ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი: დამატებითი მოსაზრებები
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების შესახებ გამოქვეყნებულმა პოსტმა, ძალიან საინტერესო დისკუსია გამოიწვია. ჩემი მოსაზრების უკეთ განსამარტად მინდა, რამდენიმე მიღებული შეკითხვა გამოვაქვეყნო. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, ამიტომაც გთხოვთ დატოვოთ კომენტარები ჩვენს ბლოგზე ან პირდაპირ დაეკონტაქტოთ საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს. კითხვა: თქვენ სახელმწიფოს მიერ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არასაკმარის პრ კამპანიას აკრიტიკებთ? პასუხი: არა, მე მესმის, რომ რთულია, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებული პროცედურების დეტალური აღწერა ერთ სატელევიზიო რეკლამაში, თუმცა ვფიქრობ სახელმწიფომ მეტი ინფორმაცია უნდა გახადოს ხელმისაწვდომი. მინდა დავრწმუნდე, რომ ყველა დაინტერესებული ადამიანი ადვილად მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საკითხებისთვის თვალყურის დევნება და ახლო მომავალში უფრო დაწვრილებით დავწერთ ყველა პროცედურის შესახებ. კ: თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებული ინფორმაცია? პ: დამატებითი სატელევიზიო რეკლამა ან რეკლამების სერია, რომლებიც ამ ინსტიტუტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხვებს მოიცავს: შეუძლიათ თუ არა ნაფიც მსაჯულებს სასჯელის შეფარდება? რა პრინციპით მოხდება მსაჯულების შერჩევა? რა მექანიზმებია მსაჯულთა დასაცავად? სახელმწიფოს მრავლად გამოუყენებია სოციალური რგოლები სხვადასხვა რეფორმის გასაშუქებლად, და სავარაუდოდ ამ საკითხზეც იქნებოდა ეს შესაძლებელი. ბევრმა ადამიანმა უკვე გამოთქვა შეშფოთება და ბევრს აქვს კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით, ამიტომაც სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს ინფორმაციული კამპანია, რომელიც კარგად გააშუქებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დეტალებს და პასუხს გასცემს უკვე არსებულ შეკითხვებს. კ: ხომ არ თვლით, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება მხოლოდ პრ ხერხია, შექმნილი იმისთვის, რომ გაზარდოს ნდობა ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ? პ: არა. სასამართლო წყობილების მიმართ ნდობის გაზრდა ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღების ერთ-ერთ მიზეზად რამოდენიმე ადამიანმა უკვე დაასახელა, თუმცა მე არ მიგულისხმია, რომ ეს პრ ხერხია. ბევრი, ისევე, როგორც მე, იმედოვნებს, რომ მსაჯულები პატიოსნად და გულწრფელად შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ეს კი, მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება და არა მხოლოდ პრ ხერხი.