ელიტარული კორუფცია გურიაში
„ორი წლის წინ გაჩეხილ ბახმაროს ტყის ზოლში გაშენებული ფეშენებელური აგარაკების მეპატრონეები უარს აცხადებენ კერძო საკუთრებაზე და მას სახელმწიფოს სასარგებლოდ ტოვებენ.“ ეს ინფორმაცია პირველად გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ გაახმოვანა და კორუფციულ გარიგებაში ამხილა როგორც 15–მდე სამართალდამცავი პირი, ასევე გურიის რეგიონის ადმინისტრაციული ორგანოს მაღალჩინოსნები, 100–მდე საჯარო მოხელე და მათი ოჯახის წევრები. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ფეშენებელური აგარაკების მეპატრონეები ძირითადად გურიის რეგიონის მაღალჩინოსნები იყვნენ, მათ შორის გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი შოთა ჭანუყვაძე (მის მფლობელობაში მიწის 4 ნაკვეთი და ერთ ნაკვეთზე გასენებული ფეშენებელური აგარაკია), სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ლაშა ბაკურაძე (მის მფლობელობაში 2 ნაკვეთია), ლანჩხუთის პოლიციის უფროსი ტარიელ ცერცვაძე, სამხარეო პოლიციის პრესსამსახურის უფროსი მაია გიორგაძე, ჩოხატაურის პოლიციის უფროსი გულთმისან ვასაძე, კონტრდაზვერვის თანამშრომელი ელგუჯა ცინცაძე, გურიის საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელი ბესო ტაბიძე, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ეროდი გორდელაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიის სპეციალისტი ლუდა მეგრელიშვილი, ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჯახვა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დაბლაციხის მაჟორიტარი დეპუტატი ვანო ჯაყელი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი და მრავალი სხვა. „გურია ნიუსის“ ერთ–ერთი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული პირების მიერ ბახმაროს მიწის ნაკვეთების დაკანონება 2008 წლის აგვისტო–სექტემბერში მოხდა. ჩოხატაურის მაშინდელი პოლიციის ბახმაროს ქვეგანყოფიოლების უფროსი შოთა მჟავანაძე, რომელიც ბახმაროს ნაკრძალის გაჩეხვას ხელმძღვანელობდა, ასეთ განმარტებას აძლევდა დაინტერესებულ პირებს: „უფროსობის დავალებას ვასრულებო“. რადგან ეს ქმედებები სწორედ იმ პერიოდი ხორციელდებოდა, როდესაც რუსეთ–საქართველოს ომი მიმდინარეობდა, მოსახლეობა იმასაც კი ეჭვობდა, ალბათ სამხედრო დანიშნულების ჰაერსაწინააღდეგო ობიექტი შენდება რუსეთის სამხედრო ავიაციის მოსაგერიებლადო. სინამდვილეში, ჩოხატაურის საკადასტრო სამსახურის და საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის აქტიური ჩართულობით გაჩეხილი ტყე ნაკვეთებად დაიყო და პრეზიდენტის 525–ე ბრძანებულების თანახმად, რომელიც 2007 წლამდე მოქალაქეების ფაქტობრივ სარგებლობაში თუ მფლობელობაში მქონე მიწების მათ საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა, გადაეცათ კიდეც გარკვეულ პირებს კერძო მფლობელობაში. თუმცა, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს პირები ნამდვილად სარგებლობდნენ ბახმაროს მიწებით 2007 წლამდე, მათ საბუთების გაყალბება მოუხდათ. „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი ეჭვობს, რომ გაყალბების სქემა შემდეგნაირად მუშაობდა: ის პირები, რომლებსაც მიწის დაკანონება სურდათ, განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ მოცემულ ნაკვეთზე გასული საუკუნის 80-90–იან წლებში თავად მათ ან მათმა მშობლებმა საჭირო ნებართვის გარეშე ააშენეს სააგარაკე სახლები, რაც მოგვიანებით თოვლმა ან სხვა სტიქიურმა მოვლენამ დაუნგრიათ. მეტი დამაჯერებლობისთვის სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთებში ისინი ადასტურებდნენ ერთმანეთის წლობით მეზობლობას. ამავე გაზეთის კორესპონდენტი შორენა ღლონტი თავის სტატიაში დაინტერესდა, რატომ აღმოაჩინა უკანონოდ და გაყალბებით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე წამოჭიმული ფეშენებელური სახლები გარემოს დაცვის პოლიციამ მხოლოდ 2 წლის შემდეგ. ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ მოკვლევითი სამუშაოების შედეგად დააკავა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელს გელა დოლიძეს ქრთამის აღების და საკადასტრო აზომვითი ნახაზების გაყალბების ბრალდების საფუძველზე. ძებნაა გამოცხადებული ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე შოთა სირაძეზე. თანამდებობები დაატოვებინეს შალვა ბოლქვაძეს, შოთა ჭანუყვაძეს და მის მოადგილეებს, ასევე გურიის მთავარ პროკურორს. სავარაუდოდ, საქმე ამით არ დამთავრდება და გურიის კიდევ ბევრ მაღალჩინოსანს მოუწევს უკანონო ქმედებებზე პასუხის გაცემა.