ENG

რა ხდებოდა „მენეჯმენტ სერვისის” სასამართლოს პროცესზე

08 ივნისი, 2012

2012 წლის 14 მაისს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შ.პ.ს. „მენეჯმენტ სერვისი“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ უკანონო შეწირულობის განხორციელებისათვის. „მენეჯმენტ სერვისი” ქირაობდა ოფისებს კერძო მესაკუთრეებისაგან, არემონტებდა პარტნიორ კომპანია „ბურჯის” დახმარებით, უზრუნველყოფდა მათ ავეჯით და სხვა საჭირო საგნებით, შემდგომ კი ქვეიჯარით  გასცემდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” წევრები იყვნენ. კონტროლის პალატის დასკვნით ორგანიზაციას უფრო ძვირი უჯდებოდა ფართების ქირაობა, რემონტი და ავეჯით უზრუნველყოფა, ვიდრე  პოლიტიკური პარტიებისაგან ქირის სახით მიღებული შემოსავალი, შესაბამისად მისი საქმიანობა არ იყო მოგებაზე ორიენტირებული. კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის გამოსათვლელად კონტროლის პალატამ შეაჯამა მის მიერ იჯარით აღებული ოფისების საერთო ფართობი და მიღებული ჯამი გაამრავლა 150 ლარზე, რაც ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სავარაუდო ხარჯია 1 კვ/მ ფართზე სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად. აღნიშნული კალკულაციის შედეგად მიღებული ოდენობა პალატამ მიიჩნია მენეჯმენტ სერვისის მიერ პოლიტიკური პარტიებისათვის გაწეულ შეწირულობად და დააჯარიმა იგი ათმაგი ოდენობით - 476.619.51 ლარით. 

„მენეჯმენტ სერვისი” არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, ამტკიცებს, რომ ის ეწევა კომერციულ საქმიანობას და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა გათვლილი იყო მოგებაზე. აღნიშნული საქმიანობით კომპანიას 11 თვის მანძილზე  400 000 ლარის მოგება უნდა მიეღო. ასევე, „მენეჯმენტ სერვისი” არ ეთანხმება კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ გამოთვლებს და ამტკიცებს, რომ მის მიერ გაწეული რეალური ხარჯი ბევრად ჩამოუვარდება კონტროლის პალატის მიერ გამოანგარიშებულს, რამდენადაც პალატამ გარემონტებულად მიიჩნია დაქირავებული ოფისების მთლიანი ფართი, მაშინ როდესაც ფართები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გარემონტებული. ამასთან, გაურკვეველია რის საფუძველზე იქნა გამოანგარიშებული 150 ლარის ღირებულება 1 კვ/მ ფართზე სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, მაშინ როდესაც არც კონტროლის პალატას და არც ექსპერტს არ დაუთვალიერებიათ და არ შეუფასებიათ ოფისებში წარმოებული სამუშაოები.

კონტროლის პალატის დადგენილება გასაჩივრებული იქნა “მენეჯმენტ სერვისის” მიერ სასამართლოში. საქმეზე პირველი მოსმენა გაიმართა ამა წლის 28 მაისს. საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა. განხილვას ესწრებოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი და სასამართლო მონიტორი.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც როგორც წესი სამუშაო დღეებში საშუალოდ 2-დან 5-მდე საქმეს განიხილავს, 28 მაისს მხოლოდ ერთი საქმე ჰქონდა ჩანიშნული. პროცესი დაიწყო 13:00 სთ-ზე და 18:00 საათის შესრულებისთანავე დასრულდა. ამასთან პროცესი ორჯერ იქნა შეწყვეტილი, 15 წუთიანი და 1 საათიანი შესვენებებით.  მოსამართლე გვრიტიშვილმა იმ დღესვე დაასრულა საქმის განხილვა და გამოიტანა გადაწყვეტილება. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე ჩქარობდა და მიზნად ჰქონდა დასახული პროცესის 1 დღეში დასრულება. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებები, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არაერთხელ იქნა დაყენებული შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა.

ერთ-ერთ ძირითად სადაო საკითხს, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ოფისების გარემონტებული ფართი და მათზე გაწეული ხარჯი წარმოადგენდა. დაჯარიმებულმა „მენეჯმენტ სერვისმა” ითხოვა პროცესის 8 ივნისამდე გადადება, რათა დასრულებულიყო მიმდინარე ექსპერტიზა, რომელსაც ატარებდა  კერძო ექსპერტიზის ბიურო და რომელსაც უნდა გაერკვია რამდენი კვ/მ ფართი იქნა სინამდვილეში გარემონტებული და რა ხარჯი იქნა მასზე გაწეული. მოსამართლე გვრიტიშვილმა არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს უკვე ჰქონდა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები, რითაც ამტკიცებდა, რომ მის მიერ დახხარჯული იქნა 154 000 ლარი, შესაბამისად ექსპერტიზა ახალ გარემოებას ვერ დაადასტურებდა და არ არსებობდა მასზე დროის კარგვის საჭიროება. ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა მოწმის სახით დაკითხულიყვნენ ოფისებში სარემონტო სამუშაოების მწარმოებლები, რომელთაც შეეძლოთ ეცნობებიათ სასამართლოსათვის, თუ რა ოდენობის სამუშაოები იქნა ჩატარებული. მოსარჩელე მხარემ ასევე ითხოვა პროცესის სულ მცირე 1 დღით გადადება, რათა მხარეს ჰქონოდა შესაძლებლობა გაცნობოდა კონტროლის პალატის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ 14 მაისს პალატაში გამართული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სხდომის ოქმს. 48 გვერდიანი დოკუმენტის გასაცნობად მოსამართლემ მხარეს მხოლოდ 1 საათი განუსაზღვრა. შესვენების შემდგომ დაბრუნებულმა მოსარჩელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტის მხოლოდ მცირე ნაწილის წაკითხვა შეძლეს და ამასთან წაკითხულ ნაწილში აღმოჩენილი კიდევაც გარკვეული უზუსტობები. მიუხედავად ამისა, „მენეჯმენტ სერვისის” თხოვნა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით ისევ უკუგდებული იქნა მოსამართლის მიერ და განხილვა გაგრძელდა.

კონტროლის პალატის წარმომადგენელმა, გიორგი ამირანაშვილმა, ახსნა-განმარტებითი სიტყვის დროს, საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მოიშველია გარკვეული აუდიტის დასკვნა. მოსარჩელემ გააპროტესტა იმ გარემოებებზე მითითება, რომლებიც საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულების სახით. მოსამართლემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ აუდიტს მტკიცებულებად არ მიიღებდა, თუმცა მოპასუხეს მაინც შეეძლო მასზე მითითება ახსნა-განმარტების ეტაპზე, საკუთარ სიტყვაში. ამირანაშვილმა განაგრძო აუდიტის შედეგების მოყვანა და განიხილა კონკრეტული მაგალითი კასპის ოფისის სახით, რომლის ქირაობით, გარემონტებითა და შემდგომი ქვეიჯარით „მენეჯმენტ სერვისს” უნდა ეზარალა 9 706 ლარი. მოსარჩელემ საეჭვო გახადა აღნიშნული გათვლა და ითხოვა დარბაზშივე გადაემოწმებიათ მისი სისწორე. ადგილზე ჩატარებული სწრაფი კალკულაციით გაირკვა, რომ “მენეჯმენტ სერვისს” კასპის ოფისის  ქირაობა 8250 ლარი უჯდებოდა, მაშინ როდესაც თავად 22 772 ლარად აქირავებდა, ანუ მისი სავარაუდო მოგება 14 522 ლარი იქნებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენელმა ვერ დააზუსტა, საიდან მიიღო პალატის აუდიტმა 9 706 ლარის ზარალი, მოსამართლე აღარ დაინტერესებულა აღნიშნული საკითხით და ამჯერად დაეთანხმა “მენეჯმენტ სერვისის” დაცვის მხარეს და აღნიშნა, რომ რამდენადაც აღნიშნული აუდიტის დასკვნა საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებად, შესაბამისად მასზე დროის ხარჯვა არ ღირდა.

18:00 საათის მოახლოებასთან ერთად მოსამართლემ დააჩქარა პროცესი, მან მოსარჩელეს განუსაზღვრა 10 წუთი საბოლოო სიტყვისათვის, რის გამოც”მენეჯმენტ სერვისის” ერთ-ერთ წარმომადგენელს, ეკა ბესელიას არ მიეცა სიტყვის თქმის საშუალება.  მოსამართლის მტკიცებით, მიცემული ვადა მთლიანად ამოწურა კომპანიის მეორე წარმომადგენელმა - ალქსანდრე ბარამიძემ. ზუსტად 18:00 სთ-ზე მოსამართლემ დაასრულა პროცესი და დარბაზის დაუტოვებლად, ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება. მენეჯმენტ სერვისის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, რამდენადაც “მენეჯმენტ სერვისს” არ შეუძლია მსგავსი ოდენობის ჯარიმის გადახდა და მას გაკოტრება ემუქრება.

მართალია დროულობის პრინციპი უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების განხორციელებისას, თუმცა უპირველეს ყოვლისა აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი იქნას საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, რთულია შეფასდეს მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობა, რამდენადაც საქმის დაჩქარებულ ვადებში განხილვის გამო ვერ მოხერხდა სადაო გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს მონიტორინგს და იმედოვნებს, რომ შემდგომ ინსტანციებში საქმის განხილვა უფრო საფუძვლიანად მოხდება, რაც ნაკლებ კითხვის ნიშნებს დატოვებს.

Author: ზურა გველესიანი