ENG

რატომ ვეღარ დავდივართ თავისუფლად თბილისის ტროტუარებზე?

26 სექტემბერი, 2014

 

თბილისში ხშირად ნახავთ სიტუაციას, როდესაც ქალაქის რომელიმე ქუჩის ტროტუარზე ფეხით გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია ტროტუარზე გაჩერებული მანქანების გამო. გარდა იმისა, რომ ასეთი მდგომარეობა თბილისის ქუჩებში ფეხით სიარულს მოუხერხებელს ხდის ყველა ადამიანისთვის, ის განსაკუთრებით მძიმე პრობლემებს უქმნის, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც სპეციალური ეტლით გადაადგილდებიან, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც საბავშვო ეტლით ბავშვებს ასეირნებენ.

ასეთი სიტუაცია სამარცხვინო და სრულიად მიუღებელია თანამედროვე ქალაქისთვის, თუმცა უწყებები, რომელბსაც ამ პრობლემის გადაჭრა ევალებათ, წლების განმავლობაში არაფერს აკეთებენ ვითარების გამოსასწორებლად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით – კიდევ უფრო ამძიმებენ მდგომარეობას.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ტროტუარზე მანქანის გაჩერება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტროტუარზე დგას შესაბამისი საგზაო ნიშანი და არის შესაბამისი საგზაო მონიშვნა. სადავოა, უნდა უშვებდეს თუ არა კანონი ტროტუარზე პარკირებას თუნდაც გამონაკლისის სახით, თუმცა ცხადია, რომ თბილისის ტროტუარებზე გაჩერებული მძღოლების დიდი უმრავლესობა პირდაპირ არღვევს კანონის დღევანდელ მოთხოვნებსაც.

ლოგიკურია ვიკითხოთ: თუ თბილისის ტროტუარებზე გაჩერებული მანქანების მძღოლები კანონს არღვევენ, რატომ არ ხდება მათ მიმართ შესაბამისი სანქციების გატარება, რაც იმავე დარღვევის განმეორების ალბათობას შემაცირებდა და მანქანებით ჩახერგილი ტროტუარების პრობლემის გადაჭრასაც შეუწყობდა ხელს?

თბილისში მანქანების რიცხვი ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფად იზრდება, რაც ცხადია მანქანის გასაჩერებელი ადგილების ნაკლებობას წარმოშობს. თუმცა, თბილისის მერიამ, ამ პრობლემასთან გამკლავების კომპლექსური პროგრამის მომზადებისა და განხორციელების ნაცვლად, პარკინგის დეფიციტის აღმოფხვრა ტორტუარებზე მანქანის გაჩერების დე ფაქტო დაკანონებით გადაწყვიტა, რაც გულისხმობს, რომ თბილისში მძღოლებს პრაქტიკულად დაუსჯელად შეუძლიათ მანქანის ტროტუარზე გაჩერება იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პირდაპირ არღვევენ კანონის ზემოხსენებულ მოთხოვნებს.

თბილისში პარკირების მართვას რამდენიმე წელია კომპანია სითი პარკი აწარმოებს. კომპანიის ვებგვერდზე ტროტუარზე მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით იგივე წესებია მოყვანილი, რაც ზემოხსენებულ კანონში, ასევე წერია, რომ ტროტუარზე წესების დარღვევით გაჩერებული მანქანა ექვემდებარება დაჯარიმებას და სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.

ტროტუარზე პარკირების მხრივ არსებული შეზღუდვების პრაქტიკაში აღსრულება არ ხდება, რაც სავარაუდოდ იმის შედეგია, რომ თბილისის მერიას ბოლო წლებში სითი პარკისთვის კომპანიის უშუალო მოვალეობების შესრულება არ მოუთხოვია (თუ გამოვრიცხავთ უფრო ცუდ შესაძლებლობას, რომ სითი პარკი მერიის პირდაპირი მოთხოვნით ხუჭავს თვალს ტროტუარზე გაჩერებული მანქანების მფლობელთა მიერ კანონის დარღვევაზე).

აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად არაფერს აკეთებს საპატრულო პოლიციაც.

თბილისის მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ უკვე გამოხატა უკმაყოფილება სითი პარკის მუშაობით, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მერიის ფეხით მოსიარულეთა ინტერესების იგნორირება სითი პარკის მიმართ მერიის ძირითად პრეტენზიებს შორის არ ყოფილა. მერიის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სითი პარკთან დადებული ხელშეკრულების შესაძლო გადახედვის შესახებ.

იმისდა მიუხედავად, გადაიხედება თუ არა სითი პარკთან დადებული ხელშეკრულება და გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია თბილისში პარკინგის მართვას, თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ უნდა მოთხოვოს კომპანიას ფეხით მოსიარულეებისთვის ქალაქის ტროტუარებზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც დღევანდელი კანონმდებლობით დადგენილი სანქციების (დაჯარიმება და ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა) პრაქტიკაში გატარებას გულისხმობს. უნდა გადაიხედოს თბილისის ზოგიერთი ქუჩის ტროტუარზე პარკინგისთვის ადგილების დახაზვის დღევანდელი პრაქტიკაც.

ამრიგად, თუ მერიას სურს, რომ თბილისი ცივილიზებულ თანამედროვე ქალაქად აქციოს და თუ ფეხით მოსიარულეებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ მიიჩნევს, მან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქალაქის ტროტუარების გაწმენდა კანონის დარღვევით გაჩერებული მანქანებისგან.

Author: ერეკლე ურუშაძე