ENG

ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსთა სამინისტროს არ უნდა გადაეცეს

10 მარტი, 2014

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან ფინანსთა სამინისტროსთვის მმართველობის სფეროში გადაცემას. სამსახურის ძირითადი ფუნქცია უკანონო შემოსავლების აღმოჩენა და მათი ლეგალიზაციის პრევენციაა. 2003წ. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნა იყო 1999წ. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტში (Moneyval) საქართველოს გაწევრიანებით წარმოშობილი ვალდებულება.

დღეს ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის დამოუკიდებელი ორგანოს (ეროვნული ბანკი) დამოუკიდებელი სსიპი.  მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, აღნიშნული ინიციატივა წინგადადგმულ ნაბიჯად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. წარმოდგენილი ინიციატივის მიღების შემთხვევაში შემდეგი ნეგატიური შედეგები გვექნება:

1. მოხდება აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობის შეზღუდვა, რაც მისი ეფექტურად მუშაობის ხარისხის შემცირებას გამოიწვევს. კერძოდ,  ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემის შედეგად, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, დიდი ალბათობით, დაკარგავს იმ დამოუკიდებლობას, რაც დღეს დებულებით და რეალურად აქვს:  მართალია კანონის მიხედვით, სსიპი დამოუკიდებელია, მაგრამ არსებობს უამრავი სსიპი, რომელსაც საკუთარი დამოუკიდებლობა დებულებაში ხაზგასმული არ აქვს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებაში,  სხვა არაერთი სსიპისგან განსხვავებით, გარკვევით  წერია, რომ  ის დამოუკიდებელი ორგანოა და თავისი საქმიანობის განხორციელების დროს არ ექვემდებარება არცერთ სხვა ორგანოს და/ან თანამდებობის პირს და საქმიანობას წარმართავს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, დებულებაში მოცემული კანონების და თავისი დებულების შესაბამისად. შემოთავაზებული კანონპროექტი, მაგალითად, ვერ უზრუნველყოფს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსურ დამოუკიდებლობას, რადგან სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, მაშინ როცა იგი დღემდე დამოუკიდებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან ფინანსდება.  ასევე, სამსახური ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში იქნება და მის უფროსს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს არა ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით, როგორც დღეს ხდება, არამედ ფინანსთა მინისტრის წარდგინებით. ქვეყნის მთავრობის საკვანძო პირის მიერ სამსახურის უფროსის დანიშვნა ისეთი დამოუკიდებელი ორგანოს საბჭოსთან შეთანხმებით, როგორიც ეროვნული ბანკია, ქმნის სამსახურის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გარანტიას, რაც შემოთავაზებული ცვლილებებით ვერ იქნება გარანტირებული.

2. მოხდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სტატუსის დაქვეითება. სამსახურის უფროსის დანიშვნა  ფინანსთა მინისტრის წარდგინებით პრემიერ მინისტრის მიერ არა მხოლოდ დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე მიუთითებს, არამედ სტატუსის დაქვეითებაზეც. როგორც აღვნიშნეთ, მოქმედი რეგულაციით სამსახურის უფროსს პრემიერ მინისტრი დამოუკიდებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს. მიგვაჩნია, რომ ეს იმოქმედებს სამსახურის დამოუკიდებლობასა და ეფექტურ მუშაობაზე.

3. სამსახურის ახალი სტატუსი მისი საქმიანობის სერიოზული შემაფერხებელი გარემოება იქნება. აღნიშნული სამსახურის ეროვნულ ბანკთან შექმნის მთავარიმიზეზი ის იყო, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები საბანკო საიდუმლოებაზე დაშვებას გულისხმობს, რაც არ შეიძლება ჰქონდეს ფინანსთა სამინისტროს. კომერციული ბანკების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღება, სისტემატიზაცია და დამუშავება ეროვნულ ბანკის უფლებამოსილებას წარმოადგენს. გაუგებარია, თუ რატომ უნდა აკეთოს ეს ფინანსთა სამინისტროს სსიპ-მა.

4. მოხდება სამსახურის ინსტიტუციური მახსოვრობის უგულებელყოფა. აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლა სავარაუდოდ გამოიწვევს სამსახურის უფროსის გათავისუფლებას და ახალი პირის დანიშვნას. ამასთანავე, ეროვნულ ბანკს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წლების მანძილზე ჩამოუყალიბდათ კონკრეტული ურთიერთობა  არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, არამოთანამშრომლე ან საყურადღებო ზონების დადგენისთვის. ეს ურთიერთობა უამრავ დეტალს მოიცავს (ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არამოთანამშრომლე ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის Moneyval-ის 2012წ. შეფასება, გარკვეული პრობლემატური საკითხების მიუხედავად, უმეტესწილად დადებითი იყო და 2007წ. შეფასებასთან შედარებით არაერთი მიმართულებით აჩვენა პროგრესი.

5. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის შეზღუდვა არის  ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 29.7 რეკომენდაციის აშკარა უგულებელყოფა. ეს რეკომენდაცია ითხოვს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური იყოს 1.ოპერაციულად დამოუკიდებელი და ავტონომიური 2. ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი ფუნქციები თავისუფლად შეასრულოს და როდესაც სხვა სტრუქტურასთან არსებობს, ჰქონდეს ამ სტრუქტურისგან მკაფიოდ განსხვავებული ძირითადი ფუნქციები 3.სამსახურის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად რესურსების მიღებასა და გამოყენებაზე გავლენას არ ახდენდეს არცერთი პოლიტიკური ძალა, მთავრობა ან ბიზნესი, რამაც მისი საოპერაციო დამოუკიდებლობა შეიძლება შეზღუდოს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემა ნიშნავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მთელი სისტემის შეცვლას. გაუგებარია რით იყო გამოწვეული ასეთი სახის სიტემური ცვლილებების ინიცირება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან. კანონპროექტის განმარტებით ბარათში არა მხოლოდ კონკრეტული ინფორმაცია არ არის მოცემული იმაზე თუ რით ვერ გაამართლა ძველმა სისტემამ, ანუ რა არის შემოთავაზებული ცვლილების მიზეზები, არამედ ცვლილების მიზანიც კი არ არის ახსნილი. მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ამ საკითხზე საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ინიციატივა შესაძლოა განხილულ იქნას მნიშვნელოვან სსიპზე გავლენის მოხდენისა და მისი ხელმძღვანელობის შეცვლის მცდელობად.  

Author: მიხეილ კუკავა