იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოება
ახალი წლიდან მოყოლებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ბევრი განცხადება მოისმინა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და მედია ორგანიზაციების მხრიდან, იმის შესახებ, რომ ახალ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, იანვარში უსამართლოდ მოსთხოვეს ელექტროენერგიის და გაზის საკმაოდ დიდი საფასურის გადახდა და საკმაოდ ბევრ მათგანს, გადაუხდელობის გამო, შეუწყდა კიდეც ელექტრონერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება. ჩვენ გავესაუბრეთ რამოდენიმე დევნილ ოჯახს, რომელთაც საკმაოდ დიდი თანხის გადახდა დაეკისრათ - ზოგიერთმა მათგანმა შესძლო დავალიანების დაფარვა, ზოგმა კი ვერა. სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებმა სამმა ოჯახმა გვითხრა, რომ მათთვის მოულოდნელი იყო, როდესაც მათ ოქტომბრის თვიდან მოყოლებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა მოსთხოვეს. ამ ოჯახთა 3 თვის განმავლობაში აკუმულირებული ელექტროენერგიის გადასახადები (სახელმწიფო სუბსიდირების გარდა) 170 ლარიდან 500 და 850 ლარამდე მერყეობდა. ყურადსაღებია, რომ ახალ საცხოვრებელ კოტეჯში მცხოვრებ დევნილთა ოთხსულიანი ოჯახისთვის ყოველთვიური შემწეობის სახით 102 ლარია გამოყოფილი და მათ მიერ შემოსავლების მიღების სხვა საშუალებები მეტად მწირია. ახალ საცხოვრებელ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა საკითხებზე ჩვენ საერთაშორისო დახმარების მონიტორინგის პროექტრის ფარგლებში ვმუშაობდით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ხაზს უსვამს პოლიტიკური გადაწყვეტილებების უკეთესი კომუნიკაციის და ბენეფიციართა მიმართ მეტი ანგარიშვალდებულების საჭიროებას. ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებდა ის, თუ რა ხდებოდა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში. დროულად აცნობეს თუ არა იძულებით გადაადგილებულ პირებს, იმის შესახებ რომ მოუწევდათ გახარჯული ელექტრონერგიის და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა? რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა? გაზვიადებული ხომ არ არის ეს საკითხი? ჯერ - ჯერობით ჩვენ ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს ბლოგი დაგვეხმარება სიტუაციის გაანალიზებაში. მისი საშუალებით ჩვენ რეგულარულად მოგაწვდით ახალ ინფორმაციას ამ საკითხების შესახებ. ამასთან, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წინასწარი რეკომენდაცია. პირველი ის, რომ, დონორთა და მთავრობის მიერ დევნილთა ჩასახლებების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციების საკვანძო მიმართულება უნდა იყოს ენერგიის ეფექტრიანობის ხელშეწყობა. შედეგად უნდა მივიღოთ იძულებით გადაადგილებულ პირთა გადასახადების შემცირება და მათ ხელთ არსებული ისედაც მწირი რესურსების უფრო პროდუქტიულად მობილიზება. მეორე წინასწარი რეკომენდაცია იქნება მთავრობის მიერ გამოყოფილი ენერგოსუბსიდიების რესტრუქტურიზაცია, რათა მოხდეს ამ სუბსიდიების ისე განაწილება, რომ უკეთესად მოერგოს სხვადასხვა საცხოვრებელი დასახლებების საჭიროებებს. მოთხოვნა ბუნებრივ აირსა თუ ელექტროენერგიაზე განსხვავებულია სხვადასხვა დასახლებაში. და ბოლოს, ჩვენი აზრით საჭიროა იძულებით გადაადგილებულ პირებთან კომუნიკაციის უკეთესი სისტემის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ უკეთ გაეცნონ ახალ გადაწყვეტილებებს და მიიღონ ახსნა – განმარტება საკუთარი დახმარებების და შეღავათების პაკეტის შესახებ. რა ხდება სინამდვილეში? იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ ნაკადს დევნილობის პერიოდში ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაში არც ერთი თეთრი არ გადაუხდია (ცნობილია, რომ ომამდეც ხდებოდა მათთვის ცხინვალიდან მოწოდებული ენერგიის სუბსიდირება). ომის შემდეგ, ხდებოდა მათ მიერ დახარჯული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურის სრული ანაზღაურება სახელმწიფო ფონდების სახსრების და USAID – ის მიერ გამოყოფილი გრანტების მეშვეობით (შესაძლებელია სხვა დონორების მიერაც, რომლებიც საბიუჯეტო დახმარებას ახორციელებდნენ), მაგრამ გადახდის ასეთი სქემა არ იყო მუდმივი. ცნობები იმის შესახებ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს რაღაც ეტაპიდან მაინც მოუწევდათ დახარჯული ენერგიის საფასურის გადახდა, 2009 წლის გაზაფხულზე გავრცელდა, როდესაც ყველა კოტეჯში ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველები დაამონტაჟეს, თუმცა მრიცხველების დამონტაჟებიდან 6 თვის შემდგომ, 2009 წლის ოქტომბრამდე, იძულებით გადაადგილებულ პირებს არანაირი ქვითარი არ მოსვლიათ და ელექტროენერგიაც და ბუნებრივი აირიც შეფერხების გარეშე მიეწოდებოდათ. 1 ოქტომბრიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ წარმოადგინა ახალი პროგრამა, რომელიც შემუშავებული იქნა ენერგოსუბსიდირების იმ მოდელზე, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა 1990 – იან წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა პირველი ნაკადის შეღავათებით უზრუნველყოფა: ახალ საცხოვრებელ კოტეჯებში მცხოვრები ოჯახები ყოველთვიურად იღებენ 100 ლარის ოდენობის უფასო ბუნებრივ აირს და ოჯახის თითოეულ წევრზე გამოყოფილ 100 კილოვატ საათ უფასო ელექტროენერგიას, რომელიც ერთ პიროვნებაზე დაახლოებით 12,98 ლარის ექვივალენტია. შესაბამისად ოთხსულიანი ოჯახი იღებს 100 ლარის ოდენობის უფასო ბუნებრივ აირს და 51,92 ლარის ოდენობის უფასო ელექტროენერგიას. ამ რიცხვების და საქმის არსში უკეთ გასარკვევად, მე საკუთარ ენერგოდანახარჯებს გადავხედე. ჩვენ ორნი ვცხოვრობთ საშუალო ფართის ბინაში, ფართო მისაღები ოთახით, რომელიც თბება გაზგამათბობელი მოწყობილობით. ჩვენ ვცდილობთ დავზოგოთ ენერგიის მოხმარება. ზამთრის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური თვეში საშუალოდ 110 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება ჩვენს მიერ გახარჯულ ელექტროენერგიას, მისი დიდი ნაწილი ცხელი წყლის ავზზე მოდის და თვიური საშუალო დანახარჯი 90 ლარია. ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ საცხოვრებელი ბინა ბევრად უფრო ენერგოეკონომიურია, ვიდრე კერძო სახლი, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ხელთ არსებული მონაცემების გამოყენებით დავასკვნათ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კოტეჯებისთვის გამოყოფილი ენერგოსუბსიდიები სრულად ვერ დაფარავს იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ზამთარში მოხმარებული ენერგიის საფასურს. (ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ ჩვენ არ ვართ მთავრობის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა ენერგომოხმარების საფასურის 100% - იანი ანაზღაურების მომხრე. გარდა იმისა, რომ ეს სახელმწიფო რესურსების დაშრეტას გამოიწვევს, ამგვარი სქემა დააზარალებს ყაირათიანი ენერგომოხმარების ხელშეწყობისათვის გამიზნულ ეკონომიკურ ინიციატივებს.) ყოველ იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, მომხდარის საკუთარი ვერსია აქვს (რაც ადასტურებს ჩვენს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ახალი პოლიტიკის კომუნიკაციამ გამართულად ვერ იმუშავა). წეროვანის დასახლებაში მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა აგვიხსნა, რომ მის ოჯახს მოხმარებული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურის ქვითრები პირველად 2009 წლის დეკემბერში მოუვიდა. ამ დროისათვის მათ უკვე საგრძნობი რაოდენობის დავალიანება ჰქონდათ დაგროვილი, რადგან ოქტომბერსა და ნოემბერში ისინი თავისუფლად მოიხმარდნენ მოწოდებულ ენერგიას რომელიც მათ უფასო ეგონათ. ჭორები ენერგოსუბსიდირების პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების შესახებ წეროვნის დასახლებაში დეკემბრამდე გავრცელდა, მაგრამ ხსენებულ ქალბატონს ზუსტად არ ახსოვდა ვინ და როდის გააფრთხილა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. თავდაპირველად არავის უნდოდა გავრცელებული ჭორების დაჯერება და მას შემდეგ, რაც გადასახადების ქვითრები მიუვიდათ, უმრავლესობამ უარი განაცხადა გადახდაზე. გადაუხდელობის შედეგად დევნილებს შეუწყვიტეს ენერგიის მიწოდება რის შემდეგაც დევნილ ოჯახთა უმეტესობამ დავალიანების დაფარვა ამჯობინა; დღემდე მის დასახლებაში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე ოჯახია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. მის ორსულიან ოჯახს, ოქტომბერ - ნოემბერ - დეკემბრისათვის ჯამში 170 ლარის ოდენობით ელექტროენერგიისა და 45 ლარის ოდენობით ბუნებრივი აირის გადახდა მოუწია. წეროვანის დასახლება გაზგამათბობელი საშუალებებითაა აღჭურვილი, რის გამოც საერთო ენერგოდანახარჯები შედარებით მცირეა, ვიდრე ელექტროენერგიაზე მომუშავე გამათბობლებით აღჭურვილ კარალეთში და წმინდაწყალზე. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ხურვალეთის დასახლების კოტეჯში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც ჩვენ შევხვდით, იანვრის პირველ რიცხვებში, გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. (დასახლება გაზიფიცირებული არ არის და შესაბამისად, არ არსებობს სუბსიდიები ბუნებრივ აირზე). ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ რეგულარულად აწვდის უფასო შეშას და შესაბამისად ამით მაინც ხერხდება კოტეჯების გათბობა. ხსენებული ოჯახის ნათესავებს, რომლებიც გორთან ახლოს მდებარე კარალეთის დასახლებაში ცხოვრობენ, ასევე შეუწყდათ ელექტროენერგიის მიწოდება დიდი დავალიანების გამო. თითო ოჯახის დავალიანება დაახლოებით 500 ლარს შეადგენდა. იმის გამო რომ გათბობა კარალეთში ხდება ელექტროენერგიის საშუალებით, რაც ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ბუნებრივი აირით გათბობა, კარალეთელმა ოჯახმა ამჯობინა ზამთარში საცხოვრებლად ხურვალეთში, ნათესავებთან გადასვლა. ზოგმა შეიძლება ეს დევნილთა მეორედ გადაადგილებადაც კი მონათლოს. „რომ გვცოდნოდა, რომ გადახდა მოგვიწევდა, ყველა საძინებელ ოთახში გამათბობელს არ ვამუშავებდით” - გვითხრა ხურვალეთში მცხოვრებმა კიდევ ერთმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა, რომელსაც ასევე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის პრობლემა აქვს. კარალეთის გვერდით მდებარე წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები კიდევ ერთი ოჯახის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დავალიანება, სამთავრობო სუბსიდიების გამოკლებით, 850 ლარს აღწევს. წმინდაწყლის დასახლება ელექტროენერგიაზე მომუშავე გამათბობლებითაა აღჭურვილი. ჩვენი მონაცემებით, ენერგოკომპანიებმა სცადეს შეემუშავებინათ გეგმა დავალიანების მქონე აბონენტებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ დაგროვილი დავალიანების ეტაპობრივად, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში გადახდის ნება დართეს, თუმცა ამ შემოთავაზების დეტალები ჩვენთვის კვლავაც უცნობია. დევნილთა ენერგიით მომარაგების საკითხი მზარდ პოლიტიკურ ყურადღებას იქცევს. ხურვალეთში, კარალეთსა და წმინდაწყალში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საკუთარი პროტესტი იანვრის პირველ რიცხვებში აღმოსავლეთ – დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვით გამოხატეს, თუმცა ამ მოვლენამ მედიის მეტად მცირე ყურადღება მიიქცია. ზოგიერთმა დევნილის აზრით, ამ საკითხის ტელევიზიით გაუშუქებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს უკავშირდება. თუმცა, გასულ კვირას, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ გააშუქეს თელიანის დასახლებაში არსებული ელექტროენერგიასთან დაკავშირებული საკითხები. http://www.interpressnews.ge/en/index.php/permalink/15395.html&hd_line=1 ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ცდილობს კომპრომისული მოლაპარაკებების წარმოებას ენერგოკომპანიებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, მაგრამ ეს იოლი ამოცანა არ არის. „ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს კერძო კომპანიასა და თბილისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილთა შორის, რათა დევნილებს შესძლებოდათ დავალიანების ეტაპობრივად, სამი თვის მანძილზე დაფარვა, მაგრამ შემდეგ აღნიშნულმა დევნილებმა სატელევიზიო ახალ ამბებში ნახეს, რომ ე.წ. ახალი დევნილები აპროტესტებდნენ და უარს ამბობდნენ გადახდაზე. ამგვარად კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა არც ერთი თეთრი არ გადაიხადეს და კერძო კომპანიამ კვლავ შეუწყვიტა მათ ელექტროენერგიის მიწოდება”. (ახალი ჩასახლებებისაგან განსხვავებით, კოლექტიურ ცენტრებში, როგორც წესი, დამონტაჟებულია საერთო მრიცხველი, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებების წარმოებას). აღსანიშნავია, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის წინაშე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ახლახან გაკეთებული პრეზენტაციის დროს, არც ერთ დამსწრეს (მათ შორის ოპოზიციური პარტიის არც ერთ წევრს) ელექტროენერგიის გადასახადების შესახებ კითხვა არ დაუსვამს. არსებობს რამდენიმე დაუდასტურებული შემოთავაზება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან, რაც ითვალისწინებს ზაფხულის პერიოდში, გამოყოფილი ენერგოსუბსიდიების დაზოგვას ზამთრის პერიოდისათვის, მაგრამ ჩვენ არ ვფლობთ მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი. რადგანაც სახელმწოფოს მიერ ენერგიის სუბსიდირება 2009 წლის შემოდგომას დაიწყო, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს გეგმა მხოლოდ მომავალი ზამთრისთვის ამუშავდება. რამდენად სავალალოა მდგომარეობა? ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში ჩნდება, არის, თუ რამდენად მოხდა დევნილთა დროული გაფრთხილება/ინფორმირება, მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ. ჩვენ ვთხოვეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომ განემარტა, თუ როდის და როგორ მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა გაფრთხილება და პასუხად მივიღეთ, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ენერგოსუბსიდირების ახალი მოდელის შესახებ ინფორმაცია ოქტომბერში მიიღეს. ლტოლთვილთა და განსახლების სამინისტროსაგან ჯერ არ მიგვიღია პასუხი ჩვენს მომდევნო კითხვაზე, თუ რა გზებით მოახდინა სამინისტრომ დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ასევე არ ვიცით რამდენად გავრცელებულია პრობლემა – რამდენი ოჯახი დაზარალდა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო? არის თუ არა ენერგომომარაგების შეწყვეტის უფრო მაღალი მაჩვენებელი იმ დასახლებებში, რომლებიც ძირითადად ელექტროენერგიით თბებიან? ის ფაქტი, რომ ოჯახთა უმეტესობამ გადაიხადა მოხმარებული ენერგიის საფასური, გვაფიქრებინებს, რომ უმრავლესობამ გაითავისა დაკისრებული პასუხისმგებლობა და შეძლო საკუთარი დავალიანების დაფარვა. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საცხოვრებელ დასახლებას სხვადასხვა ენერგიის წყაროზეა დამოკიდებული. ზოგი მათგანი (მაგალითად წეროვანი) აღჭურვილია გაზგამათბობლებით, ზოგი (მაგალითად კარალეთი) ელექტროგამათბობლებით და სხვები შეშის ღუმლებით (მაგალითად სკრა და ხურვალეთი). ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის კოტეჯები, რომლებიც მხოლოდ ელექტროენერგიაზე მიბმული გამათბობლებით სარგებლობენ, გადასახადის მხრივ ყველაზე არახელსაყრელ სიტუაციაში იქნებიან, ხოლო ის დევნილები, რომლებიც უფასო შეშას ღებულობენ, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. შეუძლებელია დამთავრება, რამდენიმე რეკომენდაციის გარეშე შექმნილ სიტუაციას დღის სინათლეზე გამოაქვს ის კითხვები, რომლებიც კოტეჯების მშენებლობის ხარისხთან და დიზაინთან დაკავშირებით არსებობს. იატაკებს შორის არსებული ნაპრალები და შიდა კედლების სინესტე გვაფიქრებენებს, რომ კოტეჯები ნაკლებად ენერგოეკონომიურია. 2010 წლისათვის დონორების მიერ (ძირითადად ევროკომისია და UშAID) გამოყოფილია საკმაოდ დიდი მოცულობის თანხები დევნილთა კოტეჯებში არსებული დეფექტების გასასწორებლად და დასახლებებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ენერგოეკონომიის საკითხებისადმი ყურადღების გამახვილება შესაძლებელს გახდის იძულებით გადაადგილებულ პირთა დამოკიდებულების შემცირებას სახელმწიფო დახმარებაზე და ხელს შეუწყობს მათAშეზღუდული რესურსების სწორად გამოყენებას. მეორე წინასწარი რეკომენდაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის იქნება მის მიერ ახალ ჩასახლებებში ენერგოსუბსიდირების სქემის გადახედვა. არსებული სქემა შემუშავებული იქნა ენერგოსუბსიდირების იმ მოდელზე, რომლის მიხედვითაც ხდება კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილების შეღავათებით უზრუნველყოფა. აქ აღსანიშნავია, რომ საკუთარი სახლები ნაკლებ ენერგოეკონომიურები არიან, ვიდრე კოლექტიური ცენტრები. და ბოლოს, ნათელია რომ, დევნილთა ნაწილი (ის ნაწილიც კი, ვინც მოახერხა დაგროვილი დავალიანების გადახდა და მიეწოდება ენერგია) კვლავაც ვერ ერკვევა სამთავრობო სუბსიდირების პროგრამის დეტალებში. აუცილებელია უფრო მძლავრი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც უკეთ გააცნობს იძულებით გადაადგილებულ პირებს მათ შეღავათებსა და ვალდებულებებს. -------------------- შენიშვნა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის შესახებ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ხშირად ჩნდება დაბნეულობა დევნილთა სხვადასხვა კატეგორიის არსებობის გამო. პრაქტიკული შეხების მქონე ადამიანებმა იციან განსხვავება, მაგრამ ხშირად ვერ ახერხებენ ნათლად გამოკვეთონ, თუ რომელი ჯგუფის შესახებ საუბრობენ ან წერენ. ეს ბლოგი ეხება 2008 წელს იძულებით გადაადგილებულ და ამჟამად კოტეჯების დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს. “ახალ” იძულებით გადაადგილებულ პირთა მეორე სუბკატეგორიას წარმოადგენენ ის დევნილები, რომლებიც განახლებულ მრავალბინიან კორპუსებში ცხოვრობენ. “ახალ” დევნილთათვის აშენებულ კორპუსებსა და კოტეჯებს მოიხსენიებენ როგორც ახალ დასახლებებს. ახალ დასახლებებში მცხოვრები დევნილები ფლობენ აღნიშნულ საცხოვრებელ ადგილს. იძულებით გადაადგილებულ პირთა მეორე კატეგორიას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა “ძველი”, “პირველი ტალღა”, რომელთაც 1990 – იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ომების შედეგად მოუხდათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ჯგუფის 42% ცხოვრობს კოლექტიურ ცენტრებში (კოლექტიური ცენტრებში მცხოვრები დევნილები საკუთრებაში არ ფლობენ ამ საცხოვრებელ ადგილს. კოლექტიური ცენტრები ხშირად გადატვირთულია და მათში რთული საცხოვრებელი პირობებია). “ძველ” იძულებით გადაადგილებულ პირთა 58% ცხოვრობს ე.წ. “კერძო სექტორში”, ანუ ისინი ცხოვრობენ ნათესავებთან, ნაქირავებ ბინაში, ან ფლობენ საკუთარ საცხოვრებელ ბინას ან სახლს. ზოგადად მიჩნეულია, რომ კერძო სექტორში მცხოვრებთა ბინებიც მძიმე მდგომარეობაშია.