პოლიციელები სამმართველოს ახალ ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით სამსახურიდან გათავისუფლდა 493 თანამშრომელი, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს 157 თანამშრომელი. ამასთან, უწყებამ 186 ახალი თანამშრომელი მიიღო. წერილს, რომელშიც ეს მონაცემებია ასახული, ხელს აწერს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსის მოადგილე თეონა კოზმანაშვილი.
სამინისტრო წერილში არ განმარტავს თანამშრომელთა არც გათავისუფლების და არც მათი კადრების მთავარ სამმართველოში გადაყვანის მიზეზებს.
2012 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოდან 27 თანამშრომელი კადრების მთავარი სამმართველოს განყოფილების განკარგულებაში გადაიყვანეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კადრების განყოფილების განკარგულებაში 4 თვის განმავლობაში იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ მათი დასაქმების საკითხს უწყებაში ამ პერიოდის გასვლის შემდეგ არ გადახედავენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პატრულის თანამშრომლებს საბოლოოდ დაითხოვს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა - ირაკლი ცაავამ, ზურაბ სოსელიამ, ლევან ჯიშკარიანმა და დაზმირ ჯანაშიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან” საუბრისას განაცხადეს, რომ კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ განცხადებები ზეწოლის გამო დაწერეს. მათი თქმით სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ მათ კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ განცხადების დაწერა რამდენჯერმე მოსთხოვა, თუმცა გათავისუფლებულმა პირებმა ამ მოთხოვნაზე თავდაპირველად უარი განაცხადეს. ბოლოს კი, როგორც თავად ჰყვებიან, მათ აცნობეს, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ახალი ხელმძღვანელობის მოთხოვნებს და შესაბამისად უნდა დატოვონ სამსახური.
პოლიციელების თქმით, სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ მათ ისიც განუცხადა, რომ ახლა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და ის პირები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს მუშაობდნენ, სამსახურიდან უნდა წავიდნენ. თუმცა პატრულის თანამშრომლებისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეაჩერა ახალმა ხელმძღვანელობამ ყურადღება მხოლოდ 27 თანამშრომელზე მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს სამმართველოში რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობდა.
27 თანამშრომლიდან რამდენიმემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა სამსახურში აღდგენის თაობაზე. ორმა მათგანმა უკვე მიიღო პასუხი უწყებიდან. წერილში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე - კადრების განყოფილების უფროსი ზაზა ჭილაია წერს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე საშტატო რეორგანიზაციის ცვლილებებთან დაკავშირებით კადრების განყოფილებაში გადაყვანილი თანამშრომლის დასაქმების საკითხი ამ ეტაპზე განხილული ვერ იქნება. (აქ სკანიებული დოკ.)
აქვე ვაქვეყნებთ 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოდან კადრების მთავარ განყოფილებაში გადაყვანილი თანამშრომლების სიას:
1. მალხაზ ხარჩილავა
2. ლევან თორდია
3. ლაშა ლატარია
4. ზურაბ სოსელია
5. ლევან ჯიშკარიანი
6. დავით ყოლბაია
7. გიორგი გეგელია
8. პაატა სირია
9. დაზმერ ჯანაშია
10. ლაშა კილასონია
11. ზვიად ბერაია
12. ირაკლი ცაავა
13. დავით გულუა
14. ელვარდ ახალაია
15. ირაკლი ჭურღულია
16. ვასო ბეჭვაია
17. გიორგი არონია
18. ხვიჩა კვარაცხელია
19. ლევან ტყებუჩავა
20. ირაკლი ფარცვანია
21. თემურ ლაშხია
22. ზურაბ კუკავა
23. ვანო ლიფარეიშვილი
24. გიორგი ბულია
25. ფრიდონ აბაიშვილი
26. ლაშა ინალიშვილი
27. დავით ღვინჯილია
ამ პირებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარ განყოფილებაში კიდევ 130 თანამშრომელი გადაიყვანეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად საუბრობდა პოლიტიზირებულ საჯარო სამსახურზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პარტიულ საქმიანობაში განსაკუთრებულ “ჩართულობაზე”. ასევე, იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სამართალმდაცველი სტრუქტურების წარმომადგენლები სათანადო რეაგირებას არ ახდენდნენ იმდროინდელი ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებულ კანონდარღვევებზე. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო გახადოს ის მიზეზები, რის გამოც მოხდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა და კადრების მთავარ სამმართველოს განკარგულებაში მათი გადაყვანა. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს შესაბამისი მოკვლევა, რათა გამოძიებულ იქნას პოლიციელებზე შესაძლო ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები და უზრუნველყოფილ იქნას მათი კანონიერი უფლებების დაცვა.