ENG

რატომ არის უკანონო ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება

22 თებერვალი, 2013

2013 წლის 13 თებერვალს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ლიპარტელიანმა, რომელიც გამგებლად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით მიმდინარე წლის პირველ თებერვალს აირჩია, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდა გამგეობის ტერიტორიული ერთეულის ყველა რწმუნებულს. მიგვაჩნია, რომ ეს ბრძანება გარკვეული მიზეზების გამო არის უკანონო და ეხმიანება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურში (განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე) მიმდინარე მანკიერი საკადრო პოლიტიკის ტენდენციას, რის შესახებაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სხვა დროსაც წერდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის; 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის; „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 93-ე და 95-ე მუხლების საფუძველზე. ამის შემდეგ ბრძანებაში გაწერილია ის პროცედურული საკითხები რითიც უნდა მოხდეს ბრძანების აღსრულების უზრუნველყოფა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და ის უნდა აკმაყოფილებდეს ამ აქტის მიმართ კანონით არსებულ ყველა მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი გამგებელს აძლევს უფლებას გაათავისუფლოს რწმუნებული, მისი გათავისუფლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი საფუძვლების შესაბამისად უნდა მოხდეს.  

მოცემულ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად გამგებელი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 95-ე მუხლზე (სხვა მითითებული ნორმები ადგენს მხოლოდ გამგებლის უფლებამოსილებას იმის შესახებ, რომ მას შეუძლია რწმუნებულის გათავისუფლება), რომელიც გულისხმობს საჯარო მოხელის გათავისუფლებას საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უფრო კონკრეტულად კი კანონის ეს ნორმა ამბობს, რომ პირის გათავისუფლების მიზეზი  შეიძლება იყოს საკუთარი განცხადება მაშინ როდესაც „მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას.“  უცნაურია, რომ ლენტეხის გამგებლის ბრძანებაში არ არის ნახსენები რომელიმე რწმუნებულის განცხადების შესახებ, ხოლო აქტის დასაბუთებაში ბრძანების გამოცემის მიზეზად მითითებულია „საკადრო ცვლილებების აუცილებლობა“ და არა გათავისუფლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება. ეს იმას ნიშნავს, რომ გამგებელი თავისი ბრძანებით ათავისუფლებს რწმუნებულებს და ამის საფუძვლად კანონის აბსოლუტურად შეუსაბამო ნორმა მოჰყავს. ამასთანავე, უცნაურია ბრძანების მე-3 პუნქტი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ჩართულობასა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებაზეა საუბარი. გაუგებარია, რა ფორმით უნდა ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ პროცესში.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, უკანონო. სასამართლოში მისი გასაჩივრება შეუძლია ნებისმიერ გათავისუფლებულ რწმუნებულს, ხოლო იმის გამო, რომ ბრძანებაში არ არის მითითებული აქტის გასაჩივრების ვადა, სასამართლოში სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი.

მიგვაჩნია, რომ ლენტეხის გამგებლმა აღნიშნული ბრძანება უნდა გააუქმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია სახეზე გვქონდეს მის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ტენდენციას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების საკადრო პოლიტიკა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურების ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა კანონიერი, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კარგად დასაბუთებული საკადრო გადაწყვეტილებები მიიიღონ, როგორც თანამშროლების სამსახურიდან გაშვების, ისე მათი სამსახურში აყვანის დროს.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო