ENG

კონტროლის პალატა აუდიტის ძირითად შედეგებს აქვეყნებს

25 თებერვალი, 2011

ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსიტუტი 25 საქმის მონაცემებს აქვეყნებს, თუმცა კონტროლის პალატის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებში ჩატარებული უმეტესი აუდიტის შედეგებზე ონლაინ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. კონტროლის პალატის მუშაობის ეფექტურობის შეფასება კვლავ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან არც მთავრობა და არც პარლამენტი არანაირ განახლებულ ინფორმაციას არ აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ უმაღლესი აუდიტორის რეკომენდაციებს. “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” მიესალმება იმ ფაქტს, რომ კონტროლის პალატამ 25 სავალდებულო წარდგინების სია გამოაქვეყნა და თან დაურთო ინფორმაცია, თუ რა ქმედებები მოჰყვა მათ მიერ შემუშავებულ წარდგინებებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის რჩევით კონტროლის პალატამ დოკუმენტები საჯარო გახადა. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა სამთავრობო სტრუქტურებსაც მიბაძონ კონტროლის პალატას და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გახადონ საჯარო. კონტროლის პალატის ზემოხსენებული აუდიტის წარდგინებები ეხება სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფ კომპანიებს, სამთავრობო ინსტიტუტებს (საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს) და ავტონომიურ თვითმართველობის ორგანოებს. ჩვენი აზრით, წარდგინებების გამოქვეყნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლების მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როდესაც კონტროლის პალატა აუდიტორული შემოწმების ანგარიშს გამოსცემს, მის მიერ შემოწმებული დაწესებულება ერთი თვის ვადაში ვალდებულია უკან მიაწოდოს მას ანგარიში, თუ რა რეაგირება მოახდინა კონტროლის პალატის დასკვნაზე. უმაღლესი აუდიტორი ხშირად რეკომენდაციების სახით რჩევებს აძლევს შემოწმებულ ორგანიზაციებს, თუ როგორ უნდა გადაჭრან სისტემური პრობლემები ან კონკრეტული ნაკლოვანებები. თუმცა, მაინც ძნელია იმის გარკვევა როგორ ასრულებს კონტროლის პალატის რეკომენდაციებს პარლამენტი ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებები. ის 25 წარდგინება, რომელიც კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა და უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია, რეკომენდაციებისა და წარდგინებებისა მხოლოდ პატარა ნაწილია. 2009 წელს უმაღლესმა აუდიტორმა 243 შემოწმება ჩაატარა, 2008 წელს 303, რაც შეეხება 2010 წელს, პალატის მუშაობის ერთიანი სტატისტიკურ ინფორმაცია ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. კონტროლის პალატის 2009 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, პალატამ 2009 წელს დაახლოებით 1195 კანონდარღვევა აღმოაჩინა, ასევე ძალოვან სტუქრურებს 23 შესაძლებელი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ამცნო. წლიურ ანგარიშში ჩამოთვლილია იმ ზოგადი პრობლემების კონკრეტული მაგალითები, რომელსაც აუდიტორები შემოწმებების დროს აწყდებოდნენ. მაგალითად, ხელშეკრულებების ფინანსურ ვადებში შეუსრულებლობა, არასწორი მენეჯმენტი და არაეფექტური ხარჯვა და სხვ. კონტორლის პალატის ყველა რეკომენდაცია და შემოწმების შედეგები ონლაინ ხელმისაწვდომი რომ იყოს, ეს საშუალებას მისცემდა მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრბობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს მთავრობა ანგარიშველდებული გაეხადათ და სახელმწიფოს უკეთესად ფუნქციონირებაში თავისი წვლილი შეეტანათ. კონტროლის პალატის მუშაობა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ბიუჯეტის იმპლემენტაციის პროცესის გამჭვირვალობისთვის. თუმცა, ის მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, როდესაც პალატის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს თუ წარდგინებებს სათანადო რეაგირება მოჰყვება და როდესაც სახელმწიფო აუდიტორების მიერ აღმოჩენილი სისტემატური სისუსტეები სათანადოდ გამოსწორდება. ეს ყველაფერი აღმასრულებელი ხელისუფლების და რაღაც დონეზე პარლამენტის პასუხისმგებლობაა. “ღია ბიუჯეტის 2010 წლის კვლევის” მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტის სისტემის მთავარ სისუსტედ აღმასრულებლის მხრიდან აუდიტორის რეკომენდაციების შემდგომ მათ მიერ გატარებული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის არარსებობა სახელდება. სასურველია საჯარო გახდეს ანგარიშები, რომელშიც აღწერილია რა ნაბიჯები გადადგა ამა თუ იმ ორგანიზაციამ კონტროლის პალატის მიერ მიცემული რეკომენდაციების შემდეგ. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ სახის ვალდებულებას. სასურველია საქართველოს კონტროლის პალატამ გამოაქვეყნოს ინფრომაცია ყველა იმ დაწესებულებაზე, რომლებსაც გარკვეულ პერიოდში ჩაუტარდათ აუდიტი, მათ შორის აუდიტის ტიპზეც. შესაძლებელია ამ სიის დართვა კონტროლის პალატის წლიურ ანგარიშზე და მისი შემდგომი განახლება კონტროლის პალატის ვებგვერდზე. კონტროლის პალატის 2009 წლის ანგარიში და გამოქვეყნებული 25 წარდგინების სია წინგადადგმული ნაბიჯია საჯარო სექტორის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ დადებითი ძვრები კვლავ გაგრძელდება, და კონტორლის პალატა საჯაროს გახდის არა მარტო საკუთარ წარდგინებებსა და რეკომენდაციებს, არამედ გაგვაცნობს იმ ქმედებებს, რაც მათ შემოწმებებს მოჰყვა.

Author: მარიამ ხოტენაშვილი და მატიას ჰუტერ