ENG

პარტიული დავალებები საჯარო მოსამსახურეებს

05 ივლისი, 2012

სხვადასხვა სამინისტროს და საჯარო დაწესებულების (ფინანსთა სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. რუსთავის შემოსავლების სამსახური) რამდენიმე თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელი პირები მათ ავალებულებენ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენა. ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით ემუქრებიან. ბოლო დროს მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებითაც ხშირად ვრცელდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ საქმე შეიძლება გვქონდეს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების საგანგაშო ტენდენციასთან, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს საარჩევნო გარემოს.

ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ სამინისტროს შესაბამის სამსახურში ჩატარდა თათბირი სადაც იგი დაიბარა უშუალო უფროსმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი მხარდამჭერის სიის შედგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. აღნიშნული პიროვნების ცნობით, მსგავსი შემთხვევები მთელი სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების მასშტაბით ხდება, რასაც კიდევ ერთი წყარო გვიდასტურებს. სიის მიტანის შემდეგ საჯარო მოხელეებს ურეკავენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარტიის ოფისებში იბარებენ. ასევე, საჯარო მოხელეებს შეატყობინეს, რომ სიებში მოხვედრილ ადამიანებს დაურეკავენ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და გადაამოწმებენ ნამდვილად არიან თუ არა ისინი ამ პარტიის მხარდამჭერები.

მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები ერთდროულად რამდენიმე კანონს და მნიშვნელოვან პრინციპს არღვევს:

  • ფაქტების დადასტურების შემთხვევაში პარტიული დავალებების მიმცემი საჯარო მოხელეები არღვევენ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის”. შესაბამისად, დამრღვევ პირზე უნდა გატარდეს ამავე კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ამასთანავე, მოცემულ ფაქტებში, შესაძლებელია, იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის” 332-ე მუხლის თანახმად, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც გულისხმობს მოხელის მიერ საკუთარი საჯარო უფლებამოსილების გამორჩენისათვის (თავისთვის ან სხვისთვის) გამოყენებას. მოცემულ შემთხვევებში საჯარო მოსამსახურეები დაქვემდებარებულ პირებს სთხოვენ პარტიისთვის მხარდამჭერების და მათი პირადი მონაცემების მოპოვებას, რასაც ახორციელებენ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, დაქვემდებარებულ პირთა ნების საწინააღმდეგოდ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გადაჭარბებით.
  • გარდა ამისა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს თანამდებობის პირის მიერ საარჩევნო მიზნებისთვის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას.  მართალია, ეს ნორმა ეხება მხოლოდ არჩევნების დანიშნვის დღიდან განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს ფაქტობრივად დაწყებული აქვთ წინასაარჩევნო კამპანია და ცხადია, მსგავსი მაგალითები ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებად უნდა ჩაითვალოს.
  • ამასთანავე, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის შესაბამისად ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის მკაფიო გამიჯვნა.

ზემოთ ნახსენები შემთხვევების გარდა, საინფორმაციო საშუალებით მსგავსი ფაქტების შესახებ არაერთი მასალა მომზადდა. 2012 წლის აპრილი-ივნისის თვეში მოპოვებული ინფორმაცია შემდეგ ცნობებს მოიცავს:

  • 2012 წლის 3 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთის მასშტაბით მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს დაევალათ სპეციალური სიების შედგენა, სადაც უნდა აღირიცხოს სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომელთა წევრებიც ოპოზიციის მხარდაჭერაში არიან შემჩნეულნი. ასევე, რეგიონის მასშტაბით საჯარო სკოლის დირექტორებს და საბავშვო ბაღის გამგეებს დავალებული აქვთ სიაში მიუთითონ რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან მათი თანამშრომლების ოჯახის წევრები და ახლობლები. (წყარო)
  • 2012 წლის 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურიის რეგიონში სოფლის რწმუნებულები, საჯარო მოხელეები და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიულ პირებში (ააიპ) დასაქმებული პირები ადგენენ მმართველი პარტიის მომხრე-მოწინააღმდეგეების პერსონალური მონაცემების შემცველ სიებს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ოჯახის წევრთა პირადი მონაცემების და პოლიტიკური სიმპატიების შესახებ. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომელი, მაგრამ არ აკონკრეტებს რა მიზნით მოხდა მონაცემების შეგროვება. (წყარო)
  • 2012 წლის 7 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღის პედაგოგებმა აღსაზრდელების მშობლებს მოსთხოვეს ოჯახის წევრთა მონაცემები, კერძოდ, მათი რაოდენობა, სახელი, გვარი და ასაკი. ადგილობრივი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნინო ბარამიძის განმარტებით აღნიშნული ინფორმაცია დემოგრაფიული მონაცემებისთვის არის საჭირო, რომელზეც ისინი დიდი ხანია მუშაობენ და მუდმივად ადგენენ. თუმცა ლანჩხუთის და ოზურგეთის საბავშო ბაღის თანამშრომლების თქმით, ისინი მსგავს მონაცემებს არასდროს ადგენენ. (წყარო)
  • 2012 წლის 7 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ააიპ-ებში მიმდინარეობს დახურული შეხვედრები, სადაც დასაქმებულებს საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდამჭერი მინიმუმ 10 ადამიანის მიყვანას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან განთავისუფლებით ემუქრებიან. (წყარო)
  • 2012 წლის 10 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებს, სოფლების რწმუნებულებს, საჯარო სკოლის დირექტორებს, საბავშო ბაღის გამგეებს, სოფლებში მცხოვრებ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს და ადგილობრივ აქტივისტებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დახურულ ფორმატში ხვდება საკრებულოს თავჯდომარე ალეკო მამეშვილი, რომელიც მათ საარჩევნოდ მმართველი პარტიისთვის 10 მხარდამჭერის სანაცვლოდ პირდება დახმარებას და დაფინანსებას. (წყარო)
  • 2012 წლის 27 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურიის მაშტაბით საჯარო მოსამსახურეების მიერ მიმდინარეობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა სიების შედგენა. რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის მითითებით გურიის მხარის გუბერნატორი შესაბამის დავალებებს მუნიციპალიტეტის გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს აძლევს. (წყარო)
  • 2012 წლის 4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში ბინის ამხანაგობების თავჯდომარეები მათ საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის პირადი ნომრების, დაბადების თარიღის, პარტიულობის, სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. აღნიშნულ დავალებას ამხანაგობების თავჯდომარეებს ქუთაისის მერიის მართვის ტერიტორიულ ორგანოებში აძლევენ და აღწერასთან დაკავშირებული საკითხებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად გადიან. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შესაბამის დირექტივებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან” იღებენ. (წყარო)
  • 2012 წლის 24 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თანამშრომლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა სიების შედგენას ავალებს (ფარული აუდიო ჩანაწერის სრული ვერსია იხილეთ აქ). ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არაერთხელ მიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას, მაგრამ აქამდე რეაგირება არ მოჰყოლია. (წყარო)

მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის ქმედებები წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების საგანგაშო ტენდენციის მაუწყებელი შეიძლება იყოს, რითაც თანასწორი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, მივმართავთ:

  •  ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება;
  • მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, რამდენადაც, შეიძლება, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
  • საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას მსგავსი შემთხვევების გამეორება, მიიღოს სათანადო ზომები და უზრუნველყოს თანასწორი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, რათა არ დაირღვეს პოლიტიკური პარტიების, მთლიანად საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესები.
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
elections