ENG

როგორ იხარჯება თბილისის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ?

01 აპრილი, 2010

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხელისუფლება მომეტებულად იწყებს ხალხზე ზრუნვას, რაც საბიუჯეტო პრიორიტეტებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. რას ნიშნავს საბიუჯეტო თანხების წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება? თუ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოს - „საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგი“- დავეყრდნობით, ამის აშკარა მაგალითებს შორის არის წინასაარჩევნო პერიოდში წინასწარ დაუგეგმავი სოციალური ინიციატივებისა და პროგრამების განხორციელება, მათ შორის, საჯარო მოხელეთა ხელფასების მატება, პენსიების გაზრდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ან სხვა საზოგადოებრივ მომსახურებაზე შეღავათების დაწესება და ა.შ. ამ კუთხით საინტერესოა თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯვის დინამიკა ბოლო თვეების განმავლობაში. თბილისის 2010 წლის ბიუჯეტი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დედაქალაქისთვის გამოყოფილი ტრანსფერი სიდიდით თბილისის, როგორც თვითმმართველი ქალაქის ისტორიაში, უპრეცედენტოა. მიმდინარე წლის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 84 მლნ. ლარით არის გაზრდილი და ჯამში 570,8 მლნ ლარს შეადგენს. 410 თანამშრომლით გაიზარდა მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა რიცხოვნობა, ხოლო სახელფასო ფონდის ზრდამ 5,5 მლნ. ლარი შეადგინა. ასეთი მატება განსაკუთრებით საგულისხმოა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გახმოვანებული ინიციატივის ე.წ. „ქამრების შემოჭრის“ პოლიტიკის ფონზე, რაც ბიუროკრატიული აპარატის და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. თუ სხვა საჯარო დაწესებულებების, მ.შ. სამინისტროების მიერ რეალურად მოხდა საშტატო რიცხოვნობისა და სახელფასო ფონდის ოპტიმიზაცია, მერიამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ინიციატივა უკუღმა გაიგო. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2010 წლის პირველი მარტიდან დედაქალაქში რეგისტრირებული პენსიონერების პენსიები 10 ლარით გაიზარდა. ეს დანამატი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 19,9 მლნ. ლარია გამოყოფილი. სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებში მსგავსი ინიციატივები არ განხორციელებულა. მერიის ინიციატივით და დაფინანსებით პენსიების ზრდა, ერთი მხრივ, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც პენსიის დაფინანსების წყაროა სახელწიფო ბიუჯეტი (ამასთან, საპენსიო პოლიტიკა თვითმმართველობის კომპეტენციას არ განეკუთვნება) და მეორე მხრივ, იმ პენსიონერების მიმართ, რომლებიც თბილისში არ არიან რეგისტრირებულები დისკრიმინაციულია. ასეთივე გადაწყვეტილება თბილისის მერიამ 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც მიიღო. მაშინ მან თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებს პენსია 5 ლარით გაუზარდა. თბილისის მერიის კიდევ ერთი ახალი დადგენილებით, დედაქალაქში მცხოვრებ 167 271 პენსიონერს სატრანსპორტო პერსონალური ბარათი დაურიგდება, რაც მათ საშუალებას მისცემს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსით – შეღავათიან ფასად იმგზავრონ. ბიუჯეტიდან ამისთვის 3,5 მლნ ლარი გამოიყოფა. გარდა ამისა, მერიის ინიციატივით, ყველა კატეგორიის პენსიონერს მედიკამენტების შესაძენად 25 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა, რაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ. ლარი დაიხარჯება. მედიკამენტებისთვის ვაუჩერები პენსიონერებს 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინაც დაურიგდათ. 2007 და 2009, არასაარჩევნო, წლებში მსგავსი ვაუჩერები არ ყოფილა. ყველა პენსიონერისთვის, იმის მიუხედავად, თუ რა შემოსავალი აქვთ მათ ოჯახებს, ამ ტიპის სოციალური დახმარებების გაწევა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2006 წელს განხორციელებულ სოციალური დახმარების რეფორმას ეწინააღმდეგება. რეფორმის საფუძველზე სოციალური დახმარების გაცემის კრიტერიუმად არა ცალკეული კატეგორიები, მაგალითად, პენსიონერები, მარტოხელა დედები, უნარშეზღუდული პირები, ომის ვეტერანები და ა.შ. განისაზღვრა (როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო), არამედ ის, თუ რამდენად უჭირდათ ოჯახებს და რამდენად აუცილებელი იყო მათთვის სახელმწიფოს დახმარება (იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა მათ წევრებს შორის ომის ვეტერანები, პენსიონერები და ა.შ.). სოციალური დახმარების ეს სისტემა დღესაც მოქმედებს და მის მთავარ პრინციპს – დახმარების საჭიროების და არა კატეგორიების საფუძვლეზე გაცემას – როგორც ხელისუფლებაში, ისე მის გარეთ კვლავაც ბევრი მომხრე ჰყავს. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამებს, რომლებიც სოციალური დახმარების სახელმწიფო სისტემის ჩარჩოებში არ ჯდება და ამის შესახებ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შენიშვნები არ გამოითქმის. საჯარო ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის ტენდენციების დანახვა არა მარტო თბილისის ბიუჯეტშია შესაძელებელი. მთავარია, ჩვენ რამდენად ვხედავთ ამაში პრობლემას და რამდენად სამართლიანად მიგვაჩნია ასეთი გზებით ამომრჩევლის ხმების მოპოვება. არჩევნების ობიექტურობა და დემოკრატიულობა არა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კანონიერად განხორციელდება არჩევნების დღეს კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურები, არამედ იმაზეც, თუ რამდენად გამჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართება წინასაარჩევნო პერიოდი.

Author: Nina Khatiskatsi
elections