ENG

რატომ გაუქმდა ვებგვერდი www.metisargebeli.ge?

10 სექტემბერი, 2012

2012 წლის 30 აგვისტოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ დაფიქსირდა საქართველოს სამთავრობო პროგრამის - „მეტი სარგებელი ხალხს” (metisargebeli.ge) ვებგვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარეკლამო ვიდეოკლიპის არსებობის ფაქტი.

ეს ქმედება არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ ითვლება ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებად და 88-ე მუხლის მიხედვით ექვემდებარება დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღნიშნული დარღვევის შესახებ 30 აგვისტოს მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. იმავე დღეს ტელეკომპანია „მაესტროს” ეთერში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათლად ჩანს სამთავრობო პროგრამის ვებგვერდზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამა.

4 სექტემბერს ცესკოდან მივიღეთ პასუხი, სადაც აცხადებენ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებულ ინტერნეტ ბმულიდან შეუძლებელია რაიმე სახის ინფორმაციის მიღება და დამატებითი ინფორმაცია არის საჭირო.

როგორც გაირკვა, ჩვენს მიერ ცესკოსთვის ზემოთ აღნიშნული წერილის გაგზავნის შემდეგ ჩვენთვის უცნობი მიზეზით ვებგვერდმა www.metisargebeli.ge ფუნქციონირება შეწყვიტა და შესაბამისად შეუძლებელი გახდა მასზე ინფორმაციის გადამოწმება. თუმცა ჩვენ მიერ გადაღებული ე.წ. „სქრინშოთი“ და ტელეკომპანია „მაესტროს” სიუჟეტი ნათლად ადასტურებს 30 აგვისტოს მდგომარეობით სამთავრობო პროგრამის ვებგვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო რეკლამის არსებობის ფაქტს.

შესაბამისად, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოახდინოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული რეაგირება, დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
elections