ENG

საკონსტიტუციო ცვლილებები – რატომ ასეთი სიჩქარე?

27 სექტემბერი, 2010

24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენა შედგა. მოსმენა მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ორი დღით ადრეც, წინა ოთხშაბათს, პარლამენტშიც კი ბევრმა არ იცოდა როდის შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. თუმცა ამ განხილვაზე ბევრს საუბრობენ, დღესაც კი უახლესი დოკუმენტი, რომელიც პარლამენტი(www.parliament.ge) და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის(www.constcommis.gov.ge) ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი ივლისის თვით თარიღდება. თუ კონსტიტუციის უახლესი ხელისაწვდომი ვერსია ივლისისაა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა? კარგი იქნებოდა, ამაზე მეტი ინფორმაცია გვქონოდა. პირველი მოსმენით მიღებული ვერსია კი, რომელიც არ უნდა იყოს იგი, 27 სექტემბერს, დღის 4 საათისთვის ინტერნეტში გამოქვეყნებული არ არის. ამბობენ, რომ მეორე მოსმენას ამ კვირის ბოლოს, პარასკევს შეიძლება გაიმართოს. კონსიტუციის ახალი კანონპროექტი ფუნდამენტურად ცვლის საქართველოს სახელმწიფოებრივ სტრუქტურას. დღეისთვის ლამის ნომინალური პრემიერ მინისტრი ძალიან ძლიერი ფიგურა ხდება, პრეზიდენტის ძალაუფლება კი მნიშვნელოვნად იკვეცება. ცვლილებები 2013 წლამდე არ შედის ძალაში, მაგრამ მთავრობა მათ მიღებას ძალიან ჩქარობს, მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე. არსებული კანონპროექტი ივნისის ბოლოს გამოჩნდა. მთავრობა ხშირად აცხადებს, რომ კომისია მასზე საჯაროდ მუშაობდა მთელი წლის განმავლობაში. ეს სიმართლეა, მაგრამ დისკუსიები ყოველგვარი სტრუქტურის გარეშე მიმდინარეობდა და არც მისი პროგრესის შესახებ იყო ნათელი პროცესი განსაზღვრული. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე კანონპროექტი შემუშავდა. ასევე აცხადებენ, რომ კომისია ქვეყნის მასშტაბით საჯარო განხილვებს ატარებდა. ეს ასეც იყო. მაგრამ არ არსებობს ამ დისკუსიების შემაჯამებელი არანაირი დოკუმენტი, სადაც ნაჩვენები იქნებოდა საზოგადოების მოსაზრებები - რა მოიწონეს, რა უარყვეს, და რატომ. საქართველოსა და ევროპაში ბევრი ორგანიზაცია ივლის-აგვისტოს პერიოდში სრული დატვირთვით არ მუშაობს, და არც კანონპროექტზე მუშაობის გრაფიკიც იყო ნათლად გაწერილი. შესაბამისად, კომენტარების მოკრძალებული რაოდენობაც არა არის გასაკვირი. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ძალიან სწრაფად კი იმუშავა კანონპროექტის ანალიზზე, მაგრამ მათ განუცხადეს, რომ ვერ დაელოდებოდნენ მათ საბოლოო დასკვნას, რომელიც 18 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. ორი მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება. პირველი – რისთვისაა საჭირო ეს ცვლილებები? ხელისუფლება მიანიშნებს იმაზე, რაზეც სხვები ჯერ კიდევ 2004 წლიდან საუბრობენ, რომ არსებულ სისტემაში პრეზიდენტი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს. თუ ესაა მიზეზი, რატომ არ შევა ცვლილებები ძალაში 2013 წლამდე? მეორე კითხვა – რატომ ასეთი სიჩქარე? ხელისუფლება ამის მიზეზად კანონმდებლობის ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ასახელებს. თუმცა ორი წელი (2011 და 2012) ამ პროცესისთვის საკმარისი დროა. ამ შემთხვევაში, პარლამეტს შეუძლია არ იჩქაროს და მეორე მოსმენა დეკემბრამდე გადადოს. აგვისტოს ბოლოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, „საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა მოუწოდა პარლამენტს გაეხანგრძლივებინა კონსიტუციის პროექტის განხილვის ვადები. თხოვნა უპასუხოდ დარჩა. რაზეც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის დავით დარჩიაშვილის(ერთიანი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი) ცინიკური პასუხი მივიღეთ. http://www.transparency.ge/post/press-release/sakartvelos-akhalgazrda-iu... კანონის მიხედვით, მეორე მოსმენის შემდეგ, მესამე მოსმენისას მხოლოდ „კოსმეტიკური”ცვლილებები შედის. ასე რომ, თუ მეორე მოსმენა ამ პარასკევს შედგა, ეს 2004 წლის 6 თებერვლის განმეორება იქნება, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს მთელი სტრუქტურა 3დღეში შეიცვალა.

Author: მარი გაბედავა