რა საკითხებით დაინტერესდა პროკურატურა ე.წ. პირბადეების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე
17 სექტემბერს, ე.წ. პირბადეების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. დაკითხვას სანქცირებული პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი და გამომძიებელი გიორგი ნიქაბაძე უძღვებოდნენ, ხოლო მოსამართლე, სანქცირებული თეონა ეპიტაშვილი იყო.
დაკითხვისას პროკურატურის ძირითადი ინტერესის საგანი იყო:
- გადარიცხვები ეკა გიგაურის პირადი ანგარიშიდან სოლიდარობის ფონდში დაჯარიმებული მოქალაქეების დასახმარებლად;
- რამდენიმე საწვიმარი ლაბადის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროევროპული კამპანიებისთვის ორი ხმის გამაძლიერებლის - ე.წ. „რუპორის” შეძენის ფაქტი, რომელთა ჯამური ღირებულება 363 ლარი იყო.
- ეკა გიგაურის დასწრება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული „რუსული კანონის” გასაპროტესტებელ აქციებზე; ასევე დეკემბერში საპროტესტო აქციების დარბევების პერიოდში და შემდეგ, მოქალაქეების მსგავსად, რუსთაველის გამზირზე ყოფნის ფაქტი;
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით დაანონსებული მანქანების სიგნალების კამპანია და ამ მიზნით ფეისბუქზე განთავსებული ბანერი;
- ეკა გიგაურის პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებისა და რუსული ტიპის მმართველობის დამყარებასთან დაკავშირებით;
- ეკა გიგაურის პოზიცია ინდივიდუალურ სანქციებთან დაკავშირებით;
- გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ორპარტიულ მოსმენაზე ეკა გიგაურის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები.
აღსანიშნავია, რომ ეს საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის ფონზე, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე ექვემდებარება ორმაგ მონიტორინგს – ე.წ. “ფარა”-ს და „გრანტების კანონში” გაზაფხულზე შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რასაც ზედამხედველობს ანტიკორუფციული ბიურო.
ეს ფაქტი, თავისთავად, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს საქმე და გამოძიებაც მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და არავითარი სამართლებრივი საფუძველი მის წარმოებას არ გააჩნია.
ჩვენი შეფასებით, მმართველი ძალის და მის მიერ მიტაცებულ სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები განპირობებულია იმით, რომ მათი მიზანია ჩვენი გაჩუმება, რადგან დისკომფორტი ექმნებათ ჩვენი ანტიკორუფციული აქტივობით, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლით. თუმცა, ჩვენ ვდგავართ და მტკიცედ ვიდგებით ჩვენი მოქალქეების უფლებების სადარაჯოზე.