ENG

როდის იქცევა კანონად ქვეყნის პროგრამული ბიუჯეტი

07 ნოემბერი, 2013

პროგრამული ბიუჯეტი ტრადიციული სტრუქტურის ბიუჯეტის ალტერნატივაა და იმ უპირატესობით გამოირჩევა, რომ ის დაგეგმვის პროცესიდანვე შედეგზეა ორიენტირებული. პროგრამულ ბიუჯეტში მთავრობის ხარჯები კონკრეტული პროგრამების და არა სამინისტროების მიხედვით არის დაყოფილი და უფრო თვალსაჩინოა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები კონკრეტულ ღონისძიებაში ჩადებულ ფინანსურ რესურსებსა და მიღებულ შედეგებს შორის.

საქართველო უკვე მესამე წელია, რაც ფორმალურად პროგრამულ ბიუჯეტზე გადავიდა, თუმცა ქვეყნის პარლამენტი წელსაც, ისევე როგორც წინა წლების განმავლობაში, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პროგრამული ბიუჯეტის ნაწილის გარეშე ამტკიცებს. მაშასადამე, პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლიდან მესამე წელს ქვეყნის პროგრამულ ბიუჯეტს კვლავ არ გააჩნია კანონის იურიდიული ძალა.

ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის საწყის ეტაპზე საკმაოდ რთული იქნება მოსალოდნელი შედეგების და შეფასების ინდიკატორების სწორად განსაზღვრა. მათი თავიდანვე კანონით დამტკიცების შემთხვევაში კი შესაძლებელია დადგეს ზოგიერთი პროგრამის ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებლის პასუხისმგებლობის საკითხი.

მიგვაჩნია, რომ პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლიდან მესამე წელს დადგა დრო, როდესაც განმახორციელებელი პირებისთვის პასუხისმგებლობის  არდაკისრება სერიოზულად უშლის ხელს შედეგებზე ორიენტირებული საბიუჯეტო სისტემის განვითარებას და პირდაპირ ახდენს  პროგრამული ბიუჯეტის ზერელედ შედგენის წახალისებას.  თუ შედეგების გამო პროგრამის ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებლებს პასუხისმგებლობა დაუყოვნებლივ არ დაუდგებათ, აუცილებლად უნდა განისაზღვროს ვადა, როცა განმახორციელებლებს ამგვარი პასუხისმგებლობა დაუდგებათ.  პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიაში აღნიშნულია, რომ საწყისი ეტაპი, როდესაც უნდა მოხდეს ბიუჯეტის ახალი ფორმატით აწყობა, გულისხმობს სამწლიან პერიოდს. ამ პერიოდში უნდა დახვეწილიყო შედეგების ინდიკატორების შემუშავების მეთოდები, ხოლო ინდიკატორებით წარმოდგენილი ინფორმაცია გამხდარიყო მაქსიმალურად რეალური, ზუსტი და შესრულების ეფექტურად გაზომვის საშუალება.

ამასთანავე, 2011-2013 წლების პროგრამული ბიუჯეტების და 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის  2010 წლის არაპროგრამულ ბიუჯეტთან შედარებამ გვაჩვენა, რომ პროგრამული ბიუჯეტის ხარისხი ყოველ წელს უარესდება, კერძოდ, წლიდან წლამდე მცირდება ინფორმაცია პროგრამების და ქვეპროგრამების აქტივობების შესახებ. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლიდან მესამე წელს კვლავ არ გვაქვს შუალედური და საბოლოო შედეგების გასაზომი ინდიკატორები.

 შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ 2011 წლიდან დღემდე ქვეყნის არცერთი პროგრამული ბიუჯეტი არ ყოფილა ორიენტირებული შედეგებზე. მიგვაჩნია, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა, ანუ შედეგებზე ორიენტაცია, ვერ გადაწყდება მანამ, სანამ განმახორციელებლებს არ დაუდგებათ პასუხისმგებლობა შედეგებზე. იმისთვის კი, რომ ეს  პასუხისმგებლობა დადგეს, აუცილებელია პროგრამული ბიუჯეტი, რაც სახელმწიფო ფინანსების ეფექტურად გამოყენების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად დამტკიცდეს და კანონის იურიდიული ძალა ჰქონდეს.

Author: მიხეილ კუკავა