ENG

ქ.თბილისის მერიის მიერ გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია

18 ნოემბერი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთწლიანი ძალისხმევა მიეღო ქ.თბილისის მერიისაგან მერიის შენობის რეკონსტრუქციისათვის გაწეული დეტალური ხარჯთაღრიცხვის ამსახველი საჯარო ინფორმაცია, სასამართლო გზითაც უშედეგო აღმოჩნდა. შედეგად, შეწყდა ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელისა და Oxfam Novib-ის მიერ დაფინანსებული სასტარტო პროგრამა, რომლის მიზანი იყო ქ.თბილისის მერიის შენობის რეკონსტრუქციისათვის გამოყენებული რესურსების მიზნობრივი ხარჯვის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. ორგანიზაციის მიერ პირველი წერილი ქ.თბილისის მერიაში გაიგზავნა 2009 წლის 12 დეკემბერს თხოვნით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მოეწოდებინათ ქ.თბილისის მერიის შენობის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დეტალური ხარჯთაღრიცხვის ამსახველი დოკუმენტების ასლები ინტერიერისა და ექსტერიერის, რემონტისა და კეთილმოწყობის ჩათვლით. მას შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უშედეგოდ ცდილობდა ზემოხსენებული ინფორმაციის მიღებას. ყოველ სატელეფონო საუბარზე ქ.თბილისის მერია ასახელებდა ინფორმაციის გაუცემლობის სხვადასხვა მიზეზებს. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს ქ.თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, ბატონ ოთარ ტატალაშვილმა განაცხადა, რომ ინფრომაციის დამუშავებას ამ ინფორმაციის მოცულობის გამო დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მასალა მზად იყო და გამოაგზავნიდა მეორე დღეს. მისი დაპირება არ შესრულდა. ქ.თბილისის მერიამ 2010 წლის 6 აპრილს ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ ყველა წერილზე გასცა ერთი მოკლე პასუხი და განაცხადა, რომ მერიის შენობის რეკონსტრუქციისათვის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 9, 857, 184 (ცხრა მილლიონ რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ას ოთხმოცდაოთხი) ლარი. ქ.თბილისის მერიას დასჭირდა 5 თვე იმისათვის, რომ მოემზადებინა ერთაბზაციანი წინადადება, რასაც მათ ამომწურავი პასუხი უწოდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმნისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქ.თბილისის მერთან ბ-ნ გიგი უგულავასთან, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ.თბილისის მერიისაგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სრული მოცულობით მიწოდება. სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის მერიის წარმომადგენელმა გააჟღერა მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის სრული მოცულობით წარუდგენლობის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ მერიას არ აქვს დამუშავებული შესაბამის მონაცემთა ბაზაში შენობის რეკონსტრუქციისათვის გაწეული დეტალური ხარჯთაღრიცხვის ამსახლევლი მასალა, როგორც საჯარო ინფორმაცია. ანუ მათ მოახდინეს შენობის რეკონსტრუქცია, თუმცა კონკრეტულად რაში დაიხარჯა თითქმის 10 მილიონი ლარი უცნობია. მერიის წარმომადგენელმა დასძინა, რომ მერია მზადაა გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია მის შესაბამის მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამათლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სარჩელი და დაავალა ქ.თბილისის მერიას გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემა მათი შესაბამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ, რაც ფაქტიურად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ნიშნავს, რადგან მერიის შენობის რეკონსტრუქცია დასრულდა 2008 წელს და მერის ადმინისტრაციას დღემდე არ აქვთ დაცული ზემოხსენებული ინფორმაცია, როგორც საჯარო ინფორმაცია.

Author: ეკატერინე ბოკუჩავა