ENG

რამდენად მიზანშეწონილია ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებების დადება

28 იანვარი, 2013

 

საქართველოს 23 ქვეყანასთან გაფორმებული აქვს ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები.[1] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ტიპის ხელშეკრულებებზე მოლაპარაკება კიდევ 32 ქვეყანასთან იგეგმება[2].

იმის გამო, რომ საზოგადოება ამ საკითხზე ნაკლებადაა ინფორმირებული, წინამდებარე ბლოგში ვეცადეთ განგვემარტა, თუ რა არის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება, რა მიზანი აქვს მას და რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი ხელშეკრულებების გაფორმება. აღმოჩნდა, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულებების სარგებლიანობის შესახებ ერთმნიშვნელოვანი აზრი არ არსებობს და სახელმწიფოში შესაბამისი ინსტიტუტების გაუმართავი მუშაობის პირობებში, იგი ქვეყნისთვის შეიძლება ზარალის მომტანიც კი იყოს.

ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულება იდება ორ ქვეყანას შორის, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, არ დაარღვიონ ხელშემკვრელი სახელმწიფოს წარმომავლობის მქონე ინვესტორების უფლებები, არ განახორციელონ მათი ქონების ექსპროპრიაცია, არ ჩააყენონ ისინი სხვა (საკუთარი ან მესამე ქვეყნის წარმომავლობის მქონე) ინვესტორებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში[3]და ა.შ.

ამ ტიპის ხელშეკრულებები, როგორც წესი, შეიცავენ დავის მოგვარების მექანიზმებს საერთაშორისო საინვესტიციო და საარბიტრაჟო ტრიბუნალებში მიმართვის გზით, რისი საშუალებითაც ინვესტორს უფლება აქვს დამოუკიდებლად და ქვეყნის შიდა სასამართლოების გვერდის ავლით გაასაჩივროს სახელმწიფოს არამართლზომიერი ქმედება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

2011 წელს საინვესტიციო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების უპრეცედენტო რაოდენობა - 46 დაფიქსირდა, რის შედეგადაც ამ ტიპის დავების მთლიანმა რაოდენობამ 450-ს მიაღწია. აქედან დავების უმეტესობა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრ - ICSID-სა (279 საქმე) და გარეს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისია - UNCITRAL-ზე (126 საქმე) მოდის[4]. სხვა დავების განმხილველი ინსტიტუტებიდან 21 საქმე სტოკჰოლმის სავაჭრო პალატამ, 7 საერთაშორისო სავაჭრო პალატამ და თითო საქმე კაიროს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის რეგიონალურმა ცენტრმა და ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილეს.[5]

2011 წელს არსებითად განხილული 11 საქმიდან 4 სახელმწიფოების სასარგებლოდ, ხოლო 7 ინვესტორის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილი. შესაბამისად, 2011 წლის ბოლოსთვის მთლიანი რაოდენობის საჯაროდ ხელმისაწვდომი არსებითად განხილული და გადაწყვეტილი საქმეებიდან 55% სახელმწიფოების სასარგებლოდ, ხოლო 45% ინვესტორების სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილი.[6]

საინვესტიციო დავებისას ყველაზე გავრცელებულია ICSID-ის გამოყენება, ამგვარი პოპულალურობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სხვა არბიტრაჟებისაგან განსხვავებით მისი გადაწყვეტილებების აღსრულება პირდაპირ სავალდებულოა სახელმწიფოსთვის[7] და არ საჭიროებს საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციით გათვალისწინებულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებას ქვეყნის შიდა სასამართლოს გავლით, ეს კი, როგორც წესი, დროსთან და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ცნობისათვის, გასულ წელს ICSID-მა ეკვადორს აშშ - ეკვადორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების დარღვევისთვის საინვესტიციო დავების ისტორიაში უპრეცენდენტო ოდენობის თანხის - 1 მილიარდ 769 მილიონ 625 ათასი აშშ დოლარის - გადახდა დააკისრა ამერიკული კომპანია Occidental Petroleum Corp-ის სასარგებლოდ[8].

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ICSID-ის მიმართ გაიზარდა ლათინური ამერიკის ქვეყნების უკმაყოფილება. 2009 წლის მაისში ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ განაცხადა, რომ ICSID-ი კოლონიალიზმის გამოვლინებას წარმოადგენს[9]. იმავე წლის ივნისში კი ბოლივიისა და ეკვადორის პრეზიდენტებმა გაეროს კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ICSID-ი უნდა დაიშალოს.[10] 2012 წლის იანვარში ვენესუელა გახდა მესამე ქვეყანა (ეკვადორისა და ბოლივიის შემდეგ), რომელმაც ICSID-ის კონვენციის დენონსირება მოახდინა.[11]

ინვესტიციების დაცვის პირველი ორმხრივი ხელშეკრულება 1959 წელს გერმანიასა და პაკისტანს შორის გაფორმდა. 60-იანი წლების ბოლოს ამგვარი ხელშეკრულებების რიცხვმა 75-ს მიაღწია, 80-იანი წლების ბოლოს - 389-ს,[12] ხოლო 2011 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი მსოფლიოში 2833-მდე გაიზარდა[13] და კვლავ იზრდება.

ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებების ამგვარი პოპულარობა განვითარებად ქვეყნებში, სადაც, როგორც წესი, ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი წყარო უცხოური ინვესტიციებია, ძირითადად განპირობებულია ინვესტიციების მოზიდვის მოტივით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის ხელშეკრულება ინვესტორს უფლებადაცვის მეტ გარანტიას აძლევს, ინვესტორი უფრო თამამად უნდა დებდეს ინვესტიციას ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ასეთ ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. თუმცა აკადემიურ წრეებში არ არის კონსესუსი, რომ ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები პოზიტიურ გავლენას ახდენს ინვესტიციების ზრდაზე.

პირველი ეკონომეტრიკული კვლევა[14] ამ კუთხით 1998 წელს ჩატარდა, რომელმაც 72 ქვეყნის ანალიზზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სტატისტიკური მიმართება ინვესტიციების ზრდასა და ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებებს შორის ძალიან სუსტი იყო. 2003 წლის კვლევაში სახელად „იზიდავს თუ არა უცხოურ ინვესტიციებს ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები”[15] ავტორი ასკვნის, რომ ინვესტიციების დაცვის ორმხრივ ხელშეკრულებებსა და უცხოური ინვესტიციის ზრდას შორის არსებითი კავშირი არ დგინდება. თუმცა აღნიშნული დასკვნისგან განსხვავებით, პროფ. ერიკ ნეუმაიერის 2005 წლის კვლევაში[16] ნათქვამია, რომ ინვესტიციების დაცვის ორმხრივ ხელშეკრულებებსა და ინვესტიციების ზრდას შორის პოზიტიური კორელაცია არსებობს. 2005 წელს ასევე საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ იელის უნივერსიტეტის პროფესორებიც[17], რომელთა აზრითაც ინვესტიციების დაცვის ორმხრივ ხელშეკრულებებს პოზიტიური გავლენა აქვთ ინვესტიციების ზრდაზე მხოლოდ დაბალი რისკების მქონე ქვეყნებში.

ვირჯინიის საერთაშორისო სამართლის ჟურნალში გამოქვეყნებულ 2011 წლის კვლევაში,[18] რომელიც დაფუძვნებულია პოლიტიკური რისკის საინვესტიციო დაზღვევების პროვაიდერებთან ჩატარებულ გამოკითხვაზე, თუ რამდენად ითვალისწინებენ რისკების დათვლისას ამ ტიპის ხელშეკრულებებს,  ნათქვამია, რომ ინვესტიციების დაცვის ორმხრივ ხელშეკრულებებს თითქმის არ აქვს გავლენა ინვესტიციების ზრდაზე და უკეთეს შემთხვევაში მათ არარეგულარული და არათანმიმდევრული მასტიმულირებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ.

ამ საკითხზე კონსესუსის არ არსებობის მიზეზი ბევრია: საკმარისი და ადექვატური მონაცემების არ ქონა, განსხვავებული კვლევის მეთოდებისა და მოდელების გამოყენება სხვადასხვა კვლევებში და ა.შ.[19]

აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია, დანამდვილებით ითქვას თუ რამდენად უწყობს ხელს ინვესტიციების დაცვის ორმხრივ ხელშეკრულებები ინვესტიციების მოზიდვას. როგორც ზემოთ აღინიშნა არსებითად განხილული საინვესტიციო დავების საკმაოდ დიდი ნაწილი სახელმწიფოების წინააღმდეგ წყდება. წაგებული დავისას სახელმწიფოს შესაძლებელია მილიონობით და ზოგ შემთხვევაში ასეულობით მილიონი დოლარის გადახდაც კი დაეკისროს, რომ აღარაფერი ვთქვათ დავის წარმოებისთვის გაწეულ ხარჯებზე. ამასთანავე, საინვესტიციო დავების წარმოება მით უმეტეს თუ ასეთი დავა სახელმწიფოს წაგებით დასრულდა, ზიანს აყენებს მის რეპუტაციის, რამაც შეიძლება ინვესტიციების შემოდინების შეფერხებაც კი გამოიწვიოს.[20] ამიტომ, იმ ფონზე როდესაც საკუთრების უფლების დაცვის კუთხით საქართველოს არც ისე სახარბიელო სიტუაციაშია, დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთი ხელშეკრულებების დადებისას. 


[1]ხელშეკრულებების ჩამონათვალი იხილეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე, ‘ორმხრივი ხელშეკრულებები ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ-BIT’, ხელმისაწვდომია: http://goo.gl/GNw2L

[2]იხ. ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდი: http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=1082

[3]ამ ტიპის ხელშეკრულებები, როგორც წესი შეიცავენ Most Favored Nation Treatment; National Treatment; Fair and Equitable Treatment; Umbrella Clause და სხვა დებულებებს, რომლებიც გამიზნულია ინვესტორის სრული და ყოველმხრივი დაცვისათვის. თუმცა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან ან საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე აუციელებელი საჭიროების (რომელიც შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიდან გამომდინარეობდეს) შემთხვევაში სახელმწიფოს რეგულატორული ან სხვა სახის ჩარევა შეიძლება გამართლებულ იქნეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება დასაბუთების ვალდებულება (მტკიცების ტვირთი).

[4]UNCTAD (2012a), “ Latest Developments in Investor State Dispute Settlement”, IIA Issues Note, No. 1, გვ.1. ხელმისაწვდომია: www.unctad.org/diae

[5]იქვე გვ. 2

[6]Supranote 4; UNCTAD (2011), “ Latest Developments in Investor State Dispute Settlement”, IIA Issues Note, No. 1, გვ.1. ხელმისაწვდომია: www.unctad.org/diae

[7]Convention on the Settlement of Investment Disputes between States and Nationals of Other States, მუხლი 54. ხელმისაწვდომია: http://goo.gl/omMMe

[8]იხ. Occidental petroleum Corporation v. ecuador, ICSID Case No. ARB/06/11

[9]ICSID in Crisis: Straight-Jacket or Investment Protection?, Bretton Woods Project ( 2009), ხელმისაწვდომია: http://goo.gl/QpI2b

[10]L. Trakman (2012), “ICSID Under Siege”, გვ. 2 ხელმისაწვდომია: http://ssrn.com/abstract=2006058

[11]International Institute for Sustainable Development (2012), ‘Venezuela’s Withdrawal From ICSID: What it Does and Does Not Achieve. ხელმისაწვდომია: http://goo.gl/Mqoht

[12]

 UNCTAD/ITE/IIA/2 (2000), Bilateral Investment Treaties 1959-1999

[13]UNCDAT, World Investment Report 2012, გვ. 20, ხელმისაწვდომია: http://goo.gl/jKQ84 

[14]UNCTAD/ITE/IIT/7 (1998), Bilateral Investment Treaties in the Mid-1990s, U.N. Sales No. E.98.II.D.8

[15]Hallward-Driemeier, M. (June 2003). ‘Do Bilateral Investment Treaties Attract FDI? Only a bit…and they could bite,’ World Bank, DECRG.

[16]Neumayer, Eric and Spess, Laura (2005) Do bilateral investment treaties increase foreign direct investment to developing countries? World development, 33 (10). pp. 1567-1585. ISSN 0305-750X

[17]J.Tobin and S. Rose-Ackerman Foreign (2005) Direct Investment and the Business Environment in Developing Countries: the Impact of Bilateral Investment Treaties, Yale Law SchoolCenter for Law, Economics and Public Policym, No. 293

[18]Jason Webb Yackee (2011), ‘Do Bilateral Investment Treaties Promote Foreign Direct Investment? Some Hints from Alternative Evidence’, 51 Va. J. Int'lL. 397, 434

[19]იქვე

[20]Supra note 15

Author: ანდრია ნადირაძე