ENG

რამდენად კანონიერია თენგიზ გუნავას გუბერნატორად წარდგენა

11 იანვარი, 2013

საქართველოს პრეზიდენტმა 10 იანვარს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ბრალდებული თენგიზ გუნავა წარადგინა. ამ გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შეკითხვები გაჩნდა. მიგვაჩნია, რომ გუნავას გუბერნატორად დანიშვნა არ იყო უკანონო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის 10 იანვრის განცხადების თანახმად, „პროკურატურამ დაასრულა გამოძიება თენგიზ გუნავას მიმართ და სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნის.“

მიუხედავად იმისა, რომ თენგიზ გუნავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა და მხოლოდ გამოძიება1 დასრულდა, მისი გუბერნატორად დანიშვნა კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი „იმყოფება გამოძიების ქვეშ“. შესაბამისად, კანონი იმ ბრალდებულისთვის, რომლის მიმართაც ძიება დასრულებულია, მსგავსი ტიპის აკრძალვას არ ითვალისწინებს.

საყურადღებოა, რომ აღნიშნულმა ნორმამ 2010 წელს განიცადა ცვლილება, მანამდე ფრაზა „იმყოფება გამოძიების ქვეშ“ ჩამოყალიბებული იყო, როგორც „იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ“. ცვლილებები განაპირობა 2009 წელს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებამ, სადაც ცნება „წინასწარი გამოძიება“ აღარ არსებობს, რადგან ახალი კოდექსით გამოძიება მხოლოდ წინასწარი შეიძლება იყოს და სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება აღარ გააჩნია2. კანონის ცვლილებებიდან მკაფიოდ იკვეთება კანონმდებლის ნება, რომ აღნიშნულმა ნორმამ  პირს შეუზღუდოს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება მხოლოდ გამოძიების ეტაპზე, რომლის დამთავრების შემდეგაც აღნიშნული შეზღუდვა აღარ მოქმედებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა ალოგიკურია, რადგანაც მე-17 მუხლით დადგენილი შეზღუდვა მხოლოდ „გამოძიების ქვეშ“ მყოფ პირებზე ვრცელდება და არა ბრალდებულზე, რომლის მიმართაც გამოძიება დასრულდა და საქმე გადაეგზავნა სასამართლოს. თუმცა კანონით დადგენილი შეზღუდვა ვერ გასცდება ამავე კანონით დადგენილ ფარგლებს (კანონის განჭვრეტადობის პრინციპი), რის გამოც მე-17 მუხლის შეზღუდვები ვერ გავრცელდება ბრალდებულზე, რომლის მიმართაც გამოძიება დასრულებულია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მე-17 მუხლის „ბ” პუნქტის არსებული რედაქცია არ უკრძალავს თენგიზ გუნავას დაინიშნოს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე. სხვა საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ მაღალ თანამდებობაზე პრემიერთან თუნდაც ფორმალური კონსულტაციის გარეშე იმ პირის დანიშვნა, რომლის მიმართაც გარკვეული კითხვები არსებობს სასამართლოს მხრიდან; ასევე, რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული გარემოებები ქვეყანაში კოჰაბიტაციის პროცესის წარმატებით წარმართვას და ამ პირის მიერ თავისი უფლებამოსილებების ეფექტურად აღსრულებას

 


11998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობდა ცნება „სასამართლო გამოძიება“.

2სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად: „გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება.“ 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“