ENG

რა ხდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში – მიმოხილვა

27 მარტი, 2015

 

ვინ დგას მოდავე მხარეების კომპანიების უკან

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ბადრი პატარაკაციშვილმა 2005 წელს 36 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამ პერიოდში რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ბადრი პატარკაციშვილის კორპორაცია „ქართული ფოლადის” საკუთრება იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის თებერვალში სს „ქართული ფოლადის“ (რომელიც, თავის მხრივ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ფლობდა) 100%-იანი წილი ჯოზეფ ქეის მფლობელობაში მოექცა. მას შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ ქეის შორის ქვეყნის გარეთ რამდენიმე დავა მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წელს გიბრალტარის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჯოზეფ ქეის მოთხოვნა და რუსთავის მეტალურგიული ქარხანაზე პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრება დაადასტურა, ვინაიდან ქეიმ სასამართლოს ვერ დაუმტკიცა, რომ რუსთავის ქარხანაში ინვესტირება განახორციელა. 2008 წელს პატარკაციშვილების ოჯახმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) საქართველოს სახელმწიფოს წინაღმდეგ კომპენსაციის მოთხოვნით საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო.

ძირითადი მოვლენები

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაბრუნების პროცესი

2011 წლის 6 ივლისს საქართველოს სახელმწიფოსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის დაიდო მორიგების შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ჩამორთმეული რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონების დაბრუნების შესახებ აიღო ვალდებულება. სანაცვლოდ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დავა უნდა შეეწყვიტა.

2008 წლიდან 2011 წლის ივლისამდე რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სააქციო საზოგადოება (სს) „ქართულ ფოლადს“ ეკუთვნოდა, რომელსაც, თავის მხრივ, ჯოზეფ ქეი აკონტროლებდა. 2011 წელს საარბიტრაჟო მორიგების გაფორმების შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო წართმეული აქტივების პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაბრუნების პროცესი. 2011 წლის 7 ივლისს ქართული ფოლადის აქციონერთა გადაწყვეტილებით, შეიცვალა კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო და დაინიშნა ახალი დირექტორი, რომელიც უკვე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ინტერესებს ატარებდა.

ქარხნაში არსებული ფინანსური პრობლემები და რეაბილიტაციის პროცესი

2011 წლის 30 სექტემბერს სს „ქართული ფოლადის“ ახალმა მენეჯმენტმა, რომელმაც საწარმო მნიშვნელოვანი დავალიანებით ხელმეორედ გადმოიბარა, საზოგადოების კრედიტორთა წინაშე არსებული 82 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების არსებობის გამო, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა. შედეგად 2011 წლის 21 დეკემბერს კრედიტორების მიერ დამტკიცდა სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის გეგმა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გეგმის თანახმად კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილების ერთ-ერთ საშუალებად საზოგადოების აქტივების რეალიზაცია განისაზღვრა. რაც შეეხება კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების გრაფიკს, ის 9 წლიან პერიოდზე იქნა დაანგარიშებული: 1-5 რიგის კრედიტორები 2011 წელს დაკმაყოფილდებოდნენ, მე-6 რიგის კრედიტორები – 2019 წელს, ხოლო მე-7 რიგის კრედიტორები – 2020 წელს.

რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში 2011 წლის 27 დეკემბერს სს „ქართული ფოლადის“ საკუთრებაში არსებული აქტივები – მეტალურგიული ქარხანა (მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და მოძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს „რუსთავის ფოლადს“ (ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის კომპანია). ასევე 2011 წლის 27 დეკემბერს სს „ქართული ფოლადის“ საკუთრებაში არსებული ნაყარი წიდა და ნაცარი, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შეიძინა შპს „რუსთავის ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის კომპანია), რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ქონება უკვე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მესაკუთრე კომპანიაზე – შპს „რუსთავის ფოლადზე“ გაასხვისა.

ამ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (უშუალოდ საწარმო და მისი ქონება) და ამასთან აიღო ვალდებულება გაესტუმრებინა ს.ს. „ქართული ფოლადის“ არსებული მრავალმილიონიანი დავალიანებაც.

2013 წელს ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებული ჯგუფები სავარაუდოდ კვლავ იღდგენენ კონტროლს ს.ს. ქართულ ფოლადზე და ამავე წლიდან წლიდან იწყება სამართლებრივი დავები პატარკაციშვილების კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ. დავების მიზანი იყო სს „ქართული ფოლადის“ აქტივების გასხვისების ბათილად ცნობა და მეტალურგიულ ქარხანაზე მისი საკუთრების დაწესება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჯოზეფ ქეის კონკტროლირებადმა კომპანიამ „ქართულმა ფოლადმა“ და მისმა წარმომადგენლებმა მხოლოდ 2013 წელს დაიწყეს 2011 წელს განხორციელებული ქმედებების (მეტალურგიული ქარხნის და წიდისა და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულებები) წინააღმდეგ დავა. 2013 წლიდან ჯამში ასეთი 3 სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა.

პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე დავები

სამივე დავაზე შპს „რუსთავის ფოლადმა“ (რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დღევანდელი მფლობელი) პირველ ინსტანციაში დავა წააგო. სამივე დავას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი იხილავდა.

2013 და 2014 წლებში დაწყებულ დავებში მოსარჩელეები (სს „ქართული ფოლადის“ ამჟამინდელი მესაკუთრეები) რამდენიმე გარემოებაზე აპელირებდნენ, კერძოდ, რეაბილიტაციის მმართველი და სს „ქართული ფოლადის“ დირექტორი მოქმედებდნენ შპს „რუსთავის ფოლადთან“ წინასწარი შეთანხმებით და მათ სს „ქართული ფოლადისთვის“ არახელსაყრელი გარიგებები დადეს. ისინი მიუთთებდნენ აქტივების ნასყიდობის გარიგების მოჩვენებითობაზე და რომ აქტივების რეალური ღირებულება აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას. მოსარჩელის პოზიციით რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე დაუშვებელი იყო საწარმოს აქტივების უდიდესი ნაწილის გასხვისება, ვინაიდან სს „ქართული ფოლადის“ დავალიანება კრედიტორთა წინაშე აქტივების სრულად რეალიზაციის გარეშეც შესაძლოა დაფარულიყო.

უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმება

ორ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ რეაბილიტაციის გეგმის საფუძველზე, რეაბილიტაციის პროცესის ერთ-ერთ შესაძლო შედეგს წარმოადგენდა საწარმოს აქტივების გასხვისება. ის გარემოება, რომ რეაბილიტაციის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა რეაბილიტაციის გეგმით გათვალიწინებული სხვა საშუალებებით და რომ ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნებოდა აქტივების სრულად რეალიზაციის გარეშეც, მოსარჩელეს სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა დაესაბუთებინა, ის კი მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რომ აქტივები დაბალ ფასად გასხვისდა. უზეანესმა სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მიზანი, პირველ რიგში, კრედიტორთა დაკმაყოფილება და მხოლოდ შემდეგ საწარმოს შენარჩუნება, და არა პირიქით, როგორც სააპელაციო სასამართლომ განმარტა.

რეაბილიტაციის გეგმიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის მმართველს შეეძლო, ნებისმიერ ეტაპზე სრულად ან ნაწილობრივ გაესხვისებინა სს „ქართული ფოლადის“ აქტივები, იმ სავალდებულო პირობით, რომ ტრანზაქციის ღირებულება უზრუნველყოფდა რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სს „ქართული ფოლადის“ აქტივების გასხვისების გადაწყვტილება მიღებულ იქნა რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელსაც კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს. ასევე საქმეში არ არის მოცემული რაიმე სახის დასაბუთება, თუ როგორ უნდა მომხდარიყო 82 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების სხვა საშუალებებით დაფარვა, გარდა საზოგადოების აქტივების გასხვისებისა.

უზენაესმა სასამართლოს მოსაზრებით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს.ს. „ქართული ფოლადის“ ყოფილი დირექტორი და რეაბილიტაციის მმართველი მოქმედებდნენ შპს „რუსთავის ფოლადთან“ წინასწარ შეთანხმებით, ასევე ვერ დადასტურდა მოსარჩელის პრეტენზია, რომ სს „ქართული ფოლადის“ აქტივები შპს „რუსთავის ფოლადზე“ საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გასხვისდა. ამასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც მოსარჩელე სადავოდ ხდის, რომ სადავო ქონება განზრახ გასხვისდა საბაზროზე დაბალ ფასად, მან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაც უნდა წარადგინოს (მაგ. ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულების შეფასების ამსახველი დოკუმენტი), რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი ვერ დასაბუთდა, ხოლო ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს აღნიშნული გარემოება. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ფასი მხარეთა შეთანხმების საგანია და არავინაა შეზღუდული, ხელშეკრულებაში მისთვის მისღები ფასი მიუთითოს, თუნდაც იგი ამ ქონების საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამებოდეს.

საქალაქო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება, რომელმაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უგულებელყო

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა აქტივების გასხვისების კანონიერება, 2014 წლის 29 დეკემბერს ქალბატონმა ეთერ მთვრალაშვილმა ახალი სარჩელი აღძრა აქტივების ნასყიდობის (წიდისა და უძრავ-მოძრავი ქონების ნასყიდობა) ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ ეთერ მთვრალაშვილმა 2014 წლის 26 დეკემბერს შპს „მეტაკომისგან“ შეიძინა მოთხოვნილ უფლება და გახდა ს.ს. „ქართული ფოლადის“ კრედიტორი (შპს „მეტაკომს“ არასდროს გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია დავის მონაწილეების მიმართ). იგი VI რიგის კრედიტორია, რომელსაც საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა 2019 წელს უწევს. ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნის უფლება 4 553 ლარსა და 48 თეთრს შეადგენს.

მოსარჩელემ სარჩელში განაცხადა, რომ სს „ქართული ფოლადის“ აქტივი სრულად გასხვისდა, რაც ეწინააღმდეგება რეაბილიტაციის მიზნებს, მიმართულია კრედიტორთა ინტერესების საწინააღმდეგოდ და საფრთხეს ექმნება რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მან ასევე მოითხოვა აკრძალვოდა შპს „რუსთვის ფოლადს“ მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. მოსარჩელემ აღნიშნულ განცხადებაში მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში შეუძლებელი გახდებოდა სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან მოპასუხე ყოველმხრივ შეეცდებოდა გადაცემული მრავალმილიონიანი ქონების სხვა პირზე გადაფორმებას თვალთმაქცური გარიგებით, რითაც გამოირიცხებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნული გარემოება კი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს და აზრს დაუკარგავს სასამართლო დავის გაგრძელებას.

საპასუხოდ შპს „რუსთავის ფოლადმა“ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა და სასამართლოს შესთავაზა, რომ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსებდა 4553 ლარსა და 48 თეთრს. ვინაიდან მოსარჩელის ოფიციალურად გაცხადებული ინტერესს სწორედ 4 553 ლარის და 48 თეთრის მიღება წარმოადგენდა.  

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით საფრთხე შეექმნებოდა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად დაკმაყოფილებულ იქნა მოსარჩელის მოთხოვნა და 4553 ლარსა და 48 თეთრის უზრუნველსაყოფად აკრძალვა დაედო ათეულობით მილიონი ღირებულების ქონებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ეჭვებს ბადებს მისი პროპორციულობის კუთხით, გაუგებარია რა რისკების დაზღვევას ცდილობდა სასამართლო იმ გარემოებაში, როდესაც ეთერ მთვრალაშვილის მცირე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის რეალური საფრთხე არ არსებობს. ასევე გაუგებარია, რამ განაპირობა შეთავაზებული ალტერნატიული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა. ალტერნატიული ღონისძიება სრულად აზღვევდა იმ რისკებს, რაზეც მოსარჩელე მიუთითებდა. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას უმნიშვნელოვანესია მიღებული გადაწყვეტილების სრულფასოვანი და ლოგიკური დასაბუთება, აუცილებელია ნათლად მიეთითოს ყველა ის გონივრული რისკი, რასაც სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით ცდილობს დააზღვიოს.

2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ეთერ მთვრალაშვილის სარჩელი და ბათილად ცნო სადავო ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი ხელშეკრულებების კანონიერება დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის პროცესი, ისევე როგორც მის ფარგლებში განხორციელებული მოქმედებები კანონიერადაა ცნობილი, ასევე შპს „რუსთავის ფოლადი“ აქტივების კეთილსინდისიერ შემძენადაა ცნობილი, რომელიც ასევე ისტუმრებს აქტივების ხელშეკრულებების ნასყიდობის გარიგებებიდან გამომდინარე სს „ქართული ფოლადის“ დავალიანებას და ა.შ.). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იმავე ხელშეკრულებების და იმავე მოპასუხეების მიმართ, იმავე საფუძვლებით ბათილად ცნობა, დამატებით კითხვებს აჩენს აღნიშნული საქმის მიმართ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გავლენა საწარმოს შეუფერხებლად ფუნქციონირებაზე

გასათვალისწინებელია უშუალოდ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შეუფერხებლად ფუნქციონირების გაგრძელების მნიშვნელობაც. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენლებმა 2015 წლის 1 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ 2015 წლის 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული აკრძალვის გამო მეტალურგიული ქარხანა ვერ აგრძელებს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას, რის გამოც ისინი იძულებულები გახდნენ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 360 ადამიანი უვადო, აუნაზღაურებელ შვებულებაში გაეშვა.

ყოვლად გაუმართლებელია ამგვარი ხელოვნური და დაუსაბუთებელი ბარიერების შექმნა საწარმოსთვის, რომელიც ათასობით ადამიანს ასაქმებს. აუცილებელია, რომ მსგავსი რისკები წინასწარ გააცნობიეროს ყველამ, მათ შორის – საერთო სასამართლოებმაც და გადაწყვეტილება მხოლოდ ამგვარი საფრთხეების სრულფასოვნად შეაფასების შემდეგ მიიღონ.

საწარმოს გადახდისუნარიანობის პროცესში მნიშვნელოვნად იზრდება კრედიტორების როლი, რომლებსაც საწარმოს ყველა სხვა მმართველ სტრუქტურაზე მეტი უფლებამოსილებაც ენიჭებათ. კრედიტორების გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ასახავს იმ რეალურ საჭიროებას, რაც საზოგადოების წინაშე დგას და, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების რაციონალურობის შეფასება ნამდვილად არ წარმოადგენს გარე სუბიექტების კომპეტენციას. მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც კრედიტორების მიერ დამტკიცებული და მოწონებულია კონკრეტული გეგმა, რომლის ფარგლებშიც წარმოებს აქტივების გასხვისება, რითაც საწარმოს მრავალმილიონიანი ვალის გასტუმრება ხდება. მნიშვნელოვანია, რომ წარმოება რომელსაც გადახდისუუნარო კორპორაცია ფლობდა არ გაჩერდეს. ქარხნის ფუნქციონირება ქართული ფოლადის მენეჯმენტის ქვეშ არანაირ კითხვებს არ აჩენს. მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში იკვეთება ჯოზეფ ქეისთან ასოცირებული ჯგუფის მიერ მეტალურგიული ქარხნის დაუფლების ახალი მცდელობა.

მეტალურგიული ქარხნის დაუფლებისთვის მიმდინარეობს მთელი რიგი შეთანხმებული ქმედებები, რომლებიც არ ტოვებს სამართლიანი იურიდიული დაპირისპირების შთაბეჭდილებას. ამავდროულად, დღეს მიმდინარე პროცესი, ხელოვნური და უსაფუძვლო დავის ინიცირების გზით, დღეს არსებული მენეჯმენტისთვის საწარმოს მართვის შეფერხების მცდელობის საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე საქმეებში მრავლად ჩნდება საეჭვო გარემოება, რომელიც პროცესის ყურადღებით დაკვირვებისკენ გვიბიძგებს. ჩვენი აზრით, ასევე იკვეთება გარკვეული ერთმანეთან დაკავშირებული ჯგუფების (როგორც სასამართლო სისტემაში, ასევე მის გარეთაც) შეთანხმებული ქმედებები, რაც შესაძლოა სასამართლო სისტემის შიგნით, მის გარკვეულ ნაწილში, არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზეც მიუთითებდეს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“