ქართულმა ტელევიზიებმა ესპანელი ჟურნალისტების აფხაზეთში დაკავების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს.
რამდენიმე ქართულმა მედია საშუალებამ ესპანელი ჟურნალისტისთვის სოხუმის ცენტრში მდებარე კაფედან ჩანთის მოპარვის ფაქტი ანტიაფხაზური და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილად აქცია. ტელეკომპანია „იმედმა”, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და სხვა ტელეკომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ორი ესპანელი ჟურნალისტი (ან ერთი ესპანელი და ერთი იტალიელი, გააჩნია მედია საშუალებას) რუსმა სამხედროებმა და აფხაზეთის ხელისუფლებამ მდინარე ენგურის სიახლოვეს, საქართველო აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დააკავეს და მათი ქონების კონფისკაცია მოახდინეს. ამ სიუჟეტებზე დაყრდნობით იგივე ინფორმაცია სხვა საინფორმაციო საშუალებებმაც, მათ შორის, ახალი ამბების სააგენტომ GHM-მა და მედია.გე-მაც გაავრცელეს. სინამდვილეში ფრანცისკო მარტინესს, რომელიც ესპანურ გაზეთ „ელ მუნდოს” უშტატო თანამშრომელია და სტატიებს ჰოლანდიური პორტალ Vჟ Mოვემენტ-ისთვისაც წერს, ჩანთა სოხუმის კაფეში 11 თებერვალს მოპარეს. „ეს ნებისმიერ ადგილას შეიძლება მომხდარიყო”, _ უთხრა მარტინესმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს”. მოპარულ ჩანთაში ლეპტოპი, სამგაზვრო დოკუმენტაცია, საფულე და დაახლოებით 300 ევრო იდო. მარტინესმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ მას რუს სამხედროებთან შეხება საერთოდ არ ჰქონია, აფხაზური პოლიცია და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი მისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობდნენ. 5 დღის შემდეგ, 16 თებერვლის შუადღის პირველი საათისთვის, მარტინესმა ესპანელ მწერალ მარკ მორტესთან ერთად ადმინისტრაციული საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. მას თან ჰქონდა საქართველოში ესპანეთის საპატიო კონსულის წერილი და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას საზღვრის გადალახვისას მისთვის არავითარი პრობლემა არ შეუქმნია. ქართულმა პოლიციამაც, მცირეხნიანი დაკითხვის შემდეგ, მათ საზღვარზე გადასვლის ნება დართო, თუმცა, მარტინესის თქმით, აშკარა იყო, რომ პოლიციამ ადგილობრივი ტელევიზიის რეპორტიორებს დაურეკა და მათ ჟურნალისტების მიერ საზღვრის გადმოკვეთის შესახებ აცნობა. ესპანელებს პოლიციამ რამდენიმე წუთით მოცდა სთხოვა. ადგილზე მისულმა რეპორტიორმა, ყოველგვარი კითხვების დასმისა და ესპანელი ჟურნალისტების სახელების გარკვევის გარეშე, მორტეს მოკლე კომენტარი ჩაიწერა იმის შესახებ, რომ მარტინესს ჩანთა, სადაც პასპორტიც ედო, მოპარეს და ახლა ისინი თბილისში მიემგზავრებოდნენ. ამ კომენტარზე დაყრდნობით, ტელერეპორტიორმა მოამზადა არასწორი სიუჟეტი, რომელშიც აღწერა, როგორ დააკავეს აფხაზმა სამართალდამცავებმა და რუსმა სამხედროებმა ორი ევროპელი. ეს სიუჟეტი შემდგომ ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს. მატიას ჰუტერი