ENG

რეკომენდაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების რეორგანიზაციისთვის

22 აპრილი, 2019

 

ზუგდიდის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, ამ დრომდე არ დასრულებულა. იურიდიული პირების მუშაობის შემსწავლელ ჯგუფს საბოლოო წინადადებები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიისთვის არ გადაუგზავნია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სამუშაო ჯგუფს და საკითხით დაინტერესებულ პირებს წარუდგენს რეკომენდაციებს პროცესის ოპტიმალურად და ეფექტიანად დასრულებისთვის. სამუშაო ჯგუფის შექმნის საფუძველი ჩვენი ორგანიზაციის 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევა გახდა, რომლითაც გაირკვა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა იურიდიული პირის შენახვა 14 მლნ ლარი უჯდება.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ, დაიწყო ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში” რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოყალიბდა ა(ა)იპ-ს დაქვემდებარებული სპორტული სკოლები, 32 ერთეულით შემცირდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების რაოდენობაც. ამ ეტაპზე მიმდინარე მსჯელობა ფეხბურთის სკოლის ცალკე იურიდიულ პირად გამოყოფის შესახებ მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ცალკე არსებობა არ გაზრდის სპორტის მიმართულებით გასაწევ ხარჯებს.

შეიცვალა მდგომარეობა ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრშიც”, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 29-დან 8-მდე შემცირდა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, რჩება რამდენიმე პრობლემა, რომელთა გადაწყვეტა მუნიციპალური იურიდიულ პირების ეფექტიან მუშაობას და საბიუჯეტო თანხების გონივრულ ხარჯვას უზრუნველყოფს მომდევნო წლებში, მათ შორისაა:

  • დირექტორის მოადგილეებისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულთა სიმრავლე მუნიციპალურ იურიდიულ პირებში
  • ფუნქციათა დუბლირების შემთხვევები იურიდიულ პირებს შორის, ასევე, იურიდიული პირის სხვადასხვა განყოფილებას შორის
  • დასაქმების გაუმჭვირვალე პრაქტიკა

რეკომენდაციები ცალკეული იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით

„კეთილმოწყობის მართვის ცენტრი”

ა(ა)იპ „ზუგდიდის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” ძირითადი ფუნქციაა ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობა და მოვლა. ვფიქრობთ, რომ ეს მომსახურება ზუგდიდის მერიამ შემდეგი საბიუჯეტო წლიდან უნდა შეისყიდოს ტენდერის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიას, მისაღები მომსახურების ხარისხის კონტროლსა და ეფექტიანობას.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”

ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი” ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს. სამინისტროდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 100 000 ლარია, მუნიციპალიტეტი კი საკუთარი შემოსავლებიდან დამატებით 170 000 ლარს ხარჯავს, რაც კანონის მოთხოვნებთან  შეუსაბამობაში მოდის. იმ პირობებში, როდესაც ზუგდიდის ბიუჯეტი მწირია, დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილება მერიას დამატებით ფინანსურ ტვირთად არ უნდა აწვებოდეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ამ საკითხზე კვლევა უკვე გამოაქვეყნა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა უნდა მიმართოს სამინისტროს, რათა მან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის თანხა საჭირო ოდენობით გადმოსცეს.

შპს „ზუგდიდაგროსერვისი”

შპს-ს წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს ინფორმაცია, თუ რა სარგებელი მოაქვს მის არსებობას მუნიციპალიტეტისათვის. საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ აღნიშნული შპს ფაქტობრივად უფუნქციოა. იმ პირობებში, როდესაც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით აქტიურად მუშაობს შესაბამისი სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანო - „საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი”, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება არ წარმოადგენს თვითმმართველობის უშუალო უფლებამოსილებას, მუნიციპალიტეტმა უნდა დაასაბუთოს, თუ რა საჭიროა შპს-ის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია.

„ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტი”

შპს „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში” ყველაზე პრობლემურია მგზავრობის საფასურის ამოღების მეთოდი. ავტობუსის მძღოლი ხელზე იღებს მგზავრობის საფასურს, დაგროვილი თანხა სამუშაო დღის ბოლოს მიაქვს შპს-ში, სადაც ფორმდება უწყისი მძღოლსა და შპს-ს შორის, თანხის 25% წარმოადგენს მძღოლის გასამრჯელოს, 75% კი შპს-ის შემოსავალს. არ არსებობს თანხის მობილიზების კონტროლის მექანიზმი. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ავტობუსებში დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, რაც შექმნის თანხის ბრუნვის უფრო გამჭვირვალე მექანიზმს.

„ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”

ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” მომუშავე 512 თანამშრომლიდან 98 მმართველობით რგოლშია, მათ შორის დირექტორის 3 მოადგილეა. დირექტორს ერთი მოადგილე ჰყავს კონტროლისა და ზედამხედველობის დარგში, რომელსაც თავის მხრივ ექვემდებარება ზედამხედველობის უფროსი და ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, მათ კი 7 ზედამხედველი და 32 კონტროლიორი. სამუშო ჯგუფში ა(ა)იპ-ს საქმიანობის განხილვისას „ზუგდიდდასუფთავების” წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დასაბუთება, თუ რატომ დადგა კონტროლისა და ზედამხედველობის მიმართულებით ამ მასშტაბის ბიუროკრატიული აპარატის შექმნის საჭიროება.

ამასთან, აუცილებელია დამკვიდრდეს მუნიციპალურ იურიდიულ პირებში თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე პრაქტიკა - კადრების შერჩევა მხოლოდ ღია კონკურსების მეშვეობით უნდა იყოს შესაძლებელი, რადგან საჯაროობა და კონკურენცია ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მოზიდვას და ნეპოტიზმთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“