რატომ არ ესწრება მარიამ საჯაია პარლამენტის სხდომებს? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რატომ არ ესწრება მარიამ საჯაია პარლამენტის სხდომებს?

08 ნოემბერი, 2013

31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა წევრები დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ სხდომების სისტემატურად გაცდენის საკითხით დაინტერესდნენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დეპუტატის მიერ წარმოდგენილ განცხადებებში სხდომების გაცდენის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება, თუმცა მათი ინფორმაციით, გაცდენების რეალური მიზეზი მარიამ საჯაიას სასწავლო მიზნით საზღვარგარეთ ყოფნაა. ჩვენ მიერ ამ საკითხის შესწავლამ რამდენიმე ყურადსაღები ფაქტი გამოკვეთა, რაც, ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ამ საკითხზე პარლამენტს ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიმართა წერილობით. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატი საჯაია იმ ორი კომიტეტის მიერ, რომლის წევრიც არის, ივლის-ნოემბერში გამართული 35 სხდომიდან მხოლოდ ერთს დაესწრო, თუმცა კუთვნილ ხელფასს მაინც იღებს. გაცდენის მიზეზად დეპუტატი მართლაც ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, მაგრამ გაუგებარია უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ყოფნა ამ კატეგორიაში როგორ ხვდება. პარლამენტი დეპუტატს გაცდენის ამ მიზეზს საპატიოდ უთვლის, თუმცა მას სამი არასაპატიო გაცდენა მაინც დაუგროვდა, რაც ხელფასის 10%-ის დაქვითვას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ეს საკითხი დღის წესიგში ჯერ არ დაუყენებია. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ დეპუტატისთვის ყოველთვიურად დარიცხული 4190 ლარიდან, წესისამებრ, 1790 ლარი განკუთვნილია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო 400 ლარი - სატრანსპორტო მომსახურებისთვის, თუმცა გაუგებარია ქვეყანაში არმყოფ ადამიანს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებული რა სატრანსპორტო ან სხვა სახის ხარჯი უნდა ჰქონდეს და რატომ უნდა ეძლეოდეს ამისთვის თანხა.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის შედეგად იკვეთება დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ პარლამენტის რეგლამენტის შესაძლო დარღვევის ფაქტი. პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება საჯაიასთვის ხელფასის დაქვითვის კუთხით. ამასთანავე, სასწავლებლად წასვლა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ვერ ჩაითვლება გაცდენის საპატიო (ოჯახური მდგომარეობის გამო) მიზეზად. შესაბამისად, პარლამენტმა ამ საკითხზეც უნდა იმსჯელოს. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათთვის მინიჭებულ მანდატს და კეთილსინდისიერად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

 

Author: კახა ურიადმყოფელი