ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა: რა იცის საქართველოს მოსახლეობამ თავისი ჯანდაცვის უფლებების შესახებ

02 აპრილი, 2014

საზოგადოებრივი აზრის ჩვენი ბოლო მასშტაბური კვლევის მიხედვით,  ქვეყანაში ჯანდაცვის ერთ-ერთ  მთავარ პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვის და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამების[1] მიმართ ნდობა და მათ შესახებ მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობა  რჩება. საინტერესოა, რომ მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა ⅓-ზე მეტი ჯანდაცვაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავსაც აკისრებს, რაც, მოსახლეობის ამ საკმაოდ დიდი ნაწილის აშკარად ჯანსაღი მიდგომაა.  

ქვემოთ გთავაზობთ საზოგადოებრივი აზრის ჩვენი კვლევის[2] ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებებს:

1. ჯანდაცვის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე საგრძნობლად დაბალია.

არსებული მდგომარეობა:  2014 წ. 1 აპრილის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  დაახლ. 3.5 მილიონ ადამიანს ფარავს: 1. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც არ არის დაზღვეული 2. უმწეოთა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის[3] ბენეფიციარებს, რომლებიც მ/წ 1  აპრილიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიუერთდნენ. მაშასადამე,  2013წ. 28 თებერვლის შემდეგ, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, საქართველოში აღარ დარჩა სრული თუ მინიმალური პაკეტით დაუზღვეველი ადამიანი, მაშინ როცა:

1.1. გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან 18%-მა არ იცის, რომ დაზღვეულია[4]. კვლევის ამ მონაცემზე დაფუძნებული შესაბამისი ანალიზით ჩვენ დავადგინეთ, რომ საქართველოს  მოქალაქეთა რიცხვი, ვინც არ იცის, რომ დაზღვეულია, დაახლოებით 490,000-დან 680,000-მდე მერყეობს. აღნიშნულ პრობლემას დაწვრილებით ცალკე პუბლიკაციაში შევეხებით.

მოსახლეობის ინფორმირებულობა  (2014 წ. 1 იანვრის მდგომარეობით)

1.2. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც იცის, რომ დაზღვეულია, არ არის სათანადოდ ინფორმირებული იმის შესახებ თუ 1. როდის შეუძლია მიიღოს უფასო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და 2. ვის მიმართოს საყოველთაო ჯანდაცვასთან თუ სახელმწიფო  სადაზღვევო პროგრამებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში.

არსებული მდგომარეობა: 1. მედიკამენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ანაზღაურებს მხოლოდ გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორული მომსახურების შესაბამის დაწესებულებაში გაწევისას. გეგმიური ამბულატორული მომსახურების ფარგლებში მედიკამენტების ანაზღაურება არ ხდება არც სამედიცინო დაწესებულების შიგნით და არც მის გარეთ.  2. თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რომელიმე სამკურნალო დაწესებულება სათანადოდ არ ასრულებს დაზღვევის პირობებს ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოც. მომსახურების სააგენტოს ან მედიაციის სამსახურს, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის (165-ე დადგენილება)  დაზღვეულებმა -- სადაზღვევო კომპანიას, ან მედიაციის სამსახურს. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

  • გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან 75% ამბობს, რომ არ იცის როდის შეუძლია უფასოდ მიიღოს მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 10% კი ამბობს, რომ იცის, თუმცა ის 10%, რომელიც ამბობს, რომ იცის, არ არის გარკვევით ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როდის ხდება ანაზღაურება.

  • კითხვაზე, პირველ რიგში ვის უნდა მიმართოთ დახმარებისთვის, თუ დაზღვევის პროგრამის ფარგლებში რომელიმე სამკურნალო დაწესებულება ან  სადაზღვევო კომპანია სათანადოდ არ ასრულებს თავის მოვალეობებს,  გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი ძირითადად სწორად პასუხობს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მედიაციის სამსახურის ცნობადობა კვლავ ძალიან დაბალია (ეს სამსახური გამოკითხულთა მხოლოდ 2%-მა დაასახელა).  

არსებული მდგომარეობა:  თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რომელიმე სამკურნალო დაწესებულება სათანადოდ არ ასრულებს დაზღვევის პირობებს ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოც. მომსახურების სააგენტოს ან მედიაციის სამსახურს, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის (165-ე დადგენილება)  დაზღვეულებმა -- სადაზღვევო კომპანიას, ან მედიაციის სამსახურს.

შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

2. მოსახლეობის ნდობა საყოველთაო ჯანდაცვის და ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების მიმართ დაბალია:

2.1. გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან მხოლოდ 17%-ს სჯერა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი სადაზღვევო პაკეტი ნამდვილად მთლიანად დაფარავს მათ სამედიცინო ხარჯებს. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

არსებული მდგომარეობა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შედის 1. გეგმიური ამბულატორია, რაც მოიცავს გეგმიურ ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურებას  2. გადაუდებელი ამბულატორია: მოიცავს ისეთი გადაუდებელი მდგომარეობის მართვასა და სტაბილიზაციას, რაც არ საჭიროებს სტაციონარში 24-საათიან დაყოვნებას 3. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება: ითვალისწინებს ისეთი მდგომარეობების დაფინანსებას, როდესაც დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე, მოსალოდნელია ორგანოს ან/და კიდურის დაკარგვა ან პაციენტის გარდაცვალება რამდენიმე საათში. განსაზღვრულია 450-ზე მეტი მდგომარეობა, რომელთა შემთხვევაშიც პროგრამა ითვალისწინებს გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული დახმარების გაწევას.

2.2.  გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან 31% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამა ჯანდაცვასთან დაკავშირებულ მათ ხარჯებს არ შეცვლის. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ:

2.3. გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან 52% ფიქრობს, რომ მაშინაც კი, თუ მათი ჯანმრთელობა დაზღვეულია სახელმწიფოს  მიერ, მათ მაინც მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაღება სამედიცინო მომსახურებისთვის ოფიციალური თუ არაოფიციალური გადასახადების სახით (კითხვა, ფორმულირების მიუხედავად, მოიცავს საყოველთაო ჯანდაცვასაც). შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

3.    მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯანსაღად აფასებს ჯანდაცვაზე როგორც  საკუთარ, ისე სახელმწიფოს ფინანსურ პასუხისმგებლობას:

3.1. გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან 47% მზად არის თვეში 1-30 ლარი და მეტი გადაიხადოს ზუსტად ისეთ სამედიცინო დაზღვევაში, როგორიც უნდა. ამ მონაცემის შესაბამისი ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ,  რომ საქართველოს მინიმუმ 1.6 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მზად არის  საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის  ფინანსური ტვირთი სახელმწიფოსთან  ერთად გაინაწილოს.  2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში მოქმედებდა 363,329 არასახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო კონტრაქტი, აქედან: 1. კორპორატიული არასახელმწიფო – 344,156 (საჯარო მოხელეთა კორპორატიული დაზღვევა მოიცავს 128 538 ადამიანს, რაც აქ არ შეგვიყვანია) 2. ფიზიკური პირები – 19,173, მაშინ როცა , როგორც ჩვენმა კვლევამ  აჩვენა, საქართველოს მინიმუმ ოთხჯერ მეტი ზრდასრული მოქალაქე (1.6 მილიონი) მზად არის  საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის  ფინანსური ტვირთი სახელმწიფოსთან  ერთად გაინაწილოს.  ეს შედეგი თანხვედრაშია 2012წ. ჩვენს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის იმ შედეგებთან, რომლის მიხედვითაც სახ. დაზღვევის პროგრამის გამოკითხულ  (რაც ძირითადად უმწეოებისთვის იყო)  ბენფიციართა 30% მზად იყო თვეში 5 ლარი გადაეხადა იმ მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახელმწიფო დაზღვევის პაკეტი არ ფარავდა. საქართველოს მთავრობას მოსახლეობის ამგვარი განწყობა საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს და გამოთავისუფლებული რესურსი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანდაცვისკენ მიმართოს. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

 

3.2. გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან 34%-ს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა გაწიოს, ნაწილობრივ კი -- თავად მოქალაქემ,  60%-ს კი მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად უნდა გაწიოს. ამ მონაცემის შესაბამისი ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მინიმუმ 1.2 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ და მოქალაქემ უნდა გაინაწილოს და არა მხოლოდ სახელმწიფომ აიღოს. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

3.3. გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან 52%-ს მიაჩნია, რომ  იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევაც, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, ხოლო გამოკითხულთა 31%-ს მიაჩნია, რომ  ყველა ადამიანმა თანაბარი თანხა უნდა გადაიხადოს სამედიცინო დაზღვევაში, რადგან ყველა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე.  შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

4.    წამლებთან დაკავშირებით შემდეგი სიტუაცია გამოიკვეთა:

4.1. წამლებზე  ყოველთვიური დანახარჯები კვლავ მაღალია: გამოკითხული 1918 რესპონდენტის ¾-ზე მეტს გამოკითხვამდე 30 დღის მანძილზე წამლებზე დაახლოებით 100 ლარი აქვს დახარჯული, აქედან 25%-ს - 20 ლარამდე, 27%-ს 21- 50 ლარამდე, 22%-ს 51- 100 ლარამდე.

4.2. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 59% როდესაც წამალს ყიდულობს  ყურადღებას აქცევს რომელ ქვეყანაშია წამალი წარმოებული, ხოლო 39% -- არ აქცევს. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

4.3. გამოკითხულებს ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ნდობა რუსეთის, ხოლო რუსეთის შემდეგ ევროკავშირის მიმართ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ფარმაცევტული მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტებთან (GMP) შესაბამისობა  უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. სხვა ქვეყნების მიმართ ნდობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

4.4. გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან ნახევარზე მეტი PSP-ს და ავერსის აფთიაქებს ანიჭებს უპირატესობას. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

4.5. მიზეზები, რის გამოც გამოკითხულები ამა თუ იმ აფთიაქში არჩევენ წამლების შეძენას შემდეგნაირად გადანაწილდა:

5. რეკომენდაციები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ :

  • გაცილებით ქმედითი ზომები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ ყველა ბენეფიცირმა იცოდეს იმის შესახებ, რომ დაზღვეულია.
  • მოახდინოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების შესახებ იმ  ბენეფიციართა ინფორმირება ვინც იცის, რომ დაზღვეულია, მაგრამ, არ არის ინფორმირებული ამ პროგრამების პირობების შესახებ.
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით დაადგინოს და აღმოფხვრას ის ფაქტორები, რაც ამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართ ბენეფიციართა ნდობას
  • უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (დაწვრილებით იხ. 3.1. თავი ზემოთ) მზად არის საკუთარ ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს. ეს ჯანსაღი მიდგომა კი საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს და გამოთავისუფლებული რესურსი როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ისე, საზოგადოდ, უკეთესი ჯანდაცვისკენ მიმართოს. 

 


[1] ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ მ/წ  სექტემბრამდე გაგრძელდება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, რაც, ძირითადად, პენსიონერებისთვის, 0-5 წლის ასაკის ბავშვების და სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. 2014 წ. 1 აპრილს მთავრობის 218-ე დადგენილების სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, რაც, ძირითადად, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ფარავდა, სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაიბარა. თუმცა საზოგადოებრივი კვლევის დროს ორივე პროგრამა მიმდინარეობდა.

[2]  ჩვენ კალკულაციისთვის ავიღეთ 2013წ. საპრეზიდენტო არჩევნების მდგომარეობით 18-85+ მოსახლეობა იმ გეოგრაფიულ არეალში, რაც კვლევამ დაფარა (3,186,000 ადამიანი)  და არა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, რადგან გამოკითხვაში 18 წელზე უმცროსი ასაკის და გარკვეული გეოგრაფიული არეალის  რესპონდენტები არ მონაწილეობდნენ. მაშასადამე, 3,186,000 ადამიანი არის ის პოპულაცია, საიდანაც გამოკითხვისთვის მაქსიმალური დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეპრეზენტატულობის პრინციპებით  შევარჩიეთ 1918 რესპონდენტი.

[3] ეს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა ძირითადად სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ფარავდა, თუმცა სხვა კატეგორიის მოქალაქეებსაც მოიცავდა.

[4] გამოკითხვის ჩატარებამდე კითხვარების ტესტირებამ აჩვენა, რომ რესპონდენტების პრაქტიკულად 100% ვერ ასხვავებდა საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამას სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებისგან, რამაც გვაიძულა კითხვების უმრავლესობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგვეერთიანებინა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებთან. კითხვაზე რომელი პროგრამით ხართ დაფარული რესპონდეტებისგან პასუხებს უბრალოდ ვერ მივიღებდით. შესაბამისად, მაგალითად,18%, რომელმაც არ იცის, რომ დაზღვეულია მოიცავს როგორც საყოველთაო ჯანდაცვას, ისე სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებს. იმ კითხვებშიც კი სადაც გარკვევით ვახსენებდით საყოველთაო ჯანდაცვას, მაგ., კითხვაში იცით თუ არა როდის მიიღებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტებს, რესპონდეტების პასუხები (75% არ იცის როდის შეუძლია მიიღოს) უნდა გავრცელდეს ორივე სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაზე. თუმცა უკვე ანალიზის ეტაპზე გამოკითხვის შედეგების ინტერპრეტაციისთვის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისგან დემოგრაფიული კითხვებით რესპონდენტების დაახლოებით ნახევარზე მეტის შემთხვევაში მოვახერხეთ  გაგვემიჯნა.

Author: მიხეილ კუკავა