ENG

ხელისუფლების მიერ მომზადებული 2010 წლის არჩევნების საბოლოო ანგარიში კვლავ ბევრ კითხვას ტოვებს

15 დეკემბერი, 2010

4 ნოემბერს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა“ 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ჯგუფი 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ შეიქმნა და მისი მიზანი იყო სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის გზით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობა. მისასალმებელია, რომ არჩევნებიდან თითქმის 6 თვის შემდეგაც ეს თემა არ კარგავს აქტუალობას ხელისუფლებისათვის. წინასაარჩევნო პერიოდში და მის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის არაერთი ანგარიში გამოქვეყნდა არჩევნებისა და ერთობლივი მუშაობის შესახებ. მთლიანობაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, „რომ ერთობლივმა ძალისხმევამ გააუმჯობესა საარჩევნო გარემო“. ასეთი ტიპის თანამშრომლობა და, განსაკუთრებით, ამ ჯგუფის დაკომპლექტება მაღალი რანგის თანამდებობის პირებით, მართლაც, სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. თუმცა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ 27 გვერდიან დოკუმეტში ძირითადი აქცენტი ბრალდებებისაგან თავის გამართლებას ან მათი გაბათილების მცდელობაზეა გადატანილი, ძნელი სათქმელია, რამდენად იყო უწყებათაშორისი ჯგუფის მიზანი საარჩევნო პერიოდში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მომავალში მათი პრევენციის უზრუნველყოფა. „მიმდინარეობს გამოძიება“, „ამ ჩანაწერით შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში“, „ვერც ერთი ასეთი შემთხვევა ვერ დადასტურდა“, „გამოძიებამ ამგვარი ბრალდებების ნამდვილობა არ დაადასტურა“ და ა.შ. ეს ფრაზები საკმაოდ ხშირად გვხვდება ანგარიშში. 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს უწყებათაშორისი ჯგუფის საქმიანობის შეფასებისას ჩვენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობის ეფექტურობა 2010 წლის ადგილობრივ არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევებისა და მათზე ადეკვატური რეაგირების მიხედვით შეფასდებოდა. 3 მაისს მესტიაში ოპოზიციური პარტიების კანდიდატების დაშინების გახმაურებული შემთხვევის დროული და მიუკერძოებელი გამოძიება კი ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტი იქნებოდა. საბოლოოო ანგარიშიდან ირკვევა, რომ ექვსი თვის თავზე მესტიის გახმაურებულ ფაქტზე კვლავ „მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი პირების დაკითხვები“. სავარაუდო დაზარალებულთა უმეტესობამ „ჩვენებებში უარყვეს დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებები“, მაშინ როდესაც ჩვენი ორგანიზაციის და „ახალგაზრდა იურისტთა“ წარმომადგენლებთან საუბრისას მოწმეები დაუფარავად ამტკიცებდნენ საწინააღმდეგოს და საქმეში არსებობს ინციდენტის ამსახველი სამოყვარული ვიდეო ჩანაწერი.თუმცა უწყებათაშორისი ჯგუფის საბოლოო ანგარიშის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ამ ჩანაწერით „შეუძლებელია გარკვევა იმისა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში“. ამავე ანგარიშის მიხედვით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „უარყვეს დაშინების, ზეწოლისა და ოპოზიციის კანდიდატების მუნიციპალურ შენობაში გამოძახების ბრალდებები“, თუმცა უწყებათაშორისმა ჯგუფმა მაინც რეკომენდაცია მისცა მესტიის გამგებელს გოჩა ჭელიძეს და ის თანამდებობიდან გადადგა. უწყებათაშორისი ჯგუფის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, კვლავ მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ გაურკვეველია, რა მოხდა მესტიაში. ეს უფრო გასაგები იქნებოდა, ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა რომ არ იყოს კვლავ დარჩენლი:

  • რატომ არ დასრულდა გამოძიება 2010 წლის 3 მაისის ინციდენტიდან 7 თვის მერეც? რა სამუშაოებია დარჩენილი და რა ღონისძიებები განხორციელდა აქამდე? ამის საწინააღმდეგოდ, მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი, რომელიც დაუფარავად საუბრობდა მესტიის 3 მაისის მოვლენებზე და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ ინციდენტის განსაჯაროებაში, ფულის გამოძალვის ბრალდებიდან სულ რაღაც ხუთ დღეში დააკავეს;
  • რატომ მისცა რეკომენდაცია უწყებათშორისმა ჯგუფმა მხოლოდ მესტიის გამგებელს გოჩა ჭელიძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (რომელიც, მართლაც, გადადგა თანამდებობიდან), მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას მისი დანაშაულებრივი ქმედებები არ გამოუვლენია? მაშინ ამავე ლოგიკით რატომ არ გაათავისუფლეს თანამდებობიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, ან სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და სხვა უფრო მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც 3 მაისს გოჩა ჭელიძის მსგავსად იმყოფებოდნენ მესტიის გამგეობაში? იმედი გვაქვს უწყებათაშორისი ჯგუფი იმასაც ახსნის, თუ რატომ მიიღეს ზომები მხოლოდ გარკვეული თანამდებობის პირების მიმართ და შესაბამის გადაწყვეტილებებს განასაჯაროებს;
  • რა პირობებში ხდება მოწმეთა დაკითხვა? ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბარში ერთ-ერთი მოწმის - მირზა დადვანის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ძალოვნებმა დადვანი დილის 5 საათზე გაიყვანეს სახლიდან და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ისე, რომ ოჯახის წევრები მთელი დღის მანძილზე საქმის კურსში არ იყვნენ მისი ადგილსამყოფელისა და წაყვანის მიზეზების შესახებ. ამასთან, ისიც გაურკვეველია, რატომ დაკითხეს მოწმეები ზუგდიდში - მესტიიდან 4 საათის სავალ მანძილზე, როდესაც კანონით მათი დაკითხვა მესტიაშიც შეიძლებოდა. საინტერესოა, დაკითხვის ასეთი მეთოდები როგორ უზრუნველყოფს ობიექტურ გამოძიებას. იმედი გვაქვს, რომ უწყებათაშორისი ჯგუფი განმარტავს, რა კეთდება იმისთვის, რომ მომწმეებმა გულახდილი ჩვენებები მისცენ;
  • რატომ აღმოჩნდა ფარული ვიდეო ჩანაწერი არაფრის მომცემი გამოძიებისთვის? ჩანაწერზე ნათლად ჩანს, რომ შუაღამისას გამგეობის წინ მობილიზებულია არაერთი შეიარაღებული პოლიციელი და გარკვეულად ისმის შეშინებული ადგილობრივი მოსახლეობის წივილ-კივილი.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება მალე დასრულდება და უწყებათაშორისი საბჭო ნათელს მოჰფენს ამ და სხვა საკითხებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კანონდარღვევებში მონაწილეობდნენ, პასუხი აგონ საკუთარი საქციელისთვის. პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება დღის წესრიგში. წინააღმდეგ შემთხვევაში უწყებათაშორისი ჯგუფის საქმიანობა სრულიად არაეფექტური იქნება.

Author: ირინე ურუშაძე
elections