ENG

პირველ არხზე დაგეგმილი ცვლილებები შესაძლოა კანონს ეწინააღმდეგებოდეს

24 ივლისი, 2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ახალი  სატელევიზიო სეზონი 2018 წლის იანვრიდან დაიწყება. მენეჯმენტი არხზე სეზონის გახსნის გადადების მიზეზად ამჯერად  ტექნიკურ გადაიარაღებას ასახელებს. ტექნიკური გადაიარაღების გეგმა მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს 29 ივნისის სხდომაზე წარუდგინა და საბჭომაც დაამტკიცა, თუმცა ის, რომ ეს გადაიარაღება, სატელევიზიო სეზონის დაწყების გადადებას გამოიწვევდა, მენეჯმენტის წარმომადგენლებს სხდომაზე არ უთქვამთ.

დამატებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბრისას მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ია ანთაძემ განაცხადა,  რომ ეთერში რჩება “მოამბე” და დაემატება საარჩევნო პროექტი, რომელიც სავარაუდოდ 15 სექტემბრიდან - ნოემბრამდე გაგრძელდება.   

ჩვენი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება:

  • შესაძლოა არღვევდეს კანონს,

  • კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მაუწყებლის რეფორმის მიზანს,

  • არ ასახავს მაუწყებლისთვის დადგენილ პროგრამულ პრიორიტეტებს.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივ ვალდებულებებს განსაზღვრავს, მათ შორის მაუწყებელი ვალდებულია:

  • უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;

  • საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები;

ამავე კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელს ევალება შეასრულოს სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო გადაცემებსა და ახალ ამბებთან ერთად პრიორიტეტად საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემების, ჟურნალისტური გამოძიების, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემების არსებობას სახავს.  იმ შემთხვევაში, თუ მენეჯმენტი პროგრამულ პრიორიტეტებს არ შეასრულებს და საბჭო არ განახორციელებს ქმედით ღონისძიებებს მის შესასრულებლად, კანონი პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას ითვალისწინებს.

მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიციით, ისინი პროგრამულ პრიორიტეტებს არ დაარღვევენ, რადგან, მათი შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ პირველ არხს არ მოიცავს, არამედ რადიოს და ვებ პლატფორმასაც, სადაც აქტიურად გააშუქებენ ამ პრიორიტეტებში ასახულ საკითხებს.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს რეიტინგი არ იზომება, ხოლო საქართველოში განსაკუთრებით კი რეგიონებში, ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის ბევრად მცირე ნაწილს აქვს, ვიდრე ტელევიზიაზე. ამასთან იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ტელემომხმარებელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტიც ადასტურებს. ამიტომ, ვთვლით, რომ ვებ პლატფორმითა და რადიოს საშუალებით ტელევიზიის ჩანაცვლება ეწინააღმდეგება კანონის მიზანს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი, ყველა ტიპის მომხმარებელზე გათვლილი პროდუქტი მიეწოდოს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. შესაბამისად, მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება, ჩვენი შეფასებით, შესაძლოა კანონის არასრულფასოვან შესრულებას წარმოადგენდეს.  

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს:

  • სამეურვეო საბჭოს - გააკონტროლოს, როგორ ასრულებს მენეჯმენტი მათ მიერ შემუშავებულ პრიორიტეტებს;

  • პარლამენტს - დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით;

რაც შეეხება თანამშრომელთა დასაქმების საკითხს, როგორც მაუწყებლის მენეჯმენტში ამბობენ, კონკურსში გამარჯვებულ გადაცემებში დასაქმებულ ადამიანებთან ხელშეკრულებები დაიდება. შესაბამისად, ისინი იმ 6 თვის განმავლობაში, რაც ეთერში არ იქნებიან, ხელფასებს მიიღებენ. მენეჯმენტი ამას იმით ხსნის, რომ ამ გადაცემებს ეთერში გასვლამდე დამუშავება და მომზადება სჭირდება. თუმცა ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება კითხვები:

  • მართლაც არის თუ არა კონკურსში გამარჯვებული გადაცემების მოსამზადებელი პერიოდისთვის 6 თვე საჭირო;

  • როგორ აპირებს საზოგადობრივი მაუწყებელი მაყურებლის მოზიდვას ეთერში მხოლოდ “მოამბისა” და საარჩევნო პროექტის გაშვების შემთხვევაში, როდესაც ეთერში მრავალფეროვანი პროგრამების არსებობის დროსაც კი, “პირველი არხის” რეიტინგი ძალიან დაბალია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მხარს უჭერს რეფორმების აუცილებლობის იდეას საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაგრამ, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილიყო იყოს საზოგადოების, დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა. რაც მთავარია, საზოგადოება, რომლის გადასახადებითაც ფინანსდება მაუწყებელი, უნდა იყოს ინფორმირებული, მის მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებთან დაკავშირებით.