ENG

რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია საჩხერის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი

06 მარტი, 2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად გთავაზობთ საჩხერის მუნიციპალიტეტის შედეგებს.

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • საჩხერის საკრებულომ 2016 წლის 20 იანვარს მიღებული N2 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • თუმცა, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://sachkhere.gov.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

  • აღსანიშნავია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი იმერეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ინფორმაციულია, თუმცა ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ; მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტის, ასევე ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში; საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია  და სხვა.

 

დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება საჩხერის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე იხილეთ გრაფიკებზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 20 იანვარს მიღებული N2 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის აუცილებელია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები.

 

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით