ENG

უფრო დამოუკიდებელი და ქმედითი კონტროლის პალატა?

01 ოქტომბერი, 2010

უკანასკნელ ხანებში, რამოდენიმე გახმაურებული გამოძიების წყალობით, საქართველოს კონტროლის პალატა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს არის ინსტიტუციური სიძლიერის დემონსტრირება, თუმცა საკითხავია რამნდენად მიიღებს ბოლოდროინდელი პოზიტიური ტენდენცია მუდმივ ხასიათს. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ასე იქნება. კონტროლის პალატა საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტია, რომლის კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ (რეგულარული აუდიტების საშუალებით) სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი და კანონიერი ხარჯვა უზრუნველყოს. კონტროლის პალატა პარლამენტის წინაშეა პასუხისმგებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებას შეუძლია, რომ ეს ინსტიტუტი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის გამოიყენოს. ამ ფუნქციის სათანადოდ შესრულებაში კონტროლის პალატას ტრადიციულად ხელს უშლიდა ისეთი სტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა არასაკმარისი დამოუკიდებლობა და თანამედროვე აუდიტორული მეთოდების მცოდნე თანამშრომელთა ნაკლებობა. პალატის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა 2008 წლიდან ცდილობს პალატის შესაძლებლობების გამუჯობესებას და უკანასკნელ პერიოდში პროგრესის დამაიმედებელი ნიშნები გაჩნდა. პირველ შემთხვევას სექტემბრის შუა რიცხვებში ჰქონდა ადგილი, როდესაც კონტროლის პალატამ ჯანდაცვის სამინიტროში ჩატარებული აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. აუდიტმა მნიშვნელოვანი კანონდარღვევები გამოავლინა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, პროკურატურამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ერთი კვირის თავზე, კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა დასკვნა ფინანსთა სამინისტროს შესყიდვებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და საქმე ამჯერადაც მინისტრის მოადგილეს ეხებოდა. ეს ორი შემთხვევა აშკარა პროგრესია 2007 წელთან შედარებით, როდესაც კონტროლის პალატის მიერ განათლების სამინისტროში ჩატარებული აუდიტის შედეგები იგნირირებულ იქნა, ხოლო აუდიტის მონაწილე თანამშრომლები პალატიდან დაითხოვეს. ძლიერ და დამოუკიდებელ კონტროლის პალატას უდიდესი მნიშვლობა აქვს საქართველოსთვის. ასეთ პალატას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სახელმწიფო ფინანსების მართვა და დაეხმაროს მთავრობას მისი საჯაროდ გაცხადებული მიზნის მიღწევაში, რაც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს. მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების არასწორად წარმართვამ 1,8 მლნ. ლარის (დაახლ. 1 მილიონი დოლარი) ოდენობის ზარალი გამოიწვია. ზემოთ მოყვანილი ორივე შემთხვევა ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ელიტაში კვლავაც არსებობს კორუფცია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეთა მიერ გადასახადების სახით გადახდილი ფული იკარგება და იფლანგება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მიესალმება კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ძალისხმევას და იმედოვნებს, რომ ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება. კორუფიცასთან ბრძოლაში შემდგომ პროგრესს საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ კონტროლის პატარა კვლავაც გამართულად იმუშავებს.

Author: Erekle Urushadze