ENG

ჯანსაღი ბიზნესგარემო საქართველოში მითი თუ რეალობა?

16 მარტი, 2010

სარესტორნო ბიზნესი, ბიზნესის სხვა სფეროებთან შედარებით, არამდგრადია. რესტორანი ერთ დღეს შეიძლება კლიენტებით იყოს გადაჭედილი, მეორე დღეს კი შესაძლოა იქ ცარიელი მაგიდები იდგეს და მომსახურე პერსონალი უსაქმოდ იყოს. რესტორნის მეპატრონემ ხელფასი იმის მიუხედავად უნდა მისცეს პერსონალს, დატვირთვით მუშაობს მისი დაწესებულება თუ არა. თუმცა ბიზნესის ამ სფეროს წარმომადგენლები მაინც იმედოვნებენ ფინანსური წლის განმავლობაში მოგების მიღებას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სახელმწიფოს მიერ დაკისრებული გადასახადები გადაიხადონ. „გადასახადების აკრეფა იმაზე დაყრდნობით, თუ რას გამოიმუშავებს ბიზნესი, ის „უცნაური“ მეთოდია, რომელსაც საგადასახადო სისტემა სხვა ქვეყნებშიც იყენებს“, იუმორით აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბრისას ერთ-ერთმა უცხოელმა ბიზნესმენმა. თუმცა საქართველოში შემოსავლების სამსახურის მიდგომა გადასახადების აკრეფისადმი სრულიად ინოვაციურია. მას არაფერი აქვს საერთო გადასახადის ოდენობის არსებული შემოსავლების მიხედვით გამოთვლასთან. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ზოგჯერ მთელ კვირას სხედან ამა თუ იმ კომპანიაში და თვალყურს ადევნებენ ფულის შემოდინებას. შედეგად, ისინი ერთი კვირის შემოსავლებზე დაყრდნობით ანგარიშობენ, რა მოგებას ნახულობს ეს კომპანია წლის განმავლობაში. ასეთმა ინსპექტირებამ სავალალო შედეგი მოუტანა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ახლოს მდებარე რესტორან „დიდ სახლს“ (რესტორნის სახელი შეცვლილია, რადგან მისმა მეპატრონემ ანონიმურად დარჩენა ამჯობინა). შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ამ ობიექტის შესამოწმებლად აგვისტოში შევიდნენ, როცა საკურორტო სეზონის გამო ამგვარი რესტორნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ ხოლმე. სწორედ ამ თვის შემოსავლების გათვალისწინებით აღმოჩნდა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოთვლილი წლიური შემოსავალი იმაზე გაცილებით მეტი, რასაც ეს რესტორანი სინამდვილეში იღებდა. შედეგად, საგადასახადო დავალიანებაც დიდი გამოვიდა 400000 ლარი, ჯარიმების ჩათვლით. რატომ დაემატა გადასახადებს ჯარიმა? შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აგვისტოს შემოსავლებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ რესტორანი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეალურ შემოსავალს მალავდა და გადასახადების გადახდას თავს არიდებდა. თუმცა მათ ალბათ მხედველობიდან გამორჩათ ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ რესტორნებს პრაქტიკულად არ უმუშავიათ. „დიდი სახლის“ შემთხვევის მსგავსი მაგალითები იშვიათი არ არის. სხვადასხვა ბიზნესობიექტები, პატარა დუქნით დაწყებული და „ელიტ ელექტრონიქსით“ დამთავრებული, მთელი საქართველოს მასშტაბით საგადასახადო წნეხს განიცდიან. 2008 წლის ომისა და საერთაშორისო ფინანსური კრიზისის გამო ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადებით შესულმა თანხამ იკლო. თბილისში საბურღი სამუშაოების განმახორციელებელი ერთ-ერთი კომპანიის მფლობელის, ჯეფრი კენტის, თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო სახელმწიფომ გადასახადების „უმოწყალოდ“ აკრეფა. უმნიშვნელო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი ჯარიმები იმდენად დიდია, რომ მათი გადახდა პატარა ბიზნესებს არ შეუძლიათ. საგადასახადო დეკლარაციების დაგვიანების გამო კომპანიებს საბანკო ანგარიშებს უყინავენ და ქონებას ართმევენ, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში უკიდურეს ზომადაა მიჩნეული. ძალიან ხშირად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები კომპანიებს საგადასახადო დავალიანებაზე მეტ თანხას ართმევენ და, შედეგად, მისი დაბრუნება უწევთ. რეალურად, ეს თანხა კომპანიებს არ უბრუნდებათ და შემდეგი წლის საგადასახადო ვალდებულებაში ეთვლებათ. ეს სახელმწიფოს მიერ ბიზნესებისგან უპროცენტო სესხის აღებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, როდესაც კომპანიებს თავად სჭირდებათ სესხი, მათ ძალიან მაღალ პროცენტს ახდევინებენ 0,006%-ს დღეში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ საქართველოს საგადასახადო სისტემის კვლევამ ცხადყო, რომ პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების გადაჭარბებული მონდომება გადასახადების აკრეფაში. სხვა ქვეყნებში იმის გასარკვევად, თუ ვინ არიდებს თავს გადასახადების გადახდას, რისკის ანალიზს იყენებენ. ის საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს სამიზნე ჯგუფი და საგადასახადო აუდიტი სწორედ ამ ჯგუფში შესულ კომპანიებს ჩაუტარდეს. უცნობია, რა კრიტერიუმები მოქმედებს საგადასახადო აუდიტის ჩასატარებლად საქართველოში. ერთ-ერთი ბიზნესკონსულტანტის დაკვირვებით, „საქართველოში კანონის საკუთარ თავზე მორგების საშუალებად საგადასახადო მექანიზმს იყენებენ“. ზოგჯერ კომპანიები კონკურენტის მოსაცილებლად მას ფინანსურ პოლიციას „ანადგურებინებენ“. პიროვნული წყენაც ხშირად ხდება საგადასახადო აუდიტის ჩატარების მიზეზი. ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს საბანკო ანგარიშებს უყინავენ და ქონებას ართმევენ. სანამ საქართველოში ასეთი ფაქტები იქნება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ბევრი დადებითი საკანონმდებლო ცვლილება და 2006 წელს მიღებული საგადასახადო კოდექსი მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ საუკეთესო საკანონმდებლო ნორმებად დარჩება. „დიდი სახლის“ მომავალი ჯერაც გაურკვეველია. ის ან უზარმაზარ გადასახადს გადაიხდის ან თავის სიმართლეს სასამართლოში დაამტკიცებს. თუ რესტორანმა ვერც ერთი ვერ შეძლო, ჩვენც დავზარალდებით, რადგან, ზაფხულში ბათუმის გზას რომ დავადგებით, თან საგზლის წაღება მოგვიწევს.

Author: -