ENG

რეკომენდაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით

26 ნოემბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად წარდგენილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, წინა წლის მსგავსად, პროგრამული ბიუჯეტის არსსა და მიზნებს სრულყოფილად ვერ პასუხობს. დოკუმენტი 2019 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა სახის პროექტების შესახებ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას არ აწვდის.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. 

ძირითადი მიგნებები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი არ პასუხობს პროგრამული ბიუჯეტის კრიტერიუმებს. სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული აქტივობები იქნება განხორცილებული 2019 წელს, რაც ეწინააღმდეგება საბიუჯეტო კოდექსის და „პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის N385 ბრძანების მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტი ვალდებულია ჰქონდეს პროგრამული თვალსაზრისით სრულყოფილი ბიუჯეტი, რომელიც მისი დაგეგმვის პროცესიდანვე სრულად უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული. შესაბამისად, აუცილებელია:

  • ბიუჯეტი მოქალაქეს აძლევდეს სრულყოფილ წარმოდგენას, თუ რა გაკეთდება ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში;
  • საბიუჯეტო პროგრამებსა და ქვეპროგრამებს თან ერთვოდეს მოსალოდნელი საბოლოო და შუალედური შედეგები, თუმცა აუცილებელია თითოეული მათგანი იყოს სრულყოფილი, გაზომვადი და  შინაარსობრივი თვალსაზრისით მკაფიოდ ჩამოყალიბებული;
  • მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროგრამის/ქვეპროგრამის მოსალოდნელი საბოლოო და შუალედური შედეგები. პროექტი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნათლად და კონკრეტულად ასახავდეს იმ სამომავლო მდგომარეობას, რისთვისაც ხორციელდება.პროექტში წარმოდგენილი შედეგები, უმეტეს შემთხვევაში, გაუგებარია და არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას;
  • ყველა პროგრამას თან უნდა დაერთოს ინფორმაცია მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოს, სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის, განყოფილების) შესახებ (აღნიშნული ინფორმაცია ზოგიერთ პროგრამას ერთვის), რაც მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას მისცემს, წლის ბოლოს შეაფასოს მიღწეული შედეგები, საჭიროების შემთხვევაში კი დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
  • ბიუჯეტის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ჩაშლილი ბიუჯეტი, ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი, თუ რაში ხარჯავენ იურიდიული პირები მათთვის გამოყოფილ თანხას.

ინფრასტრუქტურა

ბიუჯეტის პროექტით 13 816 100 ლარია გათვალისწინებული “ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაციის” პროგრამისათვის, თუმცა არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას აპირებს მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს ბიუჯეტის პროექტი არ აძლევს ინფორმაციას, თუ სად, რა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაწყვეტა არის დაგეგმილი 2019 წლისათვის.

აღნიშნული პროგრამა მოითხოვს მეტ კონკრეტიკას, სულ მცირე, უნდა ასახავდეს 2019 წელს განსახორციელებელი მსხვილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

საინვესტიციო გარემო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს „მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა” წარმოადგენს. თუმცა არც განმარტებით ბარათში, არც პრიორიტეტების დოკუმენტში და არც ბიუჯეტის პროექტში არ არის მითითებული, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაა დაგეგმილი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. შესაბამისად გაუგებარია, თუკი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რა უშლის ხელს ამ ღონისძიებების ჩამონათვალის გასაჯაროებას.

სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოვლენილი საჭიროებები

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა ჩვენი სამოქალაქო საბჭოს წევრების მიერ გამოვლენილი იმ საჭიროებებისა და ინფრასტრუქტრული პრობლემების ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებასაც მოთხოვს ადგილობრივი მოსახლეობა.

მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დროულად დაიწყოს იდენტიფიცირებული პრობლემების შესწავლა, ასახოს ისინი 2019 წლის ბიუჯეტში, ცალკეული პრობლემების მასშტაბურობიდან გამომდინარე კი შესაბამისი მიმართვა მოამზადოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელზე, რათა მოხდეს დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაცია.

სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამა

5 მილიონი ლარია გათვალისწინებული სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამის დასაფინანსებლად. ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს საბავშვო ბაღების შენობების კეთილმოწყობასა და აღმზრდელების სახელფასო ანაზღაურების გაზრდაზე. ასვე პრობლემატურია ის, რომ ბაღების უმრავლესობაში ეზოები არ არის კეთილმოწყობილი, არ არის სათამაშო მოედნები და აღსაზრდელები დროის უმეტეს ნაწილს ოთახებში ატარებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით 150 ათასი ლარით ფინანსდება მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამა, რაც ვფიქრობთ, რომ არასაკმარისია, შემდეგ გარემოებათა გამო:

  • მოძველებული და ამორტიზებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი ავტობუსები
  • მუნიციპალური ავტობუსები მხოლოდ რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ემსახურება

შესაბამისად, აუცილებელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა წარმოადგინოს ავტობუსების განახლებისა და ამ მომსახურების მთელ მუნიციპალიტეტზე გავრცელების გეგმა, რაზედაც ზრუნვა შემდეგი საბიუჯეტო წლიდანვე უნდა დაიწყოს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამა

200 ათასი ლარით ფინანსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა მხარდაჭერა. ჩვენი მოსაზრებით,  აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებული პრობლემების, მათ შორის ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოსაგვარებლად.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2 000-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული, მათ შორის პირები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან. მათი თავისუფალი გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა კი მოწყობილი არ არის;
  • ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას პანდუსი მოწყობილია აუცილებელი სტანდარტების დაცვის გარეშე. მძიმე მდგომარეობაა ქუჩებზე,  ტროტუარებსა და გადასასვლელებზე;
  • არცერთი მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის ადაპტირებული შშმ პირთა საჭიროებებზე.

მიგვაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, სხვა საჯარო უწყებებთან ერთად, უნდა იზრუნოს შშმ პირთა თავისუფალი გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ასევე, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირება და ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟება.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” არაერთი კვლევა აქვს გამოქვეყნებული მუნიციპალურ ა(ა)იპებსა და შპს-ებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურების შესახებ. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრობლემატურია ის საბიუჯეტო ტვირთი, რომელიც თვითმმართველობებს ასეთი ა(ა)იპების შენახვის გამო აწვება.

2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ზუგდიდის მუნიციპალიტიეტის მიერ შექმნილ 9 ა(ა)იპ-ში ჯამში 2 052 ადამიანია დასაქმებული, რომელთა ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება 1 111 086 ლარია, რაც ერთ წელიწადზე გაანგარიშებით დაახლოებით 13 მილიონ ლარს აღწევს.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 2 შპს-ში კი 46 ადამიანი მუშაობს, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 29 252 ლარია, წელიწადში კი 354 300 ლარი.

ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე წელიწადში, დაახლოებით, 13 687 000 ლარს ხარჯავს.

თუ დავაჯამებთ ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა და ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, 2018 წლის მდგომარეობით წელიწადში მათი ჯამური მოცულობა 19 მილიონი ლარზე მეტია, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (42,082.6 00 ლარი) თითქმის ნახევარს აღწევს (45%).

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს:

  • 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პარალელურად შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესრულებას მერიის სამსახურები ვერ შეძლებენ და ამისთვის ცალკე შპს-ს ან აიპ-ის შექმნაა საჭირო;
  • ზუგდიდის მერიამ უნდა დაადგინოს ის სფეროები, სადაც ხდება ა(ა)იპ-ს, შპს-ს და მერიის სამსახურების საქმიანობებს შორის უფლებამოსილებების დუბლირება;
  • ზემოაღნიშნული ეტაპების გავლის შემდგომ მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელ მინიმუმამდე შემცირდეს როგორც იურიდული პირების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც.

აღნიშნულ რეკომენდაციათა გათვალისწინების გარეშე, ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი პროგრამული თვალსაზრისით ვერ ჩაითვლება სრულყოფილად. მით უმეტეს, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი დაინტერესებულ პირს ვერ უქმნის სრულყოფილ წარმოდგენას მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

მოვუწოდებთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბიუჯეტის განხილვის პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა, ხოლო მოსახლეობის, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრების  მიერ უკვე გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად, ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი ცვლილებები ასახოს.