ENG

რამდენად ეფექტურად მუშაობენ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროები სამეგრელო-ზემო სვანეთში

09 ოქტომბერი, 2013

ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოძიების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის საჭიროებების ლობირებისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით შექმნილია მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რომლის ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

ინფორმაცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საქმიანობაზე ჩვენ 2013 წლის მაისში გამოვაქვეყნეთ. ამჯერად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაინტერესდა, თუ რამდენად ასრულებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რამდენად ხშირად ხვდებიან მაჟორიტარი დეპუტატები მოქალაქეებს და რა ტიპის კვლევებს ატარებენ მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად. ასევე დავინტერესდით მაჟორიტართა ბიუროში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობით და მათი სახელფასო ფონდით.

აღსანიშნავია, რომ ყველა ბიურომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე ზოგადი პასუხი გასცა. სენაკის, ხობის, ჩხოწოყუსა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროებმა კი ჩვენს წერილობით კითხვებზე პასუხები ვადის მნიშვნელოვანი დაღვევით გასცეს.

არსებული რეგულაციის თანახმად, თითოეულ ბიუროს  ყოველთვიურად გამოეყოფა 5000 ლარი, საიდანაც პარლამენტის აპარატი, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის წარდგინებით ახორციელებს: ბიუროს ფუნციონირებისათვის საჭირო საშუალებების შეძენას; საოფისე ფართის დასაქირავებელი თანხის ანაზღაურებას და თანამშრომლებისთვის ხელფასის ანაზღაურებას (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 19, ქვეპუნქტი 2).

მიღებული პასუხებით დგინდება, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროებს რაიმე სახის კვლევა მოქალაქეთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით არ ჩაუტარებიათ, მხოლოდ მოქალაქეთა მიერ გამოგზავნილი წერილობითი განცხადებების შინაარსიდან ასკვნიან, რომ ძირითადი პრობლემები სოციალური, ჯანდაცვის საკითხები და დასაქმების დაბალი დონეა.

აბაშა: დავით დარცმელიძე

აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დახმარებისათვის ზეპირი და წერილობითი განცხადებით  234 ადამიანმა მიმართა, ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის საკითებზე. ბიუროს განცხადებით, მაჟორიტარმა დეპუატატმა დავით დარცმელიძემ მოსახლეობასთან მოაწყო რამდენიმე შეხვედრა გასხვისებული მიწების საკითხებთან დაკავშირებით. აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს რაიმე სახის კვლევა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საჭიროებების გამოსავლენად არ ჩაუტარებია, „გამომდინარე იქედან, რომ ისედაც ნათლად ჩანს მოსახლეობაში არსებული პრობლემები“, – აღნიშნულია ბიუროს მიერ გამოგზავნილ წერილში.

სენაკი: გურამ მისაბიშვილი

სენაკის მაჟორიტრი დეპუტატის ბიუროს სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტრული პრობლემების მოგვარების თხოვნით, წერილობით 197 მოქალაქემ მიმართა. ბიუროს ცნობით, სენაკის მაჟორიტარმა გურამ მისაბიშვილმა 44 შეხვედრა ჩაატარა მოსახლეობასთან. ამათგან მხოლოდ 25 შეხვედრა იყო საჯარო. მიღებული წერილით ვერ დგინდება ატარებს თუ არა ბიურო რაიმე სახის კვლევას მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად.

მესტია: ვიქტორ ჯაფარიძე

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიღებული აქვს 20 წერილობითი და 23 ზეპირი მომართვა.  მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 10-მდე შეხვედრა მოაწყო ადგილობრივ მოსახლეობასთან. ბიუროს ცნობით, იგი აქტიურად მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან თანხების გამოყოფას შემდეგი პროექტების განსახორციელებლად: სკოლების რეაბილიტაცია; სოფლების წყალმომარაგება, წყალდიდობის წინააღმდეგ გაბიონებისა და წყალდამცავი ნაგებობების მშენებლობა; მესტია-უშგულის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ბიუროს ცნობით, მესტია-უშგულლის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისათვის უკვე გამოყოფილია 17 მილიონი ლარი. 2013 ივლისის მდომარეობით მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კვლევა მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად არ ჰქონდა ჩატარებული.

წალენჯიხა: ლევან ქარდავა

წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წერილობითი განცხადებით მიმართა 47-მა მოქალაქემ ჯანდაცვის, დასაქმების, სოციალური, მიწისძვრით ან/და ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების და  სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განცხორციელების მოთხოვნით. მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ქარდავამ შეხვედრები გამართა სოფლების: ეწერის, ფახულანის, მუჭავას, ჭალეს და ზღვაიას დასახლების მცხოვრებლებთან. მიღებული წერილით ვერ დგინდება ატარებს თუ არა ბიურო რაიმე სახის კვლევას მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად. წალენჯიხაში ადგილობრივი ტელევიზიით პერიოდულად გადის გადაცემა „დეპუტატის საათი“, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება პირდაპირ ეთერში მიმართონ კითხვით მაჟორიტარ დეპუტატს.

ბიუროს ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოსათვის მოქალაქეთა განცხადებების საფუძელზე გაგზავნილ შაუმდგომლობებზე ან დაგვიანებით ან საერთოდ არ ხდება რაიმე სახის პასუხის გაცემა.

ხობი: გოდერძი ბუკია

ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს 65 მოქალაქემ მიმართა. მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ  მოაწყო 27 საჯარო შეხვედრა სხვადასხვა ინფრასტრუქტრული პროექტების განხილვის მიზნით. ამავე შეხვედრებზე ბიუროს თანამშრომელთა მიერ     „ზეპირად იქნა მოკვლეული“ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, რომელთაგან ყველაზე მწვავედ უმუშევრობის პრობლემა იქნა მიჩნეული. გოდერძი ბუკია ლობირებს ხობი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს, რომელიც ამ ეტაპზე დასრულების სტადიაშია.

მარტვილი: ნაული ჯანაშია

მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს  წერილობით 50 ადამიანმა, სიტყვიერი განცხადებთ კი 472 პირმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ მოგვაწოდა ინფორმაცია ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობის აღწერილობის შესახებ. კითხვაზე, ატარებს თუ არა ბიურო რაიმე სახის კვლევებს მოსახლეობის საჭიროებების გამოსვლენად, მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს არ გაუცია.

ჩხოროწყუ: ვახტანგ ლემონჯავა

ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს 42 მოქალაქემ მიმართა განცხადებით. როგორც ბიუროს წერილიდან ირკვევა, მოქალაქეებთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ლემონჯავა მათ სოციალურ პრობლემებს განიხილავს, ასევე პერიოდულად მიმართავს შუამდგომლობით სოციალური მომსახურების საააგენტოს რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრს, რათა ხელახლა იქნეს გადამოწმებული ამა თუ იმ ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კითხვაზე ატარებს თუ არა ბიურო რაიმე სახის კვლევას მოსახლეობის საჭიროებების გამოსვლენად, ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს პასუხი არ გაუცია. ბიუროს ცნობით, ვახტან ლემონჯავა მუშაობს „ეკომიგრანტების კანონპროექტზე“.

ფოთი: ეკა ბესელია

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ ფუნქციონირება 2012 წლის 29 ნოემბერს დაიწყო. ბიუროს ზეპირად 3000-მდე, წერილობით კი 1011 მოქალაქემ მიმართა. განცხადებების შინაარსის შესწავლით სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: ჯანდაცვა, სოციალური და სამართლებრივი დაცვის საკითხები. სწორედ ეს საკითხები იყო მიმოხილული მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას მიერ  2012 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე  გამართულ 25 საჯარო შეხვედრაზე. ეკა ბესელიას მიერ საქართველოს პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტი იქნა ინიცირებული.

მიუხედავად ჩვენი წერილობითი მოთხოვნისა, არც ერთ ბიუროს არ გამოუგზავნია მაჟორიტარი დეპუტატის ამომრჩევლებთან შეხვედრის ოქმები.

მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ განსხვავებულია როგორც მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროების თანამშრომელთა რაოდენობა, ასევე მათი ხელფასები.

თანამშრომელთა რაოდენობა და ყოველთვიური ჯამური ხელფასი იხილეთ გრაფიკში:

ბიურო

თანამშრომელთა რაოდენობა

ყოველთვიური ჯამური ხელფასი

ზუგდიდი

3

3650

სენაკი

3

2230

მარტვილი

5

2550

აბაში

4

2300

მესტია

6

2920

წალენჯიხა

6

3180

ხობი

5

3400

ჩხოროწყუ

5

3000

ფოთი

5

2575



მაჟორიტარი დეპუტატის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას საკუთარი ამომრჩევლის მიმართ ზრდის ისიც, რომ ის განსხვავებით პროპორციული სიით არჩეული დეპუტატისგან, ინდივიდიალური გამარჯვებით ხვდება პარლამენტში. მაჟორიტარმა დეპუტატმა უნდა დაამყაროს აქტიური კომუნიკაცია ამომრჩევლებთან, პერიოდულად უნდა შეისწავლოს მოსახლეობის საჭიროებები და გამოვლენილ პრობლემათა მოგვარების მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე შესაბამის სამინისტროებთან და საჭიროების შემთხვევაში იზრუნოს სხვადასხვა სახის კანონპროექტების ინიცირებაზე საქართველოს პარლამენტში.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“