ENG

ნულოვანი ტოლერანტობა და (თითქმის) ნულოვანი გამართლება

30 ნოემბერი, 2010

საქართველოში კანონთან ხუმრობა არ შეიძლება. თუ სისხლის სამართლის დანაშაულზე დაგიჭირეს და გაგასამართლეს, თქვენი გამართლების შანსი მხოლოდ 0.1 პროცენტია. 2006 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანაშაულის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობა“ მოითხოვა და უზენაესი სასამართლოს სტატისტიკაც ადასტურებს, რომ მისი განცხადება პრაქტიკაში მართლაც სრულდება. ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში გაცილებით უფრო მეტი ადამიანის მიმართ აღიძრება საქმე, ვიდრე ადრე. 2003 წელთან შედარებით, როცა 8402 ადამიანი იყო პასუხისგებაში, 2006 წელს ეს მაჩვენებელი ორჯერ, 17155 ადამიანამდე გაიზარდა. მას შემდეგ ეს რიცხვი მცირედ იცვლებოდა წლიდან წლამდე, მაგრამ 2006 წლის ნიშნულზე დაბლა არასდროს ჩამოსულა. ძნელად წარმოსადგენია, რომ პრეზიდენტის განცხადებას 2006 წლის შემდეგ საქართველოში კრიმინალური სიტუაციის გამწვავება გამოეწვია. ჩვეულებრივი დამკვირვებლისათვის სიტუაცია ნამდვილად არ გაუარესებულა. რასაც ეს მაღალი მაჩვენებლები მიუთითებენ, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის რაოდენობის ზრდა არ არის. ეს უფრო გაუმჯობესებულ მხილებას ან უფრო მკაცრ სამართლებრივ დევნას უნდა მიანიშნებდეს. ნულოვანი ტოლერანტობა მხოლოდ ზოგად სამართლებრივ დევნას არ შეხებია. ნათელი დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება გამამართლებელი განაჩენის წილთან მიმართებაშიც. უზენაესი სასამართლოს ვებ გვერდზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, გამართლების ისედაც დაბალი მაჩვენებელი (0.7% - 2003 წელს, 0.4% - 2004 წელს, 0.8% - 2005 წელს) კიდევ უფრო დაეცა და 2006 წელს 0.2% შეადგინა. მას შემდეგ ეს მაჩენებელი მყარად 0.1%-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლებრივ სისტემაში მოხვედრილებს სასჯელის გარეშე თავის დაღწევის შანსი, პრაქტიკულად, არ აქვთ. ასე რომ, თუ ქართულ სასამართლო სისტემაში მაინც მოხვდით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სასჯელსაც მოგისჯიან. გამართლების 0.1% კი სასწაულსაც შეგვიძლია მივაწეროთ.

Author: მარიამ გაბედავა