ENG

რა შეიცვლება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში?

05 ივლისი, 2013

11 ივნისს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დაიწყო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვის პროცედურა. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ხოლო ავტორი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ინიციატორმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. წარმოდგენილი ცვლილებები 12 ივნისს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს, ხოლო 13 ივნისს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პროექტი უკვე მეორე მოსმენით განიხილა. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმრავლესობის გარკვეულმა ნაწილმაც. უკმაყოფილება გამოითქვა საზოგადოების მხრიდანაც, როგორც შინაარსობივ, ისე პროცედურულ მხარეებზე. პროექტის დაჩქარებული წესით განხილვამ არ მისცა საშუალება დაინტერესებულ მხარეებს ჩართულიყვნენ განხილვის პროცესში, რაც ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ითვალისწინებს რა საზოგადოების დიდ ინტერესს ამ საკითხის მიმართ, წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებებს კანონპროექტთან დაკავშირებით.

  1. უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია
  2. რექტორის, დეკანისა და აკადემიური პერსონალისთვის დადგენილი რეგულაციები
  3. სახელფასო სარგოების ახლებურად განსაზღვრა
  4. ცვლილებები ადმინისტრაციულ მართვაში
  5. კანონპროექტის სამართლებრივი და ტექნიკური ხარვეზების ჩამონათვალი

 

1. უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია

წარმოდგენილი კანონპროექტით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებები ორი მიმართულებით იცვლება: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა ხდება. ასევე, დგინდება რიგი საკითხების წესდებაში ასახვის სავალდებულოობა, რომელსაც, საბოლოო ჯამში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს. ვფიქრობთ, აღნიშნულით მკვეთრად იზრდება ცენტრალური ხელისუფლების როლი სასწავლებლებთან მიმართებით, რაც ხელისუფლებას მათზე ზეგავლენის მოხდენის კიდევ უფრო მეტ ბერკეტს უქმნის.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა

კანონპროექტის თანახმად, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პრემიერმინისტრს დასანიშნად წარუდგენს  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას.

კანონის არსებული რედაქცია ითვალისწინებს, რომ მოვალეობის შემსრულებელი უნდა დაინიშნოს აკადემიური საბჭოს მიერ. მოცემული ცვლილებების პროექტით კი მოვალეობის შემსრულებლის დამნიშვნელად გვევლინება პრემიერ-მინისტრი. აქვე გაუგებარია ერთი ფაქტი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონიდან 21-ე მუხლის 12 პუნქტის ამოღებას, რომლის მიხედვითაც ხსენებული უფლებამოსილება სწორედ აკადემიური საბჭოს ხელშია. ასევე, პროექტის მიხედვით, საუბარია მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებაზე, წარუდგინოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად მოვალების შემსრულებლის კანდიდატურა და არაფერია ნათქვამი უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მიერ მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის პროცედურასა თუ სხვა დეტალებზე. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოქმედი ცვლილება შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ როგორც საჯარო სამართლის (სსიპ), ასევე – არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის (ააიპ) სტატუსით მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაში არც ამ ცვლილებებამდე ყოფილა უცხო. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს მთავრობა.“

ასევე არ არის საზოგადოებისთვის უცხო მთავრობის ცვლილების შემდეგ მმართველი პოლიტიკური ჯგუფის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში გარკვეული საკადრო ცვლილებების გატარების სურვილი. ასე მაგალითად,  2004 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიღებით მოხდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორისა და ფაკულტეტების დეკანების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. გარდამავალ დებულებებში კი გაკეთდა ჩანაწერი (მუხლი 87.2), რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს მიენიჭა რექტორის მოვალების შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილება. თუმცა მოვალეობის შემსრულებელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ან გათავისუფლებული რექტორი ან იმავე დაწესებულების პროფესორი. პრეზიდენტს ასევე შეეძლო ვადამდე გაეთავისუფლებინა მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა აღნიშნულ ნორმას ერთჯერადი ხასიათი ქონდა.

იზრდება უმაღლესი სასწავლებლების წესდების როლი

როგორც მოქმედი რედაქციით, ისე წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებას ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე სამინისტრო გასცემს დასკვნას. ამ უკანასკნელთან მიმართებით იცვლება ის, რომ თუკი აქამდე დასკვნისთვის წესდების პროექტის წარდგინებას თავად უმაღლესი სასწავლებლები აკეთებდნენ, ამჯერად ამას შესაბამისი სამინისტროები მოახდენენ.

როგორც ვხედავთ, სამინისტროს წესდებასთან მიმართებით გააჩნია ხელშესახები ბერკეტი. ამის პარალელურად, მოცემულ კანონპროექტში იკვეთება ტენდენცია: იქ, სადაც მოქმედი რედაქციით საუბარია წესდებაში გარკვეული წესის სავარაუდო ასახვაზე, ამ ცვლილებებით ეს უკვე სავალდებულო ხდება, ხოლო წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ გადასაწყვეტი გარკვეული საკითხებიც წესდების რეგულირების სფეროში ექცევა. მაგალითისთვის, თუ მოქმედი რედაქციის მიხედვით, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ხელმძღვანელობის კანდიდატისთვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, წარმოდენილი ცვლილებებით იმპერატიულადაა მოთხოვნილი, რომ რექტორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ  პირობებს. ასევე, თუ მოქმედი რედაქციით პროფესორისთვის შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის დამატებით პირობებს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები ამტკიცებდნენ, ახლა ამ პირობების დამტკიცებაზე საბოლოო სიტყვა უკვე სამინისტროს ეკუთვნის.

2. რექტორის, დეკანისა და აკადემიური პერსონალისთვის დადგენილი რეგულაციები

რექტორისა და დეკანისთვის დადგენილი მოთხოვნები

მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, წარმოდგენილი ცვლილებებით რექტორად შეიძლება აირჩეს მხოლოდ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. რაც შეეხება დეკანს, აღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება ექნება მხოლოდ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.

მსგავსი სტანდარტები არაა უცხო ევროპის უნივერსიტეტებისთვისაც. ზოგიერთ ქვეყანაში (პროტუგალია, ესპანეთი), რექტორის ტიტულატურაშივეა შეტანილი დოქტორის სტატუსი. ესპანეთში კიდევ უფრო რთულდება სტანდარტი და მოთხოვნაა, რომ რექტორს თანამდებობის დაკავებამდე სულ მცირე 6 წლით ადრე უნდა ჰქონდეს მოპოვებული დოქტორის ხარისხი. ნიდერლანდებში რექტორი უნდა იყოს სრული პროფესორი. იმ ქვეყნებში კი, სადაც არ ხდება მკაცრი მოთხოვნების დადგენა, რექტორის სტატუსიდან გამომდინარე, პრაქტიკულად არ ხდება შემთხვევა, რომ ამ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს დოქტორის ხარისხის არმქონე პირი.

კანონპროექტში დეკანთან მიმართებით გაუგებრობას იწვევს მოთხოვნა, რომ ის აუცილებლად შესაბამისი უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი უნდა იყოს, მაშინ როცა რექტორთან მიმართებით მსგავსი მოთხოვნა დაწესებული არაა.

ასევე გაუგებარია, თუ რატომ ამოიღო ინიციატორმა რექტორის არჩევასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის ამკრძალავი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.“

დოქტორანტი ვეღარ დაიკავებს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას

არსებული რედაქციით, აკადემიურ პერსონალს – პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს როგორც დოქტორი, ასევე დოქტორანტიც. წარმოდგენილი ცვლილებებით, იზრდება სტანდარტი და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავებისთვისაც საჭირო ხდება დოქტორის ხარისხი.

ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლება პირდაპირ კავშირშია სწავლების დონესა და პროფესორ-მასწავლებელთა გამოცდილებასთან. შესაბამისად, ამ უკანასკნელთათვის სტანდარტის ამაღლებამ, შესაძლოა, მომავალში გარკვეულწილად გაზარდოს სწავლების დონეც. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს არსებული რეალობა (მაგალითად, დოქტორის ხარისხის მქონე პირთა რაოდენობა) და მსგავსი ცვლილებების განხორციელება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონპროექტი არ არეგულირებს იმ პირთა ბედს, რომლებსაც ამ ეტაპზე არ გააჩნიათ დოქტორის ხარისხი, მაგრამ არიან ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. თუ ჩავთვლით, რომ ეს ცვლილებები აუარესებს ასისტენტ-პროფესორის მდგომარეობას , მაშინ კანონს არ უნდა ჰქონდეს უკუძალა. მაგრამ ამ შემთხვევაში სახეზე გვეყოლება ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონის მოთხოვნებს.

ჩნდება ახალი აკადემიური თანამდებობა – ასისტენტი

კანონპროექტის ინიციატორებს შემოაქვთ ასისტენტის სტატუსი. პროექტის მიხედვით, ასისტენტი, ეს არის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის ხელმძღვანელობით.“ ფაქტობრივად, ასისტენტი ასრულებს იმ სამუშაოს, რაც დოქტორანტს ისედაც ევალება საგანმანათლებლო პროგრამით, ეს კი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ამ თანამდებობის შემოღების მიზეზებს.  

„სრული პროფესორი“ იცვლება „პროფესორით“

ინიციატორი ტერმინოლოგიურ ცვლილებას გვთავაზობს სრულ პროფესორთან მიმართებით და მის ალტერნატივად შემოაქვს უბრალოდ „პროფესორი“. აღნიშნული ცვლილება გარკვეულწილად ტერმინოლოგიურ შეუსაბამობას იწვევს. დღევანდელი რედაქციით, პროფესორი არის საერთო სახელწოდება, წარმოადგენს ზოგად ტერმინს და აერთიანებს სრულ პროფესორს, ასოცირებულ პროფესორსა და ასისტენტ-პროფესორს. შემოთავაზებული ცვლილებებით კი „პროფესორი“ გვევლინება როგორც ერთ-ერთი აკადემიური თანამდებობა, ასევე ის რჩება ზოგად საერთო ტერმინადაც.

განსხვავებული პირობები ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავების მსურველთათვის

გაუგებარია ინიციატორის ნება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობების ნაწილში. ასისტენტის, ასისტენტ-პროფესორისა და პროფესორის შემთხვევაში კანდიდატისთვის გარკვეული პირობები შეიძლება დადგენილ იქნას დაწესებულების წესდებით. ამ კუთხით გამონაკლისს წარმოადგენს ასოცირებული პროფესორი, რომელთან მიმართებითაც ინიციატორი არ ახსენებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას.

3. სახელფასო სარგოების ახლებურად განსაზღვრა

კანონპროექტით განისაზღვრება რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოები. პრინციპი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა და მიბმულია სხვადასხვა რანგის პროფესორის თანამდებობრივ სარგოზე. მაგალითისთვის, რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში.

გამოთვლის პრინციპი გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს. წარმოდგენილი ჩანაწერით უნდა ვივარაუდოთ, რომ მთელი დაწესებულების ფარგლებში რაც იქნება პროფესორისთვის ყველაზე მაღალი ხელფასი, ათვლაც სწორედ იქიდან მოხდება. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად სწორია საუბარი თავად თანამდებობრივ სარგოებზე. აღნიშნული დამახასიათებელია საჯარო სამსახურებისთვის. არაა სავალდებულო პროფესორს მაინდამაინც წინასწარ მკაცრად დადგენილი სარგო ჰქონდეს. ხელფასის ოდენობას უფრო ხშირად საათობრივი დატვირთვა განაპირობებს. საყურადღებოა ასევე ის, რომ ეს პუნქტი ეხება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ყველა დაწესებულებას, მაშინ როდესაც ეს თანამდებობები სავალდებულოა მხოლოდ სსიპ-ისთვის, ააიპ-ებში კი არსებობს გარკვეული თავისუფლება. შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში შესაძლოა წარმოიშვას კოლიზია.

4. ცვლილებები ადმინისტრაციულ მართვაში

წარმოდგენილი პროექტით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა აკადემიური თანამდებობის ქონასთან შეუთავსებელი ხდება.

24-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ-ებში ბიუჯეტის დამტკიცებაში ადმინისტრაციის როლი მცირდება და მხოლოდ კოორდინაციით შემოიფარგლება, აქცენტი კეთდება ფაკულტეტების ჩართულობაზე და წარმომადგენლობით საბჭოზე. ააიპ-ებში ამ მხრივ არაფერი იცვლება. თუმცა 24-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისგან განსხვავებით 26-ე მუხლი უკვე არ აკონკრეტებს, რომ ეს რეჟიმი მხოლოდ სსიპ-ებს ეხებათ, პირიქით – ეს ნორმა ორივეზე ვრცელდება. შესაბამისად, აღნიშნული ქმნის კოლიზიას.

5. კანონპროექტის სამართლებრივი და ტექნიკური ხარვეზების ჩამონათვალი

კანონპროექტში მრავლადაა სხვადასხვა სახის ტექნიკური თუ სამართლებრივი ხარვეზი და შეუსაბამობა. ზოგიერთ მათგანზე ზემოთ უკვე იყო საუბარი.

  • პროექტში ჩადებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება, წარუდგინოს პრემიერმინისტრს დასამტკიცებლად მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა და არაფერია ნათქვამი უშუალოდ პრემიერმინისტრის მიერ მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის პროცედურასა თუ სხვა დეტალებზე.
  • თუ ინიციატორის მიზანია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა პრემიერმინისტრს მიანდოს, მაშინ კანონიდან ამოღებულ უნდა იქნას 21-ე მუხლის 12 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხსენებული უფლებამოსილება აკადემიური საბჭოს ხელშია.
  • ტექნიკური ხარვეზია ორი პუნქტის გაერთიანების შედეგად მიღებულ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის წარმოდგენილ რედაქციაში. ნახსენებია „წარმომადგენლობითი საბჭო ან კოლეგიური ორგანო“, მაშინ როცა წარმომადგენლობითი საბჭოც კოლეგიური ორგანოა.
  • გარკვეული უხერხულობა იქმნება იმ ფაქტით, რომ ინიციატორი „პროფესორს“ იყენებს როგორც სხვადასხვა აკადემიური თანამდებობების ზოგად სახელწოდებად, ასევე – ერთ-ერთი აკადემიური თანამდებობის სახელწოდებადაც.
  • შემოდის ვალდებულება, რომ ააიპ-ში რექტორი უნდა იყოს ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე. თუ სასწავლებელს ორი კოლეგიური ორგანო ექნება, მაშინ გაუგებარია თუ რომლის თავმჯდომარე უნდა იყოს ის. ამ ჩანაწერით გამოდის, რომ დასაშვებია რექტორი წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარეც გახდეს.
  • გარკვეული თანამდებობის პირებისათვის სარგო განისაზღვრება პროფესორების სარგოების პროპორციულად, მაშინ როცა ააიპ-ები არ არიან ვალდებულები ჰქონდეთ მსგავსი თანამდებობები. ასევე არაა ვალდებულება იმისა, რომ პროფესორებს დადგენილი სტატიკური სარგოები გააჩნდეთ და მათ ხელფასს მეტწილად საათობრივი დატვირთვა განაპირობებდეს.
  • 22-ე მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილების მიხედვით გამოდის, რომ ააიპ-ებშიც დაწესებულების ხელმძღვანელს აუცილებლად რექტორი უნდა ერქვას.
  • გაუგებარია, რატომ აუქმებს ინიციატორი რექტორის არჩევასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციის ამკრძალავ ჩანაწერს: „დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.“
  • ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მიმართებით, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად დგინდება ასევე „შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები”. გაუგებარია, თუ რატომ კეთდება შრომის კოდექსზე აქცენტი მხოლოდ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მიმართებით. გარდა ამისა, მოქმედ რედაქციაში არსებობს ისედაც 41-ე მუხლი, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხებს.
  • 24-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტსა და 26-ე მუხლში შესატანი ცვლილებები ბუნდოვანია და იწვევს კითხვას: დაწესებულების ბიუჯეტთან მიმართებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის როლი კოორდინაციით მხოლოდ სსიპ-ებში შემოიფარგლება თუ ააიპ-ებშიც.
  • გაურკვევლობას იწვევს ინიციატორის ნება 89-ე მუხლის 28-ე პუნქტში შესატანი ცვლილებების მიმართ. პუნქტში ნახსენებია ფრაზა: „ამ კანონის ამოქმედებამდე“. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში გახდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაწილი, შესაბამისად ამ ჩანაწერში უნდა ვიგულისხმოთ 2004 წლის 21 დეკემბერი. თუ ინიციატორი გულისხმობს უშუალოდ ამ პროექტის ამოქმედების თარიღს, მაშინ ამაზე მითითება უფრო მკაფიოდ უნდა გაკეთდეს.
  • კანონპროექტის მეორე მუხლით ინიციატორი ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ სასწავლებლების იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აქ გაუგებარია, თუ კანონის ძალით ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა, მაშინ რატომ არაა დადგენილი კონკრეტული თარიღი და რატომ არის მოცემული 30 დღიანი ლავირების საშუალება? თუ ინიციატორს არ სურს კონკრეტული ვადის კანონით დადგენა და უფლებამოსილების კანონის ძალით შეწყვეტა, მაშინ უნდა დაადგინოს თუ კონკრეტულად ვის მიერ და რა აქტის საფუძველზე უნდა მოხდეს ამ 30 დღიან ვადაში შესაბამისი პირების უფლებამოსილებების შეწყვეტა.
  • აკადემიური პერსონალის ნაწილში პრობლემატურია ის, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული ვითარების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მოყვანა. ჩნდება კითხვა - ცვლილებები შეეხება მხოლოდ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებს, თუ მანამდელ პერიოდზეც გავრცელდება? სათანადო მითითების გარეშე უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ცვლილებები აუარესებს აკადემიური პერსონალის (განსაკუთრებით დოქტორანტი ასისტენტ-პროფესორების) მდგომარეობას და კანონს არ უნდა ჰქონდეს უკუძალა. მაგრამ ამ შემთხვევაში სახეზე გვეყოლება ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონის მოთხოვნებს. იგივეა სრული პროფესორების შემთხვევაშიც – ასეთი ტერმინი უბრალოდ აღარ იარსებებს. შესაბამისად, ამ საჭიროა ამ გარემოებების კანონში ასახვა.

სამწუხაროდ, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ისევე როგორც საზოგადოების სხვა დაინტერესებულ პირებს, არ მიეცათ საშუალება აქტიურად ჩართულიყვნენ პროექტის პირველი და მეორე მოსმენით განხილვის პროცესში. მიუხედავად ამისა, პროექტის დახვეწის მიზნით, ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ ვითანამშრომლოთ პარლამენტთან და კანონპროექტის ინიციატორთან.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
parliament