ENG

რა იქნება შემდეგ

10 ოქტომბერი, 2012

ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ჩვენც გვაქვს არაერთი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“ უნდა გადაეცეს. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის პროგნოზირება, თუმცა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა მცირე სახის კვლევა და გაგვერკვია თუ რა მოთხოვნებს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა გარდამავალი პერიოდისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია სხვებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება.

არჩევნების საბოლოო შედეგები: კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აჯამებს არჩევნების შედეგებს კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ცესკო-ს ვებ-გვერდი ამჟამად იუწყება, რომ ყველა უბნის შედეგი დათვლილია. თუმცა სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე დაუშვებელია ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენა.

განმეორებითი კენჭისყრა: საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისას ცესკო ამ უბანში ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ შემთხვევაში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება პირველადი კენჭისყრიდან 2 კვირის ვადაში.

პარლამენტის პირველი სხდომა: ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს მაინც.

შუალედური საკანონმდებლო საქმიანობა: ძველი პარლამენტი ინარჩუნებს კანონშემოქმედი ორგანოს ფუნქციებს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებამდე, თუმცა, როგორც წესი, პარლამენტი ამ შუალედში არ იკრიბება და არ ახორციელებს საქმიანობას. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის ყოფილ წევრებს უწყდებათ უფლებამოსილება.

მთავრობის ფორმირება: ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 7 დღის განმავლობაში პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ შეარჩევს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში – მთავრობის წევრების კანდიდატურებს. ამ პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ იგი არ ჩაერევა „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობის ფორმირებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო შემადგენლობა უპრობლემოდ მიიღებს ნდობას.

მოქალაქეობის საკითხი: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას დაიკავონ სახელმწიფო თანამდებობები.

გარდა ამისა, კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუკი ბიძინა ივანიშვილი მოახერხებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, როგორც ჩანს, მას მოუწევს უარი თქვას საფრანგეთის მოქალაქეობაზე იმისათვის, რომ იყოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

რაც შეეხება კონსტიტუციის იმ დებულებას (მუხლი 1044), რომელიც ბიძინა ივანიშვილს საშუალებას აძლევს მოქალაქეობის არქონის მიუხედავად მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო  და საპრეზიდენტო არჩევნებში 2014 წლის 1 იანვრამდე, იქ საუბარი არაა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის დაკავებაზე.

პარლამენტის დათხოვნა: პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამის გაკეთება მას არ შეუძლია საპარლამენტო არჩევნებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ბოლო 6 თვის ვადაში. იმის მიხედვით, თუ 2013 წლის ოქტომბრის რომელ რიცხვში დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა 2013 წლის გაზაფხულზე აღმოჩნდეს ისეთი რამდენიმე დღე ან კვირა, როდესაც პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება დაითხოვოს პარლამენტი. მაგრამ მსგავსი ქმედების განხორციელება პრეზიდენტს მხოლოდ რამდენიმე მიზეზით შეუძლია. ეს შემთხვევებია, როცა:

  • მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღებს პარლამენტის ნდობას;
  • პარლამენტი უნდობლობას გამოუცხადებს მთავრობას, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან არ გაიზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი არა უადრეს 90 და არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს;
  • თუ პრემიერ-მინისტრი დასვამს მთავრობის ნდობის საკითხს პარლამენტში განსახილველ სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახდო კოდექსის და მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტებზე და პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს;
  • თუ პარლამენტი დადგენილი წესის დაცვით ვერ მოახერხებს ბიუჯეტის მიღებას სამი თვის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გადააყენოს მთავრობა ან დაითხოვოს პარლამენტი.

ქონებრივი დეკლარაციები: ახალი ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წევრებს, მოუწევთ თანამდებობის დაკავებიდან 2 თვის განმავლობაში შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები. მათ შორის იქნება ბიძინა ივანიშვილიც, თუკი ის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

საჭირო ხმების რაოდენობა: იმისათვის, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, საჭიროა დამსწრეთა ხმების უმრავლესობა, თუმცა არა ნაკლებ 50 ხმისა. ორგანული კანონის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც, როგორც წესი, არის 76 ხმა. კანონსა და ორგანულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად საჭიროა 90 ხმა. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მოითხოვს 100 დეპუტატის მხარდაჭერას (თუმცა მხოლოდ 76 ხმაა საჭირო ცვლილების ინიცირებისათვის).

მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მას მერე რაც ამოქმედდება კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, კანონების მისაღებად საჭირო ხმების ოდენობები შეიცვლება. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა გაცილებით გართულებული იქნება და მას კენჭი ეყრება ორ თანმიმდევრულ სესიაზე, რომელთა შორის პერიოდი სულ მცირე 3 თვე იქნება. პრეზიდენტს შეუნარჩუნდება ვეტოს უფლება, თუმცა პარლამენტს მისი გადალახვა უფრო მარტივად შეეძლება. ვეტოს გადასალახავად ჩვეულებრივი კანონის შემთხვევაში საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო ორგანული კანონისათვის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

მთავრობა და მაჟორიტარი დეპუტატები: ნებისმიერ დეპუტატს, რომელიც დაინიშნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში რაიმე თანამდებობაზე, მოუწევს პარლამენტარის მანდატზე უარის თქმა. მაჟორიტარი დეპუტატების შემთხვევაში, საჭირო ხდება შუალედური არჩევნების ჩატარება ვაკანტური ადგილების შევსების მიზნით. შუალედური არჩევნები არ ჩატარდება მომავალ ოქტომბრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ადგილები პარლამენტში დარჩება ვაკანტური დაახლოებით 1 წლის განმავლობაში. ამ დროისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ სამი მაჟორიტარი დეპუტატი დაასახელა აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა პოსტებზე, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის სრული შემადგენლობა ჯერ არ დასახელებულა, ახალი პარლამენტის შემადგენლობა ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს.

Author: დერეკ დოლერი; კახა ურიადმყოფელი
elections