რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობა კომერციულ საქმიანობაში
საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა სიას, რომლებიც ვალდებულნი არიან თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის დადგენილებით, დამტკიცდა იმ თანამდებობის პირთა რეესტრი, რომელთათვის ქონებრივი დეკლარაციის შევსება სავალდებულოა.
დეკლარაციის წარუდგენლობა ან/და არასრულად შევსება, მათ შორის საკუთარი და ოჯახის წევრების ქონებრივი თუ ეკონომიკური ინტერესების არასრულად ასახვა წარმოადგენს კანონდარღვევას და ამავდროულად, შეიცავს კორუფციის საფრთხეებს.
ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა მიერ არასრულად შევცებულ დეკლარაციებზე.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცალკეულ თანამდებობის პირთა მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში მათი ქონება და ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული.
მალხაზ ლომთაძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მალხაზ ლომთაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 17 სექტემბერს შეავსო, რომელშიც არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს “საკონსტრუქტორო-საწარმოო გაერთიანების” (ს/კ 211339292) 1.5% წილის მფლობელი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდით მონაცემებით, აღნიშნული შპს-ს ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებში არ მიუღია მონაწილეობა.
დავით გოგსაძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. დავით გოქსაძემ 2015 წლის 4 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ არის კოოპერატივ “რკ გაბუნი” (ს/კ 422935319 ) გამგეობის თავმდჯომარე და წევრი.
ტარიელ ბაკურაძე - ქალაქ ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ტარიელ ბაკურაძეს 2015 წლის 9 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის ექვსი სხვადასხვა კომპანიის მეწილე ან/და დირექტორი. ეს კომანიებია:
-
შპს “თი.ემ. ენთერფრაისი” (ს/კ 412672246) - 50 % წილის მფლობელი და დირექტორი.
-
შპს “დტს ჯგუფი” (ს/კ 202250036) - 20% წილის მფლობელი და დირექტორი
-
შპს “ჯენაკო” (ს/კ 206034600) - 20% წილის მფლობელი და დირექტორი
-
შპს “სიი-მოტორსი” (ს/კ - 202394051 ) - 20% წილის მფლობელი
-
შპს “ჯ.ტ.ლ. ჯგუფი” (ს/კ - 205107640 ) - 25 %წილის მფლობელი
-
შპს ემ.ტე.ჯი - მოტორსი (ს/კ - 206330825 ) 25 % წილის მფლობელი
ტარიელ ბაკურაძე ასევე არის კოოპერატივს “რკ მთა ინვესტის” (ს/კ 422935328) დირექტორი და გამგეობის წევრი.
აღსანიშნავია, რომ არცერთი ჩამოთვლილი შპს სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს.
გარდა იმისა, რომ ტარიელ ბაკურაძემ არასრულად შეავსო ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, მან ასევე დაარღვია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც თანამდებობის პირს უკრძალავს ეკავოს დირექტორის პოზიცია სამეწარმეო ორგანიზაციაში.
დავით გოგლიძე - ქ. ამბროლაურის მერის მოადგილე.
დავით გოგლიძემ 2015 წლის სექტემბერშ შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ბენზატრონი” (ს/კ 200063484) დირექტორი.
გიორგი ლობჯანიძე - ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
გიორგი ლობჯანიძემ 2015 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რიმ იგი არის შპს “ტოპაზი+” (ს/კ 400107594 ) 100%-იანი წილის მფლობელი, თუმცა მითითებულია, რომ მისი ცოლი ირინე თვაური ამავე შპს-ს დირექტორია.
ბეჟან ღურჭუმალიძე - ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ბეჟან ღურჭუმალიძემ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია 2015 წლის აგვისტოში შეავსო, რომელშიაც მან არ მიუთითა, რომ იგი არიშ შპს “ბარაქა XXI” (ს/კ 442569383) 50%-იანი წილის მფლობელი, მამი სერიოჟა ღურჭუმალიძე კი ამავე შპს-ს დირექტორი, თუმცა მითითებულია, რომ მამა ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული.
მიუხედავად იმისა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ აღმოჩენილი ფაქტები კანონის აშკარა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს არ ითვალისწინებს. არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ ევალება თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესწორება ან სანქციების დაკისრება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებული იქნება თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი, ასევე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები განახოციელოს.