ENG

ზუგდიდის საკრებულო და მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო – გამჭვირვალობის პრობლემები

31 მაისი, 2013

ზუგდიდის საკრებულო

სხდომების შესახებ ინფორმაციის გავრცელება:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2013 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში აღნიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში საკრებულოთა უმეტესი ნაწილი ინფორმაციას საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ კანონის მოთხოვნათა იგნორირებით[1] აქვეყნებს. სამწუხაროდ მუნიციპალიტეტი მანკიერ პრაქტიკას კვლავ აგრძელებს.

 

მაგალითად, 2013 წლის 1 მაისს გამართული სხდომის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს გამოქვეყნდა, 15 მაისის სხდომის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გამოქვეყნებულა. საკრებულოში გადაწყვეტილებას ხშირ შემთხვევაში საჯარო განხილვების და საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე ღებულობენ. ეს წარმოადგენს როგორც კანონის დარღვევას და ასევე სამოქალაქო სექტორისათვის ხელისშემშლელ ფაქტორს, მიიღონ თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში

 

განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციის მომზადება:

სამწუხაროდ განსახილველი საკითხების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია საკრებულოს ადმინისტრაციის მიერ არაჯეროვანად მზადდება. ზოგჯერ  საკრებულოს წევრთა ნაწილმა არც კი იცის, თუ რა საკითხს  უჭერს მხარს.

 

მაგალითისათვის, 2013 წლის 15 მაისის სხდომაზე, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თანამშრომელიც ესწრებოდა, გატანილ იქნა საკითხი სადგურის წინამდებარე ტერიტორიისა და მისასვლელი გზების კეთილმოწყობისათვის საჭირო სამუშაოების  230 ათას 600 ლარით დაფინანსების თაობაზე, თუმცა კენჭისყრისას დოკუმენტში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რომელი სადგურის კეთილმოწყობაა დაგეგმილი და საკრებულოს წევრებმაც შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის გარეშე დაუჭირეს მხარი.

 

შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად[2], საკრებულოს წევრი ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც ჩაატაროს შეხვედრა ამომრჩევლებთან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოითხოვა საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრის ოქმები, თუმცა პასუხი ამ მოთხოვნაზე არ მიგვიღია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ან საერთოდ არ ატარებენ ამ შეხვედრებს, უკეთეს შემთხვევაში კი არ ხდება შეხვედრის ოქმების გაფორმება.

 

ასევე უცნობია, ჩაატარა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრები მოსახლეობასთან ან წარადგინა თუ არა გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში ამომრჩევლების წინაშე, რადგან ოფიციალური პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებულ წერილობითი მოთხოვნაზე ამ დრომდე არ მიგვიღია.

 

საკრებულოს წევრები საკრებულოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა, ამომრჩეველების მიერ არჩეული კანონიერი წარმომადგენლები არიან, ისინი პასუხს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩევლებისა და ზოგადად მოსახლეობის წინაშე აგებენ, გამომდინარე აქედან, ვალდებულნი არიან აქტიურად ითანამშრომლონ მოსახლეობასთან და მათთან კონსულტაციის, ანგარიშვალდებულების, თანამშრომლობის პირობებში მიიღონ ძირითადი გადაწყვეტილებებიწინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულო კარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, კოლეგიური საჯარო დაწესებულების ფუნქციონალურ დანიშნულებას.

 

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილებზე იქმნება მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო[3], რომლის ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება[4].

 

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 57.27 პროცენტით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი როლანდ ახალაია გახდა. მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მეოთხე სართულზეა განთავსებული, თუმცა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ეს უწყება არ ასრულებს.

 

როლანდ ახალაიას არჩევნების შემდგომ არც ერთი შეხვედრა ამომრჩევლებთან არ ჩაუტარებია. გაურკვეველია მოქალაქეთა მიღების დღეები, არანაირი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ოფიციალურ ვებგვერდზეც.

 

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან მიღებული წერილით მხოლოდ ის ირკვევა, რომ ბიუროში ორი ადამიანია დასაქმებული (რომელთა ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1400 და 1000 ლარია). თხოვნაზე, ბიუროს ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა მაჟორიტარის ამომრჩეველთა შეხვედრის ოქმები ან ჩამოეთვალა ბიუროს მიერ განხორციელებული აქტივობები, წერილში ვკითხულობთ: მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება მოსახლეობასთან სისტემატიური აქტივობები, თუმცა რა იგულისხმება სისტემატიურ აქტივობებში, უცნობი რჩება.

 

მაჟორიტარი დეპუტატის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას საკუთარი ამომრჩევლის მიმართ ზრდის ისიც, რომ ის განსხვავებით პროპორციული სიით არჩეული დეპუტატისაგან, ინდივიდუალური გამარჯვებით ხვდება პარლამენტში. იერარქიული თვალსაზრისით მაჟორიტარ დეპუტატს ადგილობრივ თვითმმართველობებზე უფრო ეფექტურად (დროითი და ბიუროკრატიული თვალსაზრისით) შეუძლია ამა თუ იმ საკითხის ინიცირება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. იგი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამინისტროებთან, ნაყოფიერად თანამონაწილეობდეს პარლამენტის კომიტეტის სხდომებში. ბიუროს მიერ გამოკვეთილი პრობლემები კი საკანომდებლო ინიციატივისა თუ სხვა ფორმით მიაწოდოს პარლამენტსა და მთავრობას, რათა მყისიერად მოხდეს მოქალაქეთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება. თუმცა ამ თვალსაზრისით არც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და არც მისი ბიურო არ ან ვერ ასრულებს ამ ფუნქციებს.

 


[1] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე“.

[2] ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 324-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი

[3] კანონი საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, 31-ე მუხლი 

[4]  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 19-ე მუხლი, მე-2 ქვეპუნტქი

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“