ENG

პოლიტიზებული ახალგაზრდული ბანაკები

13 ივლისი, 2012

საქართველოს ხელისუფლება 2005 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ყოველწლიურად ახორციელებს ახალგაზრდულ პროგრამას „პატრიოტი”, რომელშიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდები მონაწილეობენ. ჩვენი ინფორმაციით, ამ პროგრამის მონაწილეთა შერჩევა და მისი განხორციელება მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური ნიშნითა და მიზნებით ხდება, რაც სახელმწიფო სახსრების მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს.

საკითხის შესწავლისას გამოვლინდა ორი ძირითადი პრობლემა: 1. პროგრამის მონაწილეთა შერჩევის ბუნდოვანი და არასამართლიანი კრიტერიუმები და პროცედურები; 2. პროგრამის პოლიტიკური შინაარსი და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.

1. მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები

წინა წლის პროგრამებისგან განსხვავებით, „პატრიოტი 2012”-ში მონაწილეობას მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები იღებენ. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - ვებგვერდზე განთავსებულია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმები, რომელთა შევსებაც განსაზღვრული ასაკის ნებისმიერ პირს შეუძლია. ამ სამინისტროს წარმომადგენლის ამირან ქართველიშვილის განცხადებით, რომელიც „კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი თავმდომარეა, პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან შერჩეულია ის სტუდენტები, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან და ინგლისურ ენას სრულყოფილად ფლობენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე დაჩი გუბაძეც დაახლოებით იმავეს აცხადებს, რომლის თქმითაც, თვითმმართველობამ ანაკლიაში გასამგზავრებლად სტუდენტები რექტორის დავალებით მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით შეარჩია.

ამის საპირისპიროდ, სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის დღემდე ბუნდოვანი და გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმებით ხდება მონაწილეთა შერჩევა. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის სახელზე შედგენილი განცხადების თანახმად, რომელსაც 700-დე ხელმომწერი ჰყავს, სტუდენტები რექტორისგან პროგრამის დეტალების განსაჯაროებას ითხოვენ. უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტის ლევან ლორთქიფანიძის თქმით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 49 სტიპენდიანტიდან ანაკლიაში თითქმის არავინ წაუყვანიათ.

ამასთანავე, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სამმა წევრმა დაგვიდასტურა, რომ პროგრამაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ თვითმმართველობის წევრები და მათთან დაახლოვებული პირები. ამ მიზნით წინასწარ დგება სიები, რომლებიც შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან თანხმდება.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მსგავსი სიტუაციაა სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საავიაციო უნივერსიტეტი და სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), სადაც მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის თხოვნით და მათთან შეთანხმებით უნივერსიტეტების თვითმმართველობების მიერ დგება მონაწილეთა 90-კაციანი სიები. ასევე, პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების ის სტუდენტებიც, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური ახალგაზრდული ღონისძიებები ტარდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ კეჩხობის სანატორიუმში. ადგილობრივმა დარაჯმა ჩვენს კოორდინატორს უთხრა, რომ ივნისში სანატორიუმში მოვიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომელთაც წინა წლის ვიზიტიდან იცნობს, და მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ძირითადად XI-XII კლასელი 120 ბავშვი ჩამოიყვანეს. სანატორიუმის დირექტორი ნანა იმედაშვილი არ ადასტურებს მმართველი პარტიის მონაწილეობის ფაქტს. მისი თქმით, სანატორიუმში „საქართველოს უნივერსიტეტიდან” მიიღეს 250 სტუდენტი, რომელთაც უტარდებოდათ ტრენინგები.  

2. პროგრამის შინაარსი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ავალიანმა, რომელიც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი თავმჯდომარე იყო, განაცხადა, რომ „პატრიოტის” ახალი პროგრამა დატვირთული იქნება საჯარო ლექციებით, რომლებსაც უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტრენერები ჩაატარებენ. პროგრამის მონაწილე რამდენიმე სტუდენტმა დაგვიდასტურა, რომ ანაკლიაში ყოფნის პერიოდში უცხოელი ტრენერების მონაწილეობით მართლაც ჩაუტარდათ მცირეხნიანი ტრენინგი, რომელზე დასწრების შესაძლებლობაც მხოლოდ სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაახლოებულ პირებს ჰქონდათ და რომელიც ლიდერობის და გუნდური მუშაობის საკითხებს შეეხებოდა. სტუდენტების თქმით, მათთან შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საუბრობდა მოახლოებულ არჩევნებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე, კერძოდ, იმ შესაძლო პრობლემებსა და რისკებზე, რაც შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მისი და მმართველი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში.

ერთ-ერთმა სტუდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიაში შეკრების ადგილას პროგრამის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მინდია სიხარულიძე გაესაუბრა, რომელმაც სთხოვათ, კომენტარი არ მიეცათ ჟურნალისტებისთვის, ხოლო თუ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, ეთქვათ, რომ ტარდებოდა „სტუდენტური ფესტივალი 2012”, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით შეირჩნენ. მსგავსი ინსტრუქციების მიღებას ადასტურებენ სხვა სტუდენტებიც. ამ შემთხვევებში მოთხოვნა გიორგი ავალიანისა და  ამირან ქართველიშვილისგან მოდიოდა.

ჩვენი წყაროების ცნობით, ანაკლიაში ყოფნის პერიოდში სტუდენტები დაბანაკებულნი იყვნენ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ოქროს საწმისში”, სადაც მათთვის ყველა სახის მომსახურება სრულიად უფასო იყო. სტუდენტებისთვის განკუთვნილი იყო სამჯერადი კვება, სადილსა და ვახშამზე 10 სახის საკვების დამატების უფლებით. ამასთანავე, ტარდებოდა კონცერტები პოპულარული მომღერლების მონაწილეობით. ჩვენთან საუბარში  ერთ-ერთი მონაწილე აღფრთოვანებით იხსენებდა იქ გატარებულ პერიოდს და მოახლოებული საპარლამენტო  არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის მიცემას პირობას იძლეოდა.

პროგრამა „პატრიოტის” რამდენიმე მონაწილემ გვითხრა, რომ ახალგაზრდულ ბანაკში ყოფნის შემდგომ ორგანიზატორებმა წაიყვანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, სადაც მათ შესთავაზეს პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრება და დაპირდნენ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, მათ შორის, უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. ამასთანავე, მათი სამომავლო დასაქმების მიზნით სთხოვეს CV-ის გაგზავნა. აღნიშნული ვიზიტის შესახებ ფოტოებიც მოვიპოვეთ.

პროგრამა

პროგრამა "პატრიოტი 2012"-ის მონაწილეები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე, არღვევს ქართულ კანონმდებლობას და უგულებელყოფს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებულ მნიშვნელოვან ვალდებულებებს. კერძოდ:

  • მოცემულ სიტუაციაში სტუდენტებისათვის ხდება უფასო მომსახურების გაწევა - ტრანსპორტირება, სასტუმროებში დაბინავება ყველა ხარჯის ანაზღაურებით, გასართობი ღონისძიებები და ა.შ. ეს ყველაფერი კი პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე მონაწილეებისთვის პირდაპირ ასოცირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, რაც აშკარას ხდის ამ ინიციატივის საარჩევნო კონტექსტს. თავის მხრივ, ასეთი ქმედება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად - ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს.
  • ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ დახარჯული თანხები ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებასთან ერთად, პარტიისთვის უკანონო შემოწირულებაც არის. კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია შემოწირულების მიღება სახელმწიფო ორგანოსაგან, სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებისაგან.
  • ასეთი ქმედებები რიგ საერთაშორისო პრინციპებსაც არღვევს. სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის (1990) შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის მკაფიო გამიჯვნა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც ასოცირდება პოლიტიკურ პარტიასთან და ემსახურება მის მიზნებს, რაც ცალსახად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, გამოიკვლიოს ჩატარებული ახალგაზრდული ღონისძიებების მიმდინარეობა, მიზნები, დაფინანსების წყაროები, პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და მისი წარმომადგენლების ჩართულობა ამ პროცესში და გამოარკვიოს, ხომ არ არის სახეზე უკანონო შემოწირულება.
  • მთავარ პროკურატურას, მოიკვლიოს საქმის მასალები და გაარკვიოს, ხომ არ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა.
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას, მოახდინოს სათანადო რეაგირება და მოუწოდოს სახელმწიფო ორგანოებს თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისაგან.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
elections