ENG

რაში სდებენ ბრალს ბიზნესმენები ყოფილ ხელისუფლებას და კოლეგებს

14 ნოემბერი, 2012

„ბიზნესის კეთების თავისუფლების ინდექსის” მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის რეიტინგში დაწინაურდა და მე-9 ადგილზე განთავსდა. თავისთავად კანონმდებლობის გაუმჯობესება მისასალმებელია და ამ კუთხით სახელმწიფოში განხორციელებული პოზიტიური რეფორმების გამოხატულებაა, თუმცა აღნიშნული გლობალური კვლევა ძირითადად პროცედურულ საკითხებზეა ფოკუსირებული და, მეთოლოგიიდან გამომდინარე, ვერ ასახავს იმ არაფორმალურ პრობლემებსა და ბარიერებს, რომლებსაც საქართველოში ბიზნესი უკანასკნელ წლებში აწყდებოდა.

არჩევნების შემდეგ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ სახელმწიფო ზეწოლაზე და მათი ქონების იძულებით დათმობის შემთხვევებზე.

ბიზნესის ნაწილი დღეს უკვე ღიად საუბრობს მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, ზოგიერთი ბიზნესმენი კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებსა და, ზოგიერთ შემთხვევაში, კოლეგებსაც დებენ ბრალს. თითოეული ქვემოთ მოყვანილი ფაქტი სიღრმისეულ გამოძიებას საჭიროებს, თუმცა ცხადია, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების კუთხით პრობლემები არსებობს.

ნავთობპროდუქტების სექტორი

საინტერესოა კომპანია „მაგნატი 2006”-ის ერთ ერთ დამფუძნებლის ჯემალ ლეონიძის განცხადებებიც. 2010 წლის 13 აგვისტოს იგი თაღლითობის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული, ხოლო მოგვიანებით სასამართლოს განაჩენით  დამნაშავედ იქნა ცნობილი და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით. ბატონი ლეონიძე დღემდე პატიმრობაშია.

კომპანია „მაგნატი 2006” საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო. კომპანიას 43 ბენზოგასამართი სადგური, 4 ნავთობტერმინალი, 3 რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა და სხვა მოძრავი ქონება ჰქონდა.1

ბატონი ლეონიძის განცხადებით, 2008 წლის ბოლოდან დაიწყო მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა კომპანიიდან მისი ჩამოშორების მიზნით. პატიმრობაში მყოფი მესაკუთრე საუბრობს მის მიმართ წარმოებულ კმაპანიაზე,  რომელშიც პროკურატურასა და  საგადასახადო ორგანოებთან ერთად ორი კომერციული ბანკიც მონაწილეობდა.

ჯემალ ლეონიძის განცხადებით კომპანია მიზანმიმართულად გააკოტრეს და გააუფასურეს მისი აქტივები. საბოლოო ჯამში, კომპანია გასხვისებულ იქნა „სან პეტროლიუმ ჯორჯიაზე“, რომელიც „გალფის” (GULF) ბენზოგასამართ სადგურებს ფლობს. ლეონიძის განცხადებით, მსგავსი მეთოდებით წაართვეს მას სხვა ბიზნესებიც.2

მედია სექტორი

2012 წლის 10 ოქტომბერს ასევე განცხადება გაავრცელეს ტელეკომპანიის “რუსთავი 2” დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ. მათი თქმით, მათ იძულების წესით დაათმობინეს კომპანიის 60 პროცენტიანი წილი. დვალი და აქიმიძე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არებულ ზეწოლაზეც საუბრობდნენ.

მიმდინარე წლის ოქტომერში, სამაუწყებლო ტელეკომპანია „იმედი” მისი ყოფილი დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა სიმბოლურ თანხად უკან დაიბრუნა. ტელევიზიის ახალი მფლობელის, ინა გუდავაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ ოჯახს დაუკავშირდნენ და შესთავაზეს ტელევიზიის დაბრუნება, რასაც ისინი დათანხმდნენ. მოლაპარაკებები მალე დასრულდა და ტელეკომპანია “იმედი”, რომლის უკანასკნელი მფლობელები ხელისუფლებასთან ასოცირებული პირები იყვნენ, ძველ მეპატრონეს გადაეცა . ტელევიზიის 10-პროცენტიანი წლის თანამფლობელად დარჩა ჯოზეფ ქეი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ნათესავია.

საბანკო სექტორი

ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ასევე საფოსტო ბანკის ყოფილი დირექტორი და წილის მფლობელი სერგო იაკობიძე.

იაკობიძის განცხადებით, მისი ბიზნესის წართმევაში აქტიურად მონაწილეობდა ზაზა გოროზია. მას თავდაპირველად ნაციონალური მოძრაობის დაფინანასება, ხოლო შემდეგ კი 80-პროცენტიანი წილის გადაფორმება მოსთხოვეს.

დღეს სერგო იაკობიძეს ბრალად ედება პენსიების მიტაცება და იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

კომუნიკაციების სექტორი

განცხადება ასევე გაავრცელა საერთაშორისო ზარების ოპერატორი 8-15-ის ერთ ერთმა დამფუძნებელმა ვაჟა სამადბეგიშვილმა. სამადბეგიშვილს და მის მეუღლეს ბრალად დაედოთ თაღლითობა და ისინი დააპატიმრეს. სამადბეგიშვილის განცხადებით მისი დაკავება არ იყო სამართლიანი და კომპანიიდან მის ჩამოცილებას ემსახურებოდა. კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორის უკანონო ქმედებების შედეგად, მას და სხვა პარტნიორებს ადგებოდათ ზიანი, რასაც ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი შემოწმების აქტიც ადასტურებს, რომლითაც კონკრეტული თანამესაკუთრეების ბრალეული ქმედება გამოაშკარავდა. მიუხედავად ამისა სამადბეგიშვილმა ვერ მოახერხა სასამართლოს მეშვეობით საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება და უფრო მეტიც, ბიზნესმენის განცხადებით, სამართლადამცავმა ორგანოებმა და მათთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პარტნიორმა მისი მიზანმიმართული დევნა დაიწყეს .

კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს კავკასუს ონლაინის” ყოფილი მეპატრონე, მამია სანადირაძე. მისი თქმით, 2008 წლიდან მასზე და მის კომპანიაზე ზეწოლა მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე “კავკასუს ონლაინის” საქმიანობისთვის ხელის შეშლას აქტიურად ახორციელებდა საქართველოს ელქტროკავშირი (“სილქნეტი”). მამია სანადირაძის განცხადებით, არაერთხელ დაფიქსირშემთხვევები, როდესაც  ელექტროკავშირის თანამშრომლები გამიზნულად აზიანებდნენ კომპანიის კუთვნილ კაბელებს, რითიც ინტერნეტის მიწოდება ფერხდებოდა. “კავკასუსმა” არაერთხელ მიმართა, როგორც შსს-ს, ისე კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, თუმცა განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია. სანადირაძის განცხადებით მასზე ზეწოლა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსმენებში დახმარებაზე უარი განუცხადა. საბოლოოდ, მამია სანადირაძის განცხადებით, იგი იძულებული იყო კომპანია დაეთმო და ქვეყანა დაეტოვებინა .

სხვადასხვა

2012 წლის ოქტომბერში „ელიტ ელექტრონიქსის” ყოფილმა მესაკუთრემ ანზორ ქოქოლაძემ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მისი ბიზნესის ჩამორთმევის სქემაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა „თი ბი სი ბანკი” და მოითხოვა „თი ბი სი ბანკის” მიერ მისი აქციების დაბრუნება და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. „ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებლის განცხადებით, ის ბანკის მიმართ არსებულ ვალდებულებებს დროულად ფარავდა და არ არსებობდა არავითარი საფუძველი მისი აქციების გასხვისებისთვის. ანზორ ქოქოლაძე ასევე უარყოფს პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ იგი უსამართლოდ იქნა დაკავებული და რომ ბანკი და ხელისუფლება ერთობლივად მოქმედებდნენ კომპანიიდან მისი ჩამოშორების მიზნით.

თავის მხრივ „თი ბი სი-ს” წარმოამდგენლები უარყოფენ ანზორ ქოქოლაძის ბრალდებას და აცხადებენ, რომ წილები მხოლოდ იმიტომ გადაიფორმეს, რომ „ელიტ ელექტრონიქსის” მეპატრონეს გადაუხდელი ვალდებულებები დაუგროვდა. შესაბამისად, ბანკმა საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი წილებით მოახდინა. TBC-ის წარმომადგენლების განცხადებით, ბანკმა ანზორ ქოქოლაძეს არაერთხელ დაუწესა შეღავათები, მათ შორის გამოუყო დამატებითი კრედიტი, თუმცა ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულება ვერ მოხერხდა.

განცხადება გაავრცელა ასევე, კომპიუტერული კომპანია „მაქსტოპის“ ყოფილმა მესაკუთრემ, მინდია ქაშიბაძემ. მისი თქმით, მასზე წლების განმავლობაში მაღალჩინოსნების მიერ ხორციელდებოდა ზეწოლა თანხების გადახდის მოთხოვნით. ქაშიბაძემ ზეწოლაში დაადანაშაულა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ასევე ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები ირაკლი კირკიტაძე და ლევან ფხალაძე.

კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომლიც სახელმწიფოს მიერ ქონების წართმევაზე საუბრობს, მაღაზია “ალბატროსის” მესაკუთრე დავით ბეგიაშვილია.  ბეგიაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში მონაწილებოდნენ კუდის მაღალჩისნები, პროკურატურა და საგადასახადო ორგანოები. მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძება და იგი ქონების თაღლითური წესით დაუფლების გამო დააკავეს. მის საქმეში მრავალი ეპიზოდი ფიგურირებდა. საბოლოოდ ბეგიაშვილმა ქვეყანა დატოვა და ამჟამად შვეიცარიაში აქვს მიღებული პოლიტიკური თავშესაფარი.

ეს არის მცირე ნაწილი იმ განცხადებებისა, რომლებიც ბოლო პერიოდში რამოდენიმე ბიზნესმენმა გაავრცელა. განცხადებების კვლავაც ვრცელდება, სავარაუდოდ მომავალში საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.  

ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უმოკლეს პერიოდში დაიწყოს აღნიშნული საქმეების საფუძვლიანი გამოძიება.  ვფიქრობთ, რომ ბიზნეს-სექტორში სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღებისთვის.  




2 იხ. ჯემალ ლეონიძის სრული განცხადება: http://leonidze-magnati.ge/25--.html

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო