რეკლამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რეკლამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს

06 თებერვალი, 2015

 

2014 წლის ბოლოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის რეკლამის რეგულაციის მიზნით საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართა. წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელებას ითვალისწინებდა, კონკრეტულად კი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების აუდიოვიზუალური მედია სერვისის დირექტივის იმპლემენტაციას.  5 თებერვალს პარლამენტმა კანონი მეორე მოსმენით (63 ხმით 30-ის წინააღმდეგ) მიიღო.

ამ კანონპროექტმა მედიასაშუალებებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მათი მთავარი შენიშვნები კანონის ამოქმედების ვადებსა და მთელ რიგ ნორმებს ეხებოდა, რომლებიც სპონსორობის განმარტებასა თუ სპონსორობის განთავსების პირობებს ადგენდა. მაუწყებელთა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს სარეკლამო ბაზარზე და დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შემოსავლებზე. ამ პოზიციას სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებიც იზიარებდნენ.

ვადები

სარეკლამო ბაზრის კვლევის შესახებ ანგარიშში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არაერთხელ განაცხადა, რომ მაუწყებლებში რეკლამის განთავსების ლიმიტების მოთხოვნები შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკავშირის, კერძოდ, აუდიოვიზუალური მედიასერვისის დირექტივის პრინციპებთან. ჩვენი ორგანიზაცია დღემდე რჩება ამ პოზიციაზე, თუმცა მიგვაჩნია, რომ მსგავსი ნორმის ფორსირებულად შემოღება ნეგატიურ გავლენას მოახდენს მედიაბაზარზე, რაც საფრთხის შემცველია. ნორმების თანდათანობით შემოტანის შესაძლებლობას ევრო დირექტივაც იძლევა, კერძოდ საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების XXXIII დანართის შესაბამისად 2010/13 EU დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში, ხოლო დირექტივის 23-ე მუხლის იმპლემენტაცია, რომელიც, რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსების მოცულობას ადგენს, შესაძლებელია განხორციელდეს ხუთი წლის ვადაში.

შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პროცესის გონივრულ ვადებში განხორციელება მიზანშეწონილი იქნება. აუცილებელია, ბიზნესს მიეცეს პროპორციული ვადა ამ რეგულაციის გასაცნობად და საკუთარი ბიზნესპროცესების მასზე მოსარგებად. ამ კუთხით, ვფიქრობთ, დაუშვებელია ამ რეგულაციის იმ დროს ამოქმედება, როდესაც სამაუწყებლო კომპანიებს უკვე გაფორმებული აქვთ წლიური კონტრაქტები რეკლამის მიწოდებაზე.

სპონსორობა

პრობლემატურად მიგვაჩია ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც სპონსორობის რეგულაციას შეეხება. ბაზრის ცალკეული მსხვილი მოთამაშე თუ სარეკლამო სააგენტო მიიჩნევს, რომ სპონსორობის დეფინიცია, თუ საათობრივი შეზღუდვა არ არის დარეგულიბული ევროპის დირექტივის თანახმად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული რეგულაციებისა და დირექტივების გადმოტანა მოხდეს ადეკვატურად, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით და იმგვარად, რომ ქართულ ბიზნესს სრულად მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ შეღავათებით თუ სპეციალური პირობებით, რომელსაც  ევროპული კანონმდებლობა იძლევა.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტში მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის განხილვის ფონზე შთაბეჭდილება რჩება, რომ დეპუტატებისათვის წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მთავარ მიზანს მედიაბაზარზე არსებული მსხვილი მაუწყებლისათვის შეზღუდვების დაწესება წარმოადგენს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებას გამოეხმაურა ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც „მედია თვისუფლება ევროპაში“ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გადახედოს მაუწყებლობის შესახებ კანონში რეკლამის რეგულირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლების გარკვეული შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა გაიზიარა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტის მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს თითოეული ბაზრის მოთამაშის არგუმენტები. ხელისუფლებამ აუდიოვიზუალური დირექტივით გათვალისწინებული ნორმებისა თუ მოთხოვნების ქართულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია უნდა განახორციელოს ისე, რომ ამ რეგულაციებმა არ გამოიწვიოს მაუწყებელთათვის თუ ბაზრის სხვა მოთამაშეებისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მიყენება, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მედიაგარემოზე.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“