რეგიონული მაუწყებლების საეჭვო კონტრაქტები მუნიციპალიტეტებთან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რეგიონული მაუწყებლების საეჭვო კონტრაქტები მუნიციპალიტეტებთან

11 მაისი, 2016

 

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე რეგიონულ ტელეკომპანიებს თითქმის 1 მლნ. ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმეს. ზოგიერთი ხელშეკრულება ითვალისწინებს ისეთი მომსახურების მიწოდებას (მაგ: საეთერო დროის შესყიდვა, გადაცემების და სიუჟეტების მომზადება), რაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ” კანონით და, ამასთან, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას წარმოადგენს. 2


აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

„მაუწყებლობის შესახებ” კანონის 661 მუხლი, პუნქტი 1

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ტელეკომპანიებსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოიპოვა.

მუნიციპალიტეტებიდან მიღებული თანხები რამდენიმე ტელეკომპანიისთვის მთლიანი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ეს გარემოება ეჭვქვეშ აყენებს ტელეკომპანიების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

განსაკუთრებით საეჭვო ხელშეკრულებები

საჯარო უწყებებს მაუწყებლისგან მომსახურების შესყიდვა მხოლოდ სოციალური რეკლამის ან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განთავსების მიზნებისთვის შეუძლია. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა არა ერთი შემთხვევა, როდესაც ტელეკომპანიებს სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადება, მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქება და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ეთერში მიწვევა ევალებათ. მსგავსი სახის მომსახურების შესყიდვა კანონს ეწინააღმდეგება. სიუჟეტებისთვის თემების შერჩევა, გადაცემების დაგეგმვა და სტუმრების მოწვევა სარედაქციო პოლიტიკის ნაწილია და დაუშვებელია ეს მომსახურებად იყოს გაყიდული.

ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია

რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის 9 მარტს ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიასთან 180,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით ტელეკომპანიას ევალება მიმდინარე წლის განმვლობაში რუსთავის მერიისა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ სიუჟეტების (არანაკლებ 1000) და ვიდეოკლიპების (არანაკლებ 3155) გაშვება.  ამავე შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციაში კი მითითებულია, რომ მიმწოდებელმა ეთერში უნდა მიიწვიოს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში კი უზრუნველყოს დამკვეთის ღონისძიებებიდან პირდაპირი ჩართვები. მსგავსი სახის ხელშეკრულება იმავე თანხაზე მუნიციპალიტეტსა და ტელეკომპანიას შორის 2014 წლის 29 დეკემბერსაც გაფორმდა. 2015 წლის 24 თებერვალს ტელეკომპანიამ ხელშეკრულება გარდაბნის მუნიციპალიტეტთანაც გააფორმა. 36,000 ლარი ღირებულების ხელშეკრულება „სატელევიზიო სამაუწყებლო-საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებას” ითვალისწინებს.

ტელე-რადიო კომპანია რიონი

2015-2016 წლებში ქუთაისის მერიას „ტელერადიოკომპანია რიონთან” 13 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულებაც 200,000 ლარზე მეტია. ამ ხელშეკრულებებში სოციალური რეკლამისა და განცხადებების განთავსებასთან ერთად გვხვდება შემდეგი სახის მომსახურებები:  მერიის მიერ ორგანიზებული სპორტული თუ კულტურული ღნისძიებების გაშუქება, საზოგადოებრივი თოქ-შოუების მომზადება და გაშვება, გადაცემების მომზადება სპორტსმენების პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. მსგავსი სახის მომსახურება რიონმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტსაც გაუწია. კერძოდ, 3500 ლარიანი ხელშეკრულება მოიცავდა ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ორი 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმის მომზადებას და ეთერში გაშვებას.

მარნეული ტვ

მარნეული ტვ-სა და მარნეულის მუნიციპალიტეტს შორის 2015-2016 წლებში 100,000 ლარზე მეტის ღრებულების ოთხი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს ითვალისწინებს, მათ შორის: საკრებულოს სხდომების და გამგეობის გაერთიანებული თათბირების ეთერში გადაცემა, ამ გადაცემების გამეორებით მეორე დღეს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ანონსების გადაცემასაც.

ტელევიზია “არგო”

ტელეკომპანია “არგოს”, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მაუწყებლობს, ტენდერის საფუძველზე ამავე მუნიციპალიტეტისგან 2016  წელს 17 თებერვლის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე 20 000 ლარი აქვს მიღებული.

კონტრაქტის თანახმად, მაუყწებელი ვალდებულია გააშუქოს საკრებულოს სხდომები და საქმიანობა, უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის საჯაროობა და გააშუქოს პრესცენტრის მიერ მიწოდებული მასალა.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კონტრაქტით, კომპანია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უმოკლეს დროში მოახდინოს  ჟურნალისტების მობილიზება გადაღებისთვის, და რაც მთავარია, შეიტანოს ცვლილებები ტელეკომპანიის სამაუწყებლო ბადეში.

ტელეკომპანია “იმერვიზია”

იმერვიაზია, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებისგან 2015-2016 წლებში საეთო ჯამში 4 კონტრაქტი აქვს მიღებული ტენდერის საფუძველზე. 2015 წელს გაფორემული 2 კონტრაქტის საფუძველზე ტელეკომპანიამ  37 890 ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს 53 979 ლარი. 2016 წელს მიღებული თანხა 16 089 ლარით მეტია  წინა წელთან შედარებით.

2015 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტს მაუწყებლისგან შესყიდული აქვს შემდეგი სახის მომსახურება: საკერბულოს სხდომები, გამგეობის საჯაროობის უზრუნველყოფა, რეკლამა, განცხადებების გაშუქება/განთავსება. ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტს მაუწყებლისგან შესყიდული ჰქონდა საეთერო დრო.

ტელეკომპანია “იმერვიზიის” 2015 წელს მთლიანი შემოსავალი 81296 ლარი იყო, მუნიციპალიტეტისგან მიღებულმა თანხამ საერთო შემოსავლის 46.6% შეადგინა.

“იმერვიზიამ” 2015-2016 წლებში ორივე მუნიციოალიტეტიდან ჯამში 91 869 ლარი მიიღო.

ტელეკომპანია გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტისგან, ტელეკოპმანია “გურჯაანს” 2015 წელს, სხდომებისა და განცხადებების განსათავსებლად 42 000 ლარიანი კონტრაქტი აქვს მიღებული ტენდერის საფუძველზე. რაც მისი ამავე წლის შემოსავალის, 102 845 ლარის,  40% შეადგენს.

იმავე ოდენობის თანხა მიიღო ტელეკომპანიამ 2016 წელსაც, თუმცა, წინა წელთან შედარებით გასაწევი მომსახურების ჩამონათვალს ვიდეორგოლების მომზადების მომსახურებაც შეემატა. ჯამში 2015-2016 წლებში გურჯაანის ტელევიზიას მუნიციპალიტეტისგან 84 000 ლარი მიიღო.

საყურადღებოა, რომ წინა წელი რეგიონული მედიასაშუალებებისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ფინანსურად. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ განსაკუთრებით მძიმე ფინანსური შედეგი მოიტანა მათთვის. ფინანსურ პრობლემბზე გავლენა იქონია ქვეყანაში არსებულმა ეკონომკურად არამდგრადმა გარემომ, ლარის კურსის არასტაბილურობამ. ასევე, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმაც, რომლითაც შეიცვალა სარეკლამო დროის ლიმიტები და განისაზღვრა ახალი წესები სპონსორობისა და პროდუქტის განთავსებისათვის.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ რეგიონული მედიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით გაციფრულების პროცესში სახელწიფოს და დონორების მხრიდან არ ყოფილა უმცირესი მატერიალური დახმარებაც ტექნიკურ გადაიარაღებაში დახმარებლად.

“ის, რომ მედია იღებს შესყიდვას მუნიციპალიტეტის თუ თვითმმართველობის მხრიდან არ უნდა იყოს სტერეოტიპიზირებული. ამგვარი შესყიდვების სრული აკრძალვა არ იქნებოდა სწორი, ამიტომ კანონში ჩაიდო გამჭვირვალობის მექანიზმი - ტენდერის საფუძველზე. ასეთი შესყიდვები შეიძლება იყოს რისკების მატარებელი იმ შემთხვევაში თუ მას გავლენა ექნება შინაარსობრივ ნაწილზე, რასაც სჭირდება შესაბამისი მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუ ამგვარი შესყიდვით ხდება, მაგალითად, საკრებულოს სხდომების უცვლელი სახით ეთერში ტრანსლირება, რისი გაკეთებაც თავისი ძალებით არ შეუძლია მაუწყებელს, ესაა კარგი შესყიდვა და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ამიტომ აქ არ არსებობს მზა პასუხი იმაზე, რომ თუ მედიასაშუალება მუნიციპალიტეტისგან ფულს იღებს - აქ აუცილებლად იქნება გავლენა შინაარსზე” - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ კომენტარში ნათია კუპრაშვილი.

_________________________

1 აქ იგულისხმება 2014 წლის დეკემბრის ბოლოს გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულებაც, რომელთა ღირებულების გადახდას 2015 წელს მოხდა.

2 შესწორება: კომპანიების მთლიანი შემოსავლები მოცემლია დღგ-ის გარეშე, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების უმეტესობა კი დღგ-ის ჩათვლით

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“