რიგგარეშე სხდომისადმი მთავრობისა და უმრავლესობის დამოკიდებულება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ლახავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რიგგარეშე სხდომისადმი მთავრობისა და უმრავლესობის დამოკიდებულება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ლახავს

11 მარტი, 2015

 

ბოლო რამდენიმე კვირაა საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ეკონომიკური გუნდის სხდომაზე მისვლას ითხოვს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას „თავისუფალი დემოკრატებიც“ შეუერთდნენ. დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომის გამართვით პრეზიდენტს ორჯერ მიმართეს, რაც მან 10 მარტს დააკმაყოფილა. შემაშფოთებელია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ დაუსაბუთებელი არგუმენტებითა და კომენტარებით შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა. ამ დრომდე გაურკვეველია, სხდომა შედგება თუ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშლება და დაესწრება მას თუ არა მთავრობის ეკონომიკური გუნდი.

ეკონომიკური საკითხების განხილვის მიზნით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნით ჯერ კიდევ 24 თებერვალს მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მაშინ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან მთავრობა 5 მარტს ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას გეგმავდა. მას შემდეგ, რაც მთავრობამ ასეთი გეგმა არ წარმოადგინა, პრეზიდენტმა, საპარლამენტო უმცირესობის წერილობითი და „თავისუფალი დემოკრატების“ ზეპირი მოთხოვნების საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პარასკევს 13 მარტს მოიწვია.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი არგუმენტებით შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და მთავრობის წევრები. კერძოდ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ „უხერხულია“ პრეზიდენტის მხრიდან რიგგარეშე სხდომის მოწვევა, ის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აყვა და მსგავსი გადაწყვეტილებები ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს უნდა შეუთანხმოს. ფინანსთა მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ეკონომიკური საკითხების განხილვა „თოქშოუს“ ფორმატში მისთვის მიუღებელია.

სავარაუდოდ, სწორედ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის გამო, საპარლამენტო უმრავლესობამ 10 მარტს პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა, სადაც მათ ოკუპირებული ტერიტორიებზე უნდა ემსჯელათ, ჩაშალა და გაურკვეველი დროით გადადო. უმრავლესობის ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ იმ რიგგარეშე სხდომისათვის, რომელიც პრეზიდენტმა 13 მარტისთვის მოიწვია, მათ მომზადება სჭირდებათ.

ამ დრომდე არ არის ნათელი, შედგება 13 მარტის რიგგარეშე სხდომა, თუ ის ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშლება. დღეს, 11 მარტს გამართულ ბრიფინზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ოპონენტებს არ უნდა გაუკვირდეთ, რომ „უმრავლესობა, რომელიც ამგვარ საკითხებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით არის დატვირთული, მიიღებს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არ ჩაებმება ამ უსაგნო ხმაურში“. გუშინ, 10 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა ისიც თქვა, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „მასოვკაში“; ხოლო ფინანსთა მინისტრმა, რომლის მიმართაც დეპუტატებს ყველაზე მეტი შეკითხვა აქვთ, განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის, დაესწრება თუ არა სხდომას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უარყოფითად არის განწყობილი პარლამენტთან ურთიერთობის ამ ფორმატისადმი. სამაგიეროდ, საპარლამენტო უმრავლესობამაც და ფინანსთა მინისტრმაც უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, მონაწილეობას მიიღონ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ამ თემაზე ხუთშაბათს გასამართ სხდომაში.

აღსანიშნავია, რომ 23 თებერვალს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მთავრობის სხდომას და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები ეკონომიკის შესახებ. ფინანსთა მინისტრმა საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „მთავრობის სხდომა ცირკი არ არის“. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უმცირესობის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თაობაზე ქრონიკული დაავადება უწოდა.

მიგვაჩნია, რომ შექმნილმა ვითარებამ რამდენიმე საყურადღებო პრობლემა გამოკვეთა:

1. პარლამენტი არ ასრულებს ხელისუფლების მაკონტროლებლის როლს.

პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ანგარიშვალდებული გახადოს მთავრობა. მინისტრების მიწვევა საპარლამენტო სხდომაზე პარლამენტის წევრების კონსტიტუციური უფლებამოსილებაა, რაც მათ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის განხორციელებაში ეხმარება. დეპუტატები პარლამენტის სხდომას უნდა ესწრებოდნენ და თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ მიუხედავად იმისა, მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის ინიციატივით არის თუ არა მოწვეული სხდომა. ჩნდება განცდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროტესტს არა დამოუკიდებელი შეხედულებების, არამედ მთავრობის გავლენის გამო გამოხატავენ.

2. მთავრობის მოქმედება არღვევს ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობას.

მთავრობის წარმომადგენლების დამოკიდებულება პარლამენტის ფრაქციების მოთხოვნისადმი არის  დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისადმი უპატივცემულობის თვალსაჩინო მაგალითი. გარდა ამისა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის იგნორირებას ახდენს. განცხადებები, რომ პრეზიდენტის მხრიდან „უხერხული“ და „არაკორექტულია“ რიგგარეშე სხდომის მოწვევა, კიდევ უფრო აძლიერებს იმ აღქმას, რომ მთავრობის სურვილია, ხელისუფლების სხვა შტოებმა მხოლოდ სიმბოლური როლი შეასრულონ. ეს ყველაფერი კი პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობას აკნინებს.

შეფერხებები საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი გამოთქმული პრეტენზიები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ჯერ კიდევ ძალიან შორს არის მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისაგან.

3. ირღვევა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები.  

პარლამენტი მოქალაქეების მიერ არჩეული უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა. მთავრობის წარმომადგენლები ანგარიშვალდებულნი არიან არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ – უმცირესობის და უმცირესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების წინაშე. ამიტომ მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან, პასუხი გასცენ დეპუტატების შეკითხვებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ფრაქციას წარმოადგენენ ისინი. სხვა შემთხვევაში, აზრი ეკარგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპარლამენტო კონტროლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრებს მთავრობის დაბარება და სხვადასხვა საკითხებზე პასუხის მოთხოვნა შეუძლიათ.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს ხელისუფლების დანაწილებისა და ანგარიშვალდებულების მთავარ პრინციპებს. პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად აწარმოონ ხელისუფლების კონტროლი. თავის მხრივ, პარლამენტმა და მთავრობამ პატივი უნდა სცენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, აღასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები და მიიღონ მონაწილეობა რიგგარეშე სხდომაში, მიუხედავად იმისა, თუ ვისი მოწვევით ინიშნება ის.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“