რამდენად გამართულად მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ვებგვერდები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რამდენად გამართულად მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ვებგვერდები

24 თებერვალი, 2017

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არაერთხელ დაინტერესდა თვითმმართველი ერთეულების გამჭვირვალედ მუშაობის საკითხით. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყონ მოქალაქეთა ჩართულობა, ხშირ შემთხვევაში ისინი გვერდს უვლიან აღნიშნულ ვალდებულებას.

„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველომ” ჩაატარა კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენად გამჭვირვალედ მუშაობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და რამდენად აქვს მოსახლეობას შესაძლებლობა, რომ თვალი ადევნოს მათ საქმიანობას.

კვლევამ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის და  ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტები მოიცვა. კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ საკანონმდებლო ბაზა, განვახორციელეთ მუნიციპალიტეტების ელექტრონული რესურსების მონიტორინგი და აღნიშნული ელექტრონული რესურსებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ასევე გამოვიკვლიეთ ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხი. კვლევა მოიცავს 2017 წლის იანვრამდე პერიოდს.

ვლევის ძირითადი მიგნებები:

  • მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გამჭვირვალობის ხარისხს;

  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები, თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნული ვალდებულება აჭარის არცერთ მუნიციპალიტეტს არ შეუსრულებია. ასევე, მუნიციპალიტეტების ნაწილს დღემდე არ მიუღია დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის შესახებ;

  • ჩვენს მიერ შესწავლილი 5 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 2  მუნიციპალიტეტს (ხულო, შუახევი) აქვს მიღებული დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. ასეთივე დადგენილება მიღებული აქვს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის  საკრებულოს (მერია, საკრებულო), თუმცა,  მათ მიერ შექმნილი ვებგვერდებიც სრულად ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის სტანდარტებს;

  • ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი (www.keda.ge) კვლევის მომზადების დროს (2017 წლის იანვარი - 15 თებერვალი) არ ფუნქციონირებდა. განახლებულ ვებგვერდის გამჭვირვალობისა და პროაქტიურად გამოქვეყნებული ინფორმაციის მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გავაცნობთ;

  • ჩვენს მიერ შესწავლილი მუნიციპალიტეტებიდან საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში მხოლოდ ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტს აქვს ვებგვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი დასახელებით. სხვა მუნიციპალიტეტებში საკრებულოს საქმიანობის ანგარიში არ არის გამოქვეყნებული ან ატვირთულია ისეთ ნაწილში/გრაფაში, რაც ართულებს მის მოძიებას, დაინტერესებული მოქალაქეებისათვის არ არის თვალსაჩინო და რთულად ხელმისაწვდომია.

  • საყურადღებოა ხელვაჩაურის, ქობულეთის,  შუახევის,   მუნიციპალიტეტების საქმიანობა, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებენ სიახლეებს. ასევე, შედარებით აქტიურია ხულოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი და ქალაქ ბათუმის საკრებულო, სადაც სიახლეების გამოქვეყნება  2-3 დღიანი ინტერვალით ხდება. დადებითად არის აღსანიშნავი ქალაქ ბათუმის მერიის ვებგვერდი, სადაც  სიახლეები მუდმივად ქვეყნდება და ასევე ხელმისაწვდომია სიახლეების არქივიც.

  • ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ასევე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერია სარგებლობს სოციალური ქსელით (Facebook), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელით სარგებლობა ვერ მიიჩნევა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტის სრულფასოვან დაცვად, ვინაიდან მათი სპეციფიკური ფორმატიდან გამომდინარე, მსგავსი სოციალური ქსელებით ვერ ხერხდება ინფორმაციის სრულყოფილად გამოქვეყნება. თუმცა, ბუნებრივია, ფეისბუქზე აქტივობა ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს.

  • აჭარის მუნიციპალიტეტების ვებგვერდები განთავსებულია ge დომეინზე, გამონაკლისია ქობულეთის მუნიციპალიტეტი, რომლის ვებგვერდი ფუნქციონირებს org.ge-დომეინზე.

  • სამართლებრივი ბაზის ანალიზი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა მოწესრიგებულია როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად რომელიც ქცევის ზოგად წესებს ადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, როგორც საჯარო დაწესებულებებს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნვეყოფა ევალებათ.

ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება გულისხმობს საჯარო დაწესებულებების (მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების) ვალდებულებას, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე (ელექტრონულ რესურსზე) განათავსონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია. ასევე, კოდექსი მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს დამატებით ავალდებულებს, რომ ნორმატიული აქტით იმ ინფორმაციის ნუსხა განსაზღვრონ, რაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის, ამასთან, შექმნან ისეთი საშტატო ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებით, რომელიც ქცევის ზოგად წესებს ადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს გარკვეული სახის ინფორმაციის გამოქვეყნებას და ამ გზით ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის როლის გაზრდას ავალდებულებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ იძლევა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ისეთ ამომწურავ ჩამონათვალს, როგორც ეს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით არის განსაზღვრული. მთავრობის აღნიშნული დადგენილება პირველი დოკუმენტი იყო, რომელმაც პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი დანერგა, ასევე მკაცრად განსაზღვრა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ძირითადად აქტებისა და პროექტების გამოქვეყნებაზე მიუთითებს, მუნიციპალიტეტების ვალდებულება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მუნიციპალიტეტების საკრებულოებს კოდექსი უფლებას უტოვებს სურვილისამებრ გააფართოვონ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა და ამ გზით საზოგადოების მხრიდან მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციის მიღება და შეფასება უზრუნველყონ.

აჭარის მუნიციპალიტეტებიდან შუახევის და ხულო  მუნიციპალიტეტებმა  პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაფართოების უფლებით ისარგებლეს, რის გამოც მათ მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი უფრო ვრცელია, რაც თავისთავად დადებითად უნდა შეფასდეს. კვლევის ფარგლებში ასევე შევისწავლეთ და გავაანალიზეთ აღნიშნული დადგენილებები. აღმოჩნდა, რომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი  მუნიციპალიტეტში, სადაც მიღებული აქვთ შესაბამისი დადგენილებები, მეტ-ნაკლებად ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა ყველაზე მცირე მოცულობისაა.

ვებგვერდების შეფასების კრიტერიუმები და მონიტორინგის შედეგები

მუნიციპალიტეტები, რომლებმაც მიიღეს დადგენილება ინფორმაციის  პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესახებ  

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, აჭარის მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს და მერიას აქვს განსაზღვრული იმ საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც უნდა დაექვემდებაროს პროაქტიულ გამოქვეყნებას. იმის დასადგენად, თუ რამდენად აკმაყოფილებენ მუნიციპალიტეტების ვებგვერდები გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებს, დადგენილებით განსაზღვრული საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან ავირჩიეთ გარკვეული ტიპის ინფორმაცია, რომლის ელექტრონულ რესურსზე განთავსება აუცილებლად მივიჩნიეთ. კერძოდ, მუნიციპალიტეტები შევაფასეთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ხელმისაწვდომია შემდეგი ინფორმაცია:

  • მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ, ასევე მათი ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. - მუნიციპალიტეტის ორგანოთა ეფექტური მუშაობა და საზოგადოებისათვის სასურველი შედეგების მიღება დამოკიდებულია ამავე ორგანოებში მომუშავე თანამდებობის პირებზე. შესაბამისად, აუცილებელია, მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ არიან ის პირები, ვინც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში წამყვან პოზიციებს იკავებენ და საჭიროების შემთხვევაში, როგორ დაუკავშირდნენ მათ, ასევე ჰქონდეთ შესაძლებლობა შეამოწმონ, კონკრეტულ თანამდებობის პირთა კომპეტენცია.

  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - იმისათვის, რომ მოქალაქეებს შეექმნათ წარმოდგენა, თუ რისთვის და როგორ ნაწილდება თანხები მუნიციპალიტეტებში, აუცილებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტი მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს.

  • ანგარიში საკრებულოს საქმიანობის შესახებ - საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ირჩევს, შესაბამისად, ისინი ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ მოქალაქეების წინაშე. განხილვისა და შეფასებისთვის საკრებულომ მოსახლეობას უნდა წარუდგინოს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას.

  • შესყიდვების წლიური გეგმა - გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტების მხრიდან მომსახურებისა თუ საქონლის შესყიდვა ხდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა მომსახურებისა და საქონლის შესყიდვას გეგმავს მუნიციპალიტეტი წლის განმავლობაში და რა რაოდენობის თანხაა ამისთვის გამოყოფილი. ეს გაამარტივებს დაინტერესებული პირის მხრიდან შესყიდვების განხორცილელების მიზნობრიობისა და საჭიროების კონტროლს.

  • საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნორმატიული / ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - იმისათვის, რომ დაცულ იქნას სისტემის ღიაობის პრინციპი, მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან საჯაროდ გამოაქვეყნონ საკრებულოს სხდომის ოქმები, ბრძანებები, განკარგულებები, დადგენილებები, ასევე საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

  1. თვითმმართველი ქალაქი - ბათუმი

ქ. ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 31 იანვარს მიიღო დადგენილებები “ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” და “ქ. ბათუმის მერიაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” აღნიშნული დადგენილების თანახმად, ქ ბათუმის საკრებულოს ვებგვერდის მისამართია www.batumicc.ge, ხოლო ქ. ბათუმის მერიის ვებგვერდია www.batumi.ge.  

მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდები ფუნქციონირებს და მასზე განთავსებულია გარკვეული ტიპის ინფორმაცია, იგი არ შეესაბამება საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებს. ვებგვერდებზე არ არის განთავსებული ინფორმაცია შესყიდვების წლიური გეგმის შესახებ, ასევე არ არის ან არასრულადაა გამოქვეყნებული ანგარიშები საკრებულოს საქმიანობის შესახებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქ. ბათუმის მერია და საკრებულო შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ ქალაქის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაციის ახალი ამბების გრაფაში განთავსებას. საზოგადოებისათვის ასევე ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია, ასევე ვებგვერდებზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რაც მისასალმებელია.

ქ. ბათუმის საკრებულო და მერია სარგებლობენ სოციალური ქსელი Facebook-ით.

2. ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 28 იანვარს მიიღო დადგენილება “ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ”, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტმა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მარეგულირებელი წესები შეიმუშავა, ასევე დაამტკიცა ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება. დადგენილების თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: - www.khulo.ge

ვებგვერდზე განთავსებულია იმ ინფორმაციის ნაწილი, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება მოითხოვს. თუმცა, რიგ შემთხვევებში იგი არ შეესაბამება საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებს.  ვებგვერდებზე არასრულყოფილად არის განთავსებული მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომელთა ბოოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები. ბიუჯეტის ველში არ არის განთავსებული ხულოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია. არ არის განთავსებული ინფორმაცია შესყიდვების წლიური გეგმის შესახებ. ვებგვერდებზე არ არის განახლებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და არ არის ატვირთული ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებები, რომლებიც მიღებულია 2015 წლის მაისის შემდეგ. ხულოს მუნიციპალიტეტი თავისი ვებგვერდზე განთავსებული სიახლეების საშუალებით მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებული ღონისძიებებისა და საკრებულოსა და გამგეობის მიერ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

ხულოს მუნიციპალიტეტს არ აქვს ოფიციალური Facebook გვერდი.

3. შუახევის მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 1 აგვისტოს მიღებულ იქნა დადგენილება “საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” რომელიც საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის “შუახევის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” დადგენილებით  ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, დღეს მოქმედი დადგენილების მიხედვით,  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: http://shuakhevi.ge/

ვებგვერდზე არასრულად არის განთავსებული საკრებულოს  თავმჯდომარის, გამგებლის და, მათი მოადგილეების ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები, ხოლო საკრებულოს წევრების, და გამგეობის სამსახურის უფროსების ბიოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები არ არის გამოქვეყნებული. მუნიციპალიტეტის მიმდინარე ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია ისევე, როგორც წინა წლების ბიუჯეტი არ არის განთავსებული ვებგვერდზე. ამასთან, რთულად მოსაძებნია საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში, რამდენადაც იგი ატვირთულია სიახლეების ველში. სამართლებრივი აქტებისთვის ვებგვერდზე გამოყოფილია დამოუკიდებელი გრაფა, თუმცა მასში მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიაა  ატვირთული. საკრებულოს ნორმატიული აქტები და სხდომის ოქმები არ არის განთავსებული შესაბამის ველში. ამდენად, გამგებლის მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცალკეულ საკითხებზე მიღებული/გამოცემული აქტები მოსახლეობისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, ხშირ შემთხვევაში მათი მოძიება ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიახლეთა ველში არის შესაძლებელი. თუმცა აღნიშნული ართულებს სასურველი ინფორმაციის ეფექტურად მიღების შესაძლებლობას. ვებგვერდზე არ არსებობს შესყიდვების წლიური გეგმის გრაფა, ასევე, სრულყოფილად არ არის განთავსებული საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში.

შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე მუდმივად ახლდება ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ, მოქალაქეებს აქვთ საშუალება გაეცნონ მუნიციპალიტეტში არსებულ სიახლეებს.  მოსახლეობისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იყენებს სოციალურ ქსელს, რაც ცხადია არ ათავისუფლებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების ვალდებულებისაგან.

მუნიციპალიტეტები, რომლებსაც არ მიუღიათ დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ:

მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილს არ აქვს მიღებული დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ, თუმცა თავისთავად ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა უზრუნველყონ ადმინისტრაციული ორგანოს გამჭვირვალედ ფუნქციონირება და არ უნდა შექმნან ელექტრონული ოფიციალური ვებგვერდები. როგორც კვლევაში უკვე არაერთხელ აღინიშნა, მუნიციპალიტეტებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულები (გამგეობა/საკრებულო) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ და ანგარიშვალდებული არიან მოსახლეობის წინაშე, შესაბამისად, მათი საქმიანობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. იმ მუნიციპალიტეტების მსგავსად, რომლებმაც გააფართოვეს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის წრე, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებიც ვალდებულნი არიან გაასაჯაროვონ გარკვეული სახის ინფორმაცია და დოკუმენტები. ეს ვალდებულება გამომდინარეობს როგორც ზოგადი ადმინისტრაციული, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან. მოცემულ შემთხვევაში, სამივე მუნიციპალიტეტის შეფასება მოხდა იმავე კრიტერიუმებით, რომლითაც შემოწმდნენ ის მუნიციპალიტეტები, რომლებმაც მიიღეს დადგენილებები, ვინაიდან, ვთვლით, რომ ჩვენს მიერ შერჩეულ იქნა ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს განთავსებული ელექტრონულ რესურსზე იმისათვის, რომ დაცული იქნას გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.

როგორც კვლევამ აჩვენა, რომ ორ  მუნიციპალიტეტს (ხელვაჩაური, ქობულეთი) შექმნილი აქვს ოფიციალური ვებგვერდი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი არ ფუნქციონირებდა კვლევის მომზადების პერიოდში არ ფუნქციონირებდა.

  1. ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია http://khelvachauri.ge/  

ვებგვერდზე არასრულადაა განთავსებული მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია. საკრებულოსთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია გამგეობის ადმინისტრაციისა და სამსახურის თანამშრომელთა საკონტაქტო მონაცემები. ვებგვერდზე  მოცემულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხოლოდ 2017 წლის ბიუჯეტი. 2016 და 2015 წლების ბიუჯეტები, შესყიდვების წლიური გეგმა, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე აქტები ვებგვერდზე განთავსებული არ არის ან არასრულია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, როგორც წარმომადგენლობითი, ასვეე აღმასრულებელი ორგანო სარგებლობს სოციალური ქსელი Facebook-ით. უნდა აღინიშნოს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურ ვებგვერდზე სიახლეების გამოქვეყნება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობა თითქმის ყოველდღიურად იღებს, თუმცა სიახლეების აქტიურ რეჟიმში გამოქვეყნება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა გამჭვირვალედ მივიჩნიოთ. აუცილებელია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული  დოკუმენტების და ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია http://kobuleti.org.ge/.

ვებგვერდზე განთავსებულია მუნიციპალიტეტის პირველი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ არის განთავსებული მათთან დასაკავშირებელი საკონტაქტო მონაცემები. ვებგვერდზე გამოყოფილია სამართლებრივი აქტების გრაფა და ატვირთულია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნორმატიული აქტები. თუმცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების ველი 2013 წლის შემდეგ არ არის განახლებული, ასევე მოქალაქეებისთვის არ არის ხელმისაწვდომი საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში ბოლო 3 წლის განმავლობაში. ვებგვერდზე არ არის ატვირთული მუნიციპალიტეტის როგორც მიმდინარე, ასევე წინა წლის ბიუჯეტი და შესყიდვების წლიური გეგმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ Facebook-ს, რომლის საშუალებით ისინი მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას საკრებულოს სხდომებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული აქტივობების შესახებ. ასევე, დადებითად უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე სიახლეების გამოქვეყნების გზით.

3. ქედის მუნიციპალიტეტი

როგორც აღვნიშნეთ, ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი keda.ge კვლევის მომზადების დროს არ ფუნქციონირებდა, განახლებული სახით რესურსმა მუშაობა თებერვლის შუა პერიოდიდა დაიწყო. შესაბამისად, მასზე განთავებულ ინფორმაციას და ზოგადად, ვებგვერდის მეშვეობით მუნიციპალიტეტის მუშაობის გამჭვირვალობის ხარისხის შეფასებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში შევთავაზებთ.

უნდა აღინიშნოს, ქედის მუნიციპალიტეტს აქვს Facebook გვერდი, რომელზეც გარკვეული პერიოდულობით ხდება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სიახლეების განთავსება, თუმცა ეს ცხადია არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს ვებგვერდის არარსებობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან და განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების ვალდებულებისაგან.

ცხელი ხაზი - სატელეფონო კონსულტაცია

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ მხოლოდ ქალაქ ბათუმის მერიას აქვს ცხელი ხაზი და ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ოფიციალურ ვებგვერდზე საკონტაქტო ინფორმაციის ველში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოების საკონტაქტო ტელეფონის ნომრები  განთავსებულია “საკონტაქტო ინფორმაციის” გრაფაში  მისამართთან ერთად. რაც შეეხება აღნიშნული საკონტაქტო ტელეფონის ნომრების ფუნქციონალურობას, საგულისხმოა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობისასთან საკონტაქტო ტელეფონი ძირითადად მიუწვდომელია, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამის საკონტაქტო პირთან დაკავშირებას. ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესია ხულოს, ქედის, შუახევის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. თუმცა შუახევის მუნიციპალიტეტთან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი არის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მობილური ტელეფონის ნომერი.

დასკვნა და რეკომენდაციები

კვლევის ფარგლებში შესწავლილი მუნიციპალიტეტებიდან არცერთს სრულყოფილი სახით არ გამოუქვეყნებია დადგენილებებით განსაზღვრული საჯარო სახის ინფორმაცია.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალურ ერთეულებს აქვთ ოფიციალური ვებგვერდები, თუმცა ხშირ შემთხვევაში, არასრულად ან საერთოდ არ შეიცავს დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციით,

იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებსაც ჯერ არ შეუმუშავებიათ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმები, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა და მიიღონ შესაბამისი დადგენილებები, ვინაიდან მუნიციპალიტეტები საჯარო დაწესებულებებს წარმოადგენენ და მათი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;

იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებსაც დადგენილებით ნაკისრი აქვთ ელექტრონული ვებგვერდის შექმნის ვალდებულება, დროულად შექმნან ოფიციალური ვებგვერდები;

იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც შექმნეს ოფიციალური ვებგვერდები, მაგრამ მხოლოდ მცირე ინფორმაცია განათავსეს, დროულად უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა;

მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა რეგულარულად განაახლონ ვებგვერდები და უზრუნველყონ მოსახლეობისათვის მათი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა;

იმ მუნიციპალიტეტებმა, რომელთაც არ აქვთ მოწესრიგებული ცხელი ხაზის, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან საკონტაქტო ტელეფონების ფუნქციონირების საკითხი, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა.

ჩვენ მიერ შეფასებული ვებგვერდები :

  • ქ. ბათუმის მერია - http://batumi.ge/

  • ქ. ბათუმის საკრებულო - http://batumicc.ge/

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - http://khelvachauri.ge/

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი - http://kobuleti.org.ge

  • ხულოს მუნიციპალიტეტი - http://khulo.ge

  • შუახევის მუნიციპალიტეტი - http://shuakhevi.ge/

  • ქედის მუნიციპალიტეტი - http://keda.ge/* (საიტი თებერვლის შუა პერიოდიდან ამოქმედდა)

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“