამი უნდობლობისა და აგრესიის გაღვივებაა.
- სულ ცოტა ხნის წინ, „ტვ პირველი“ ღიად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია „სეზონი ტვ-ის“ თავდასხმის ობიექტიც გახდა. ტელევიზიის წამყვანმა „ტვ პირველი“ და მისი ქალი ჟურნალისტები უკიდურესად შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია, რისთვისაც კომუნიკაციების კომისიამ ის 2 500 ლარით დააჯარიმა. თუმცა, საბოლოოდ, მიიჩნია, რომ წამყვანის ლექსიკა სიძულვილის ენის კლასიფიკაციაში არ ჯდებოდა.
- „ტვ პირველს“ თავს აქტიურად ესხმის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ფეისბუკგვერდიც - „სინამდვილეში“, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს POSTV-ის ნარატვს და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს „ცრუ პროპაგანდაში“ ჩართულებად, „რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის ინსტრუმენტებად“, თავად ტელევიზიას კი - „[მამუკა] ხაზარაძის „ტვ პირველად“ წარმოაჩენს. გვერდი თითქოსდა ფაქტების გადამოწმების შემდეგ, ცდილობს ტელევიზია „სიცრუესა“ და „ტყუილში“ „ამხილოს“ და ამ გზით, საზოგადოებაში ტელევიზიისადმი უნდობლობის და სკეპტიციზმი გააღვივოს.
SLAPP სარჩელები „ტვ პირველის“ წინააღმდეგ და სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება
კრიტიკული მედიის დევნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფორმა ე.წ. SLAPP სარჩელებია (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ), რომელთა საბოლოო მიზანიც, ისედაც მწირი ფინანსური რესურსის პირობებში მომუშავე კრიტიკული მაუწყებლების ფინანსურად დასუსტება, წელში გატეხვა და მათი გაჩუმებაა, რაც მსუსხავი ეფექტის მატარებელია და სასამართლოს გზით, საზოგადო ინტერესის ჩახშობას, ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას ემსახურება.
2025 წლის მდგომარეობით, მხოლოდ „ტვ პირველის“ წინააღმდეგ 20-მდე ასეთი დავაა რეგისტრირებული. თითქმის ყველა მათგანი ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების მიერ არის წამოწყებული, რომელთა უმეტეს ნაწილშიც ისინი „მორალური ზიანის ანაზღაურების“ მოტივით, სოლიდურ თანხებს ითხოვდნენ.
ქვემოთ მათი არასრული ჩამონათვალია წარმოდგენილი:
- „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლა „ქართული ოცნების“ მოქმედი პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა. ტელევიზიას სასამართლომ 5 555 ლარის გადახდა დააკისრა.
- „ტვ პირველს“ უჩივლა ირაკლი კობახიძის სიძემაც, დავით ფაცაციამ, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრია. სასამართლომ „ტვ პირველს“ ფაცაციასთვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. თავდაპირველად, ფაცაცია „ტვ პირველისგან“ სიმბოლურ თანხას - 1 ლარს ითხოვდა, შემდეგ კი - საკომპენსაციო თანხა 30 000 ლარამდე გაზარდა.
- „ტვ პირველისგან“ უფრო სოლიდურ თანხას - 100 000 ლარს ითხოვდა, ქართული ოცნების გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. საბოლოოდ, სასამართლომ „ტვ პირველს“ და მის ჟურნალისტს 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.
- „ტვ პირველისგან“ ასევე 100 000 ლარს ითხოვდა, ქართული ოცნების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძეც. სასამართლომ ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტს ჭიკაიძისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.
- 2024 წელს, „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლა ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმაც.
- „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა ჰქონდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესაც.
- „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს 2021 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემაც მიმართა.
- 2021 წელს, „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა, გელა კვაშილავამ.
- 2024 წელს, „ტვ პირველს“ სხვა მედიასაშუელებებთან ერთად სასამართლოში „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენმა, გიორგი კაპანაძემ, იგივე „რიჟამაც“ უჩივლა.
- მანამდე, 2023 წელს, „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლა, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაკავშირებულმა ბიზნესმენმა, ნუგზარ ალუღიშვილმაც.
- „ტვ პირველის“ წინააღმდეგ მომჩივანთა რიგებშია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ ბანკიც“. „ტვ პირველის“ წინააღმდეგ „ქართუმ“ სასამართლოს 2025 წლის ივლისში მიმართა და ის ტელევიზიისგან მოითხოვს, რომ არ მოიხსენიონ ივანიშვილის ან ოლიგარქის ბანკად. მათი მტკიცებით, ივანიშვილს კავშირი არ აქვს, მის მიერვე დაფუძნებულ ბანკთან. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იქმნება უკიდურესად საშიში პრეცედენტი, როდესაც მედია ვეღარ შეძლებს მიუთითოს გავლენიან პოლიტიკოსებსა და კოპმანიებს შორის კავშირებზე, რაც თავის მხრივ, სარედაქციო და გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევის მცდელობაა. „ქართუმ“ „ტვ პირველს“ 2023 წლის აპრილშიც უჩივლა.
- განსაკუთრებით საგანგაშოა „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შეტანილი ერთ-ერთი ბოლო სარჩელი, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქე ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით უპრეცედენტოდ მაღალ თანხას - 1 მლნ ლარს ითხოვს. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ჩნდება გონივრული ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ამ შემთხვევის უკან კონკრეტული დაინტერესებული პირები იდგნენ, რომელთა მიზანიც ტელეკომპანიისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მიყენებაა, რაც ტელევიზიის სამომავლო საქმიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე
გარდა სიტყვიერი და ვერბალური თავდასხმებისა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტები, კრიტიკული მედიის სხვა წარმომადეგნლებთან ერთად, „ქართული ოცნებისგან“ წახალისებული სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის, სამართალდამცველების მხრიდან, ფიზიკური თავდასხმების სამიზნეებიც არიან, რაც ბოლო წლების საგანგაშო ტენდენცად ჩამოყალიბდა და მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა სიცოცხლისთვის სულ უფრო საშიშ და საფრთხის შემცველ პროფესიად იქცა. შედეგად, სფეროდან უამრავი კვალიფიციური ჟურნალისტის გადინება უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა, ახალი კადრების მოზიდვა კი - სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
ამ მხრივ, ქართული მედიისთვის განსაკუთრებით ტრაგიკული იყო 2021 წლის 5 ივლისი, როდესაც ე.წ. „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს, ძალადობრივი და აგრესიული ორგანიზებული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს განზრახ დაესხნენ და ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც სასტიკად სცემეს. ლაშქარავა ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების მიღების შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების მავნე პრაქტიკა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა, რაც ამგვარ შემთხვევებზე არასათანადო რეაგირებამ, დაწყებული გამოძიებების გაჭიანურებამ და დამნაშავეთა დაუსჯელობამ კიდევ უფრო წაახალისა. მაგალითად, 2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის რეკორდული - 200-მდე შემთხვევა დაფიქსრიდა, მათ შორის, სამართალდამცველების მხრიდან. გასულ წელს, პროევროპული საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერებშიც ესხმოდნენ. სწორედ ასეთი იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძისა და მისი ოპერატორის, გიორგი შეწირულის შემთხვევა, რომელთაც მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. „ტიტუშკები“ პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ.
გასული წლის საგანგაშო ტენდენცია გრძელდება წელსაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2025 წლის მხოლოდ პირველ 4 თვეში 90-მდე ასეთი შემთხვევა უკვე აღრიცხა. კრიტიკული მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თავდასხმების აქტიური სამიზნეები კვლავაც არიან „ტვ პირველის“ ჟურნალისტები.
მხოლოდ „ტვ პირველის“ მაგალითზე, აშკარად ჩანს რომ მედიისადმი მტრული გარემოს შექმნა “ქართული ოცნების” მიზანმიმართული პოლიტიკაა. ხელისუფლების მთავარი გზავნილი კი, რომ კრიტიკული მედია „სულ ნეგატივზე“ საუბრობს, ემსახურება მიზანს, რომ მოქალაქეებს გაუჩინოს მცდარი წარმოდგენა თითქოს მედიის მიზანი ხელისუფლების კონტროლი კი არა, მისი შექებაა. როგორც ჩანს, , მათი სურვილია საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდეს ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლების რუსეთთან შესაძლო კავშირების, მაღალჩინოსნების კორუფციაში ჩართულობის, უფლებამოსილების გადამეტების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და მრავალი პრობლემური ფაქტის შესახებ, რომლებსაც კრიტიკული მედია მრავლად აშუქებს საქართველოში.