ENG

იძულებით გადაადგილებულ პირთა კოტეჯების ენერგოეფექტურობა – რა სახის ინვესტიციებია საჭირო?

22 აპრილი, 2010

გასულ თვეს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა ბლოგი რომელიც მიმოიხილავდა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რადგან საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა კოტეჯების ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანი პრობლემაა და თავისით ვერ მოგვარდება, ჩვენ ამ ბლოგით კვლავ ვუბრუნდებით დევნილთა ოჯახების ენერგოეფექტურობის საკითხს და ძირითადად ვეყრდნობით "ენერგოეფექტურობის ცენტრი -საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევითი პროექტის “სუფთა ენერგია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის” წინასწარ შედეგებს, რომელიც წარმოდგენილი იქნა 2010 წლის 26 მარტს თბილისში გამართულ კონფერენციაზე. დევნილთა კოტეჯებში ენერგომოხმარების მაღალი მაჩვენებლის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, მათში დამონტაჟებული გასათბობი სისტემების უხარისხობაა. არსებობს რამდენიმე ადვილად განსახორციელებელი ღონისძიება (როგორიცაა ვარვარა ნათურების შეცვლა ელექტროდამზოგი ნათურებით და არაეფექტური ღუმელების შეცვლა ენერგოეფექტური ღუმელებით), რაც დევნილების ენერგიის ხარჯებს საგძნობლად შეამცირებს. სხვა ღონისძიებები (იატაკის, კედლების, და სხვენის თბოიზოლაცია) უფრო დიდი მოცულობის ინვესტიციებს მოითხოვს, თუმცა დევნილების ენერგიის მოხმარების შემცირება მათზე საგრძნობლადაა დამოკიდებულია. ბუნეებრივი აირი გათბობის ყველაზე იაფი წყაროა ელექტროენერგია გათბობის მეტად ძვირადღირებული საშუალებაა: 1 კვ.სთ ელექტროენერგიის ღირებულება 12 თეთრზე მეტია მაშინ, როდესაც 1 კვ.სთ ბუნებრივი აირის ექვივალენტის ღირებულება 5-6 თეთრს წარმოადგენს. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილთათვის აშენებული 13 დასახლებიდან, 6 დასახლების ენერგიის წყაროს შეშისა და ელექტროენერგიის კომბინაცია წარმოადგენს, ხოლო 7 დასახლება ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით სარგებლობს. ელექტროსუბსიდიების ახალი სქემის შემოღებამდე, დევნილები გათბობისთვის ხშირად ბუნებრივი აირსა და ელექტროენერგიას ერთად მოიხმარდნენ. სუბსიდიების სქემის შემოღების შემდეგ ასეთი პრაქტიკა შემცირდა, თუმცა ჯერაც არსებობს. არაეფექტური ღუმელების შეცვლა ენერგოეფექტური შეშის ღუმელებით თითოეულ დევნილ ოჯახს წელიწადში დაახლოებით 240 ლარს დააზოგინებს წინა ბლოგში ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ის დევნილი ოჯახები, რომლებიც შეშის ღუმელებით სარგებლობენ, ენერგოდაზოგვის მხრივ ყველაზე ხელსაყრელ მდგომარობაში არიან. ჩვენი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. იმ დასახლებებისთვისაც კი, რომლებიც შეშის ღუმელებითაა აღჭურვილი, ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების საფრთხე თანდათან იზრდება. "ენერგოექფექტურობის ცენტრი - საქართველოს” მიერ ჩატარებული ენერგო აუდიტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში დამონტაჟებული შეშის ღუმელები ძალიან დაბალი ხარისხისაა და დღესდღეობით ბევრი მათგანი ექსპლუატაციიდან არის გამოსული. ამის მიზეზი ის არის, რომ დევნილთა კოტეჯებში დამონტაჟებული ღუმელები ნახერხზეა გათვლილი, მაშინ როდესაც დევნილები გასათბობ მასალად უმეტესად შეშას იყენებენ. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ შეშის თვიური სუბსიდიები 1–2 კუბური მეტრის ოდენობით, ზამთარში ვერ უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს (თანაც, შეშა დევნილებს ზოგჯერ არარეგულარულად მიწოდებათ), რაც გულისხმობს, რომ მათ უწევთ ან შეშის დამატებითი რაოდენობით შესყიდვა, ან მისი მოგროვება ახლო–მახლო მდებარე ტყეებში. "ენერგოეფექტურობის ცენტრი _ საქართველოს” მიერ ჩატარებული წინასწარი განხორციელებადობის კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა კოტეჯების ახალი შეშის ღუმელებით აღჭურვა ეკონომიკურ შედეგს სულ რაღაც 15 თვეში მოგვცემს. თუკი საქართველოს ხელისუფლება 125 400 ლარს გამოყოფს 418 კოტეჯის შეშის ღუმელებით მომარაგებისათვის, შედეგად წლიურად 1 113 920 კვ.სთ ელექტროენერგია (ანუ 99 120 ლარი) დაიზოგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მწყობრიდან გამოსული ღუმელების ჩანაცვლებას ხარისხიანი შეშის ღუმელებით შეუძლია თითოეული დევნილი ოჯახის წლიური ენერგო გადასახადის 240 ლარით შემცირება. ახალი, ენერგოდამზოგი შეშის ღუმელის ფასი საშუალოდ 300 ლარია. ვარვარა ნათურების შეცვლა ელექტროდამზოგი ნათურებით თითოეულ დევნილ ოჯახს წელიწადში დაახლოებით 110 ლარს დააზოგინებს კიდევ ერთ ეფექტურ ღონისძიებას წარმოადგენს დევნილთა დასახლებებში ენერგოდამზოგი ნათურების დამონტაჟება (100 ვატიანი ვარვარა ნათურების ჩანაცვლება 20 ვატიანი ენერგოდამზოგი ნათურებით). "ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს” მონაცემებით, 242 500 ლარის ინვესტირება ამ ღონისძიებაში შესაძლებელს გახდის წლიურად 428 295 ლარის დაზოგვას. (ეს ანგარიში ეყრდნობა ვარაუდს, რომ თითო ოჯახი დღე-ღამეში 4 საათის განმავლობაში იყენებს 5 ნათურას). კოტეჯების თბოიზოლაცია ძვირადღირებულ ინვესტიციებს მოითხოვს, თუმცა დევნილებისათვის დიდი ენერგოდაზოგვის პოტენციალი აქვს რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ყველა ინვესტიციის განხორციელება ასე სწორხაზოვნად ვერ მოხდება. ენერგიის დიდი რაოდენობით დაზოგვა შესაძლებელი გახდება ისეთი ზომების მიღებით, როგორიცაა იატაკის თბოიზოლაცია (ლინოლიუმით ან მინერალური ბამბით, ნაპრალების ამოვსება), კედლების და სხვენის თბოიზოლაცია. მსგავსი ქმედებების განხორციელებას (ლინოლიუმის დაგების გამოკლებით) მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება სჭირდება, რაც ამონაგებს დაახლოებით 5-13 წლის განმავლობაში მოიტანს (გამონაკლისი შეიძლება იყოს ფრეზეთის დასახლება, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა კოტეჯების დასახლებებს შორის ყველაზე ცივი კლიმატია და სადაც ჭერის და სხვენის თბოიზოლაცია ეკონომიკურ შედეგს უკვე რამდენიმე წელიწადში გამოიღებს). იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ ინვესტიციებს განახორციელებს, დევნილები ენერგო დანაზოგს მაშინვე გააკეთებენ. სახელმწიფომ და დონორებმა ინვესტიციების განხორციელებაზე ფიქრი მალე უნდა დაიწყონ იძულებით გადაადგილებულ პირთა კოტეჯების მშენებლობის და დამონტაჟებული გამათბობლების (როგორც ბუნებრივი აირის, ისე შეშის ღუმელების) დაბალი ხარისხი მათთვის ზედმეტ დანახარჯებს იწვევს. დევნილებს კოტეჯები უსასყიდლოდ გადაეცათ მაშინ, როდესაც ეს ძალიან სჭირდებოდათ, მაგრამ იქ საცხოვრებლად საჭირო ენერგიის საფასურის გადახდა ძალიან ბევრ ოჯახს მძიმე ტვირთად აწვება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვარვარა ელექტრონათურების და უხარისხო ღუმელების შეცვლა საკმაოდ იაფი და განსახორციელებლად ადვილი ღონისძიებებია. სხვა ენერგოდამზოგი ღონისძიებები (იატაკის, ჭერის, კედლების და სხვენის თბოიზოლაცია) მოიცავს სამშენებლო სამუშაოებს და წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტიციას. თუმცა, ეს ინვესტიციები აუცილებელია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზღუნველსაყოფად. იატაკების, კედლების და სხვენის თბოიზოლაცია ფრთხილ დაგეგმვას მოითხოვს და იდეალურ შემთხვევაში, კოტეჯების სხვა ხარვეზების გამოსწორების პარალელურად უნდა წარიმართოს. თუკი დევნილთა დასახლებების ენერგოეფექტურობის პრობლემას ახლავე არ დაეთმო სათანადო ყურადღება, იგი 2010 წლის შემდეგ პერიოდში გადაინაცვლებს, როდესაც საერთაშორისო დონორების მიერ დევნილთა ხელშეწყობა 2008 – 2010 წლების დონესთან შედარებით საგრძნობლად შემცირდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა კოტეჯების ამჟამინდელი სიტუაციის უცვლელად დატოვება გამოიწვევს დევნილთა მიერ დიდი ენერგო გადასახადების გადახდის აუცილებლობას, რაც მათ სიღარიბიდან თავის დახსნის საშუალებას არ მისცემს. --------------------------------------------------------------------- "ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს” მიერ განხორციელებული პროექტი “სუფთა ენერგია იძულებით გადააგდილებული პირთათვის” დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების” პროგრამის ფარგლებში. "ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს” საბოლოო ანგარიში, რომლის გამოქვეყნებაც 2010 წლის აპრილის ბოლოს/მაისის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი, მოიცავს დევნილთა კოტეჯებისა და მრავალსართულიანი შენობების სიტუაციურ ანალიზს, ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის მდგომარეობის აღწერას, სხვადასხვა განახლებადი ენერგეტიკული წყაროების ადგილზე დანერგვის პოტენციალის განხილვას, ენერგეტიკული აუდიტების შედეგებს და ამ შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების გატარების რეკომენდაციებს, ხარჯებისა და სარგებლის ანალიზს სხვადასხვა სუფთა ენერგეტიკული ალტერნატივებისთვის და სხვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მადლობას უხდის “ენერგოეფექტურობის ცენტრ- საქართველოს” პრეზენტაციისა და სხვა მასალების მოწოდებისათვის

Author: მარიამ ხოტენაშვილი