რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ტყიბულის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ვალდებულებას.
ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:
ტყიბულის საკრებულომ 2015 წლის 18 ნოემბერს მიღებული N38 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://tkibuli.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;
მიღებული დადგენილება არ მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
ტყიბულის საკრებულოს N38 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვარვენ ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებსა და კონკურსის შედეგებს; ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის, ასევე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ; საკრებულოს სხდომების ოქმები, პეტიციები და სხვა.
დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ტყიბულის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე იხილეთ გრაფიკებზე
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად შეასრულონ 2015 წლის 18 ნოემბერს მიღებული N38 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სასურველია, 2015 წლის 18 ნოემბერს მიღებულ N38 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც მსგავსად საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებისა, გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ფართო სპექტრს შემოგვთავაზებს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ტყიბული მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები.